მიკრობანკ „კრისტალის“ თელავის ფილიალი ახალ მისამართზე განაგრძობს მუშაობას
მიკრობანკ „კრისტალის“ თელავის ფილიალი ახალ მისამართზე განთავსდა. ფილიალის გახსნის ღონისძიებას „კრისტალის“ გენერალური დირექტორი, ილია რევია, კომერციული დირექტორი, მელანია კუჭუხიძე და სათავო ოფისის სხვადასხვა დეპარტამენტისა და განყოფილების წარმოამდგენლები ესწრებოდნენ.
ახალი ფილიალი თანამედროვე საბანკო სტანდარტების შესაბამისად არის მოწყობილი და მომხმარებლებს კომფორტულ, მოწესრიგებულ და ხელმისაწვდომ გარემოს სთავაზობს. ფილიალის ახალი მისამართი კრისტალს შესაძლებლობას აძლევს, უკეთ მოემსახუროს თელავსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს, ადგილობრივ მეწარმეებსა და ბიზნესებს და მათ საჭიროებებზე მორგებული ფინანსური სერვისები შესთავაზოს.
„რეგიონებში ბიზნესის მხარდაჭერა კრისტალის საქმიანობის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა. ციფრული არხების განვითარებასთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანია კომფორტული ფიზიკური სივრცეების არსებობა, რადგან ეს გვაძლევს შესაძლებლობას, უშუალო ურთიერთობა გვქონდეს მომხმარებლებთან, უკეთ გავიაზროთ მათი საჭიროებები და მხარი დავუჭიროთ ადგილობრივ მეწარმეებს და მოსახლეობას. გვინდა, რომ კრისტალის ფილიალები მომხმარებლებისთვის იყოს არა მხოლოდ ფინანსური მომსახურების მიღების ადგილი, არამედ სივრცე, სადაც მათ საჭიროებებს ვისმენთ და მათი საქმიანობის გრძელვადიან განვითარებას ვუწყობთ ხელს“, - აღნიშნა ილია რევიამ.
თელავის ფილიალის ახალ სივრცეში გადასვლა კრისტალის რეგიონული ქსელის განახლების და მომხმარებლებთან სიახლოვის შენარჩუნების კიდევ ერთი ნაბიჯია. მიკრობანკი განაგრძობს მუშაობას იმისთვის, რომ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებსა და მეწარმეებს ჰქონდეთ წვდომა მათ საჭიროებებზე მორგებულ ფინანსურ მომსახურებაზე და საკუთარი საქმიანობის განვითარებისთვის საჭირო მხარდაჭერა მიიღონ.
მისამართი: თელავი, ალაზნის ქ. 6ბ
სხვა სიახლეები
თიბისი კაპიტალი საქმიანობას თიბისი ბანკის სტრუქტურაში გააგრძელებს
21.10.2026.13:10
თიბისი კაპიტალი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის და თიბისი ბანკის შემადგენელი ნაწილი ხდება. ამჟამად ის ბანკის შვილობილი კომპანია და ცალკე იურიდიული პირია. გაერთიანების დასრულების შემდეგ თიბისი კაპიტალი საქმიანობას უშუალოდ ბანკის სტრუქტურაში თიბისი კაპიტალის ბრენდით გააგრძელებს.
თიბისი კაპიტალი 1999 წლიდან საქმიანობს და დღეს საქართველოს წამყვანი საინვესტიციო ბანკია. ის მომხმარებლებს საინვესტიციო და საბროკერო, კაპიტალის ბაზრების, კვლევით და შერწყმა-შეძენის (M&A) საკონსულტაციო მომსახურებას სთავაზობს. მისი საქმიანობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარებაა Euromoney-ს ჯილდო - 2026 წელს თიბისი კაპიტალი მეორედ დასახელდა საქართველოს საუკეთესო საინვესტიციო ბანკად.
თიბისი კაპიტალის არსებული მომხმარებლები მომსახურებით ჩვეულებრივ და შეუფერხებლად გააგრძელებენ სარგებლობას. გაერთიანების შემდეგ მომხმარებლებისთვის ინფორმაციისა და დოკუმენტების განახლება მხოლოდ თიბისი ბანკში იქნება საჭირო და ერთი და იმავე პროცესის ცალ-ცალკე გავლა აღარ მოუწევთ. თიბისი ბანკის მომხმარებლებისთვის კი, რომლებიც საინვესტიციო მომსახურებით ჯერ არ სარგებლობენ, ანგარიშის გახსნის პროცესი უფრო მარტივი და სწრაფი გახდება - გამოყენებული იქნება ბანკში უკვე არსებული ინფორმაცია.
გაერთიანება მომხმარებლებისთვის ახალ შესაძლებლობებს შექმნის - თიბისი ბანკისა და თიბისი კაპიტალის რესურსების გაერთიანება ახალი პროდუქტებისა და მათ საჭიროებებზე მორგებული შეთავაზებების განვითარებას შეუწყობს ხელს.
„თიბისი კაპიტალი დღეს საქართველოს წამყვანი საინვესტიციო ბანკია და გვინდა, მისი შესაძლებლობები კიდევ უფრო გავაფართოოთ. გაერთიანებით მომხმარებლებისთვის საინვესტიციო მომსახურებით სარგებლობა უფრო მარტივი გახდება და ახალი პროდუქტების შექმნის მეტი შესაძლებლობა გვექნება“, - გიორგი თხელიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი.
გაერთიანების შემდეგ უცვლელი რჩება თიბისი კაპიტალის ბრენდი, გუნდი და მომსახურების პირობები. ყველა მიმართულება საქმიანობას თიბისი კაპიტალის ბრენდის ქვეშ გააგრძელებს.
გაერთიანებაზე საქართველოს ეროვნული ბანკის თანხმობა უკვე მიღებულია. პროცესი დაახლოებით ორ თვეში დასრულდება.