მიკრობანკი კრისტალი აზიის განვითარების ბანკის ტექნიკური დახმარების პროგრამის ბენეფიციარი გახდა
მიკრობანკი კრისტალი აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ საქართველოში ფინანსური ინსტიტუტებისთვის გამოცხადებული კონკურენტული შერჩევის პროცესის შედეგად შეირჩა და 300 000 ლარის ოდენობის ტექნიკურ დახმარებას მიიღებს.
ტექნიკური დახმარება ხორციელდება ADB-ის პროგრამის – „მწვანე ბანკინგის ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისთვის“ ფარგლებში, რომლის მიზანია ფინანსური ინსტიტუტების შესაძლებლობების გაძლიერება, რათა მათ გაზარდონ მწვანე დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობა მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის (MSME). პროგრამა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქალი მეწარმეების მხარდაჭერასა და მათთვის მდგრად ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას.
მხარდაჭერა ხორციელდება ADB-ის რეგიონული ტექნიკური დახმარების პროგრამის – „მწვანე დაფინანსების განვითარების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისათვის“ – ფარგლებში, რომელიც შერჩეულ ფინანსურ ინსტიტუტებს ეხმარება მწვანე ბანკინგის პრაქტიკის გაძლიერებასა და მწვანე დაფინანსების გაფართოებაში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, მათ შორის ქალების საკუთრებაში არსებული და ქალების მიერ მართული საწარმოებისთვის.
კრისტალის შერჩევა კიდევ ერთხელ ადასტურებს ორგანიზაციის მრავალწლიან გამოცდილებას, განხორციელებულ ძალისხმევასა და მზაობას, მხარი დაუჭიროს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარებას მთელი საქართველოს მასშტაბით.
ტექნიკური დახმარება ხელს შეუწყობს მწვანე დაფინანსების პრაქტიკის ინტეგრირებას კრისტალის საქმიანობაში, მათ შორის შეფასების მეთოდოლოგიების, შესაბამისობის კრიტერიუმებისა და მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების დაფინანსების მიდგომების განვითარებას, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება ქალების მიერ მართულ ბიზნესებზე. პროექტი ასევე დაეხმარება კრისტალს შიდა ორგანიზაციული შესაძლებლობების გაძლიერებაში, რაც მოიცავს ცოდნის გაზიარებას, თანამშრომელთა ტრენინგებისა და ტექნიკური სამუშაო შეხვედრების მეშვეობით.
„აზიის განვითარების ბანკთან მრავალწლიანი და წარმატებული თანამშრომლობის გათვალისწინებით, აღნიშნული პროექტი ჩვენთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, გავაღრმაოთ პარტნიორობა და ერთობლივად შევუწყოთ ხელი საქართველოს საფინანსო სექტორისთვის ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს, როგორიცაა მწვანე დაფინანსების, გარემოსდაცვითი მდგრადობა და ქალი მეწარმეების მხარდაჭერა. ეს საკითხები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ბიზნეს სექტორების განვითარებისთვის, არამედ ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისთვისაც,“ – აღნიშნავს კრისტალის გენერალური დირექტორი, ილია რევია.
„მოხარული ვართ, რომ ჩვენი პარტნიორი მიკრობანკი კრისტალი პროგრამას შეუერთდა. ეს თანამშრომლობა ხელს შეუწყობს მწვანე დაფინანსების ინტეგრირებას კრისტალის ბიზნესმოდელსა და საკრედიტო საქმიანობაში, მათ შორის არსებული მდგომარეობის სიღრმისეული შეფასების, პრაქტიკული სამოქმედო გეგმის, მიზნობრივი შესაძლებლობების განვითარების პროგრამებისა და მწვანე ინვესტიციების შეფასების ინსტრუმენტების დანერგვის გზით. საპილოტე სასესხო პორტფელზე პრაქტიკული მუშაობა კრისტალს დაეხმარება კლიმატთან შესაბამისი ფინანსირების შეფასების, სტრუქტურირებისა და მასშტაბირების შესაძლებლობების გაძლიერებაში, რაც გააფართოებს ორგანიზაციის მწვანე ფინანსურ საქმიანობას და სექტორისთვის მნიშვნელოვან სტანდარტს შექმნის,“ – განაცხადა ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის კერძო სექტორის განვითარების რეგიონულმა ხელმძღვანელმა, ენრიკო პინალიმ.
კრისტალსა და ADB-ს შორის თანამშრომლობა მრავალ წელს ითვლის. 2023 წელს კრისტალმა გამოუშვა 25 მილიონი ლარის მოცულობის სერტიფიცირებული გენდერული ობლიგაციები, რომლის ძირითადი ინვესტორი ADB იყო. მოზიდული სახსრები ქალების საკუთრებაში არსებული და ქალების მიერ მართული მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერასა და ქალი მეწარმეებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაფართოებას მოხმარდა. აღნიშნული გარიგება სამხრეთ კავკასიაში გენდერული ობლიგაციების პირველი ემისია იყო და მდგრადი საფინანსო ბაზრის განვითარებაში მნიშვნელოვანი ეტაპი შექმნა.
მწვანე დაფინანსება გარემოსდაცვითი მდგრადობა და მეწარმე ქალების მხარდაჭერა კრისტალის სტრატეგიულ პრიორიტეტებსა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. ADB-ის ტექნიკური დახმარების პროგრამაში მონაწილეობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ორგანიზაციის ერთგულებასა და მნიშვნელოვან წვლილს ამ მიმართულებების განვითარებაში.
მიკრობანკი “კრისტალის” შესახებ:
მიკრობანკი “კრისტალი” საქართველოში მოქმედი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც დინამიურად იზრდება და ვითარდება. კომპანიამ 2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო. ლიცენზიის მიღებას კრისტალი 27-წლიანი გამოცდილებით და სანდო იმიჯით, 600 მილიონი ლარის სასესხო პორტფელით, 47 ფილიალში დასაქმებული 1 000-ზე მეტი თანამშრომლით და ქვეყნის მასშტაბით 100 000 -ზე მეტი უნიკალური მომხმარებებლით შეხვდა. კრისტალის პარტნიორები არიან საერთაშორისო და ადგილობრივი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები.
სხვა სიახლეები
„აღმაშენებელი" - ხელნაკეთი ასაშენებელი და გასაფერადებელი კონსტრუქცია, რომელიც თამაშითა და შემოქმედებით აცნობს მომხმარებელს ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას
15.06.2026.14:00
„აღმაშენებელი“ ქართული თემატიკის ასაშენებელი და გასაფერადებელი კონსტრუქციების ბრენდია, რომლის მიზანიც მომხმარებლისთვის თამაშისა და შემოქმედებითი პროცესის მეშვეობით ქართული კულტურული მემკვიდრეობის გაცნობაა. ბრენდის კონცეფციის, განვითარების გზისა და სამომავლო გეგმების შესახებ Business Insider Georgia „აღმაშენებლის“ დამფუძნებელს თამარ ნაჭყებიას ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა და როდიდან ოპერირებთ ბაზარზე?
„აღმაშენებლის" პროექტზე მუშაობა მე და ჩემმა ძმამ ერთად დავიწყეთ. იდეის ავტორი თავდაპირველად ოთო იყო, ხოლო მე შეიძლება ითქვას, რომ მის ჩანაფიქრს "ფრთები შევასხი" და იდეის რეალიზებაში აქტიურად ჩავერთე. ურთიერთმხარდაჭერითა და ერთობლივი შრომით პირველი პროდუქტი 2024 წელს შევქმენით და ბაზარზე გამოვიტანეთ.
ჩვენი საქმიანობა მოიცავს ქართული თემატიკის ასაშენებელი და გასაფერადებელი კონსტრუქციების შექმნას. ამ ეტაპზე მომხმარებლებს ვთავაზობთ ქართული კოშკების 5 განსხვავებულ მოდელს.

პროექტის მთავარი მიზანი მხოლოდ საქართველოს ისტორიული ძეგლებისა და არქიტექტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია არ არის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებსა და ახალგაზრდებში ადრეული ასაკიდანვე გავაღვივოთ ინტერესი საკუთარი ქვეყნის ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების მიმართ. „აღმაშენებელი" შემოქმედებითი პროცესის საშუალებით ხელს უწყობს პატრიოტული ღირებულებების ჩამოყალიბებას და ახალ თაობას სიმბოლურად ქვეყნის მომავალ აღმაშენებლებად ზრდის.
რა პროდუქტებს მოიცავს ამჟამად თქვენი ასორტიმენტი და როგორ ხედავთ მის განვითარებას/გაფართოებას?
ამჟამად, კომპანია აწარმოებს ქართული კოშკების 5 განსხვავებული მოდელს - ვაშლოვანი, სვანური, ერწო და ლებაისკარი. თითოეული მათგანი ხელნაკეთი ასაწყობი და გასაფერადებელი კონსტრუქციაა, რომელიც შემოქმედებითი პროცესის დასრულების შემდეგ დეკორატიულ სუვენირადაც შეიძლება გამოიყენებოდეს.
პარალელურად, აქტიურად ვმუშაობთ ახალი პროდუქტების შექმნაზე. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ ქართული სოფლის სახლების სერიის დამატებას, რაც მომხმარებლებს საქართველოს ტრადიციული არქიტექტურის კიდევ უფრო მრავალფეროვან ნიმუშებს გააცნობს. ჩვენი გრძელვადიანი მიზანია საქართველოს ყველა კუთხიდან მინიმუმ ერთი გამორჩეული ღირსშესანიშნაობის მოდელის შექმნა. გვინდა, მომხმარებლებს მივცეთ შესაძლებლობა, ეტაპობრივად შეაგროვონ ქვეყნის კულტურული და არქიტექტურული მემკვიდრეობის ამსახველი უნიკალური კოლექცია და ამავდროულად უკეთ გაეცნონ საქართველოს მრავალფეროვან ისტორიასა და ტრადიციებს.
რას მიიჩნევთ თქვენს მთავარ კონკურენტულ უპირატესობად ეკო-მეგობრული სათამაშოების ბაზარზე?
„აღმაშენებლის" მთავარი უპირატესობა მისი უნიკალური კონცეფციაა. ჩვენი პროდუქტი მხოლოდ ეკო მეგობრული სათამაშო არ არის - ის აერთიანებს შემოქმედებით, საგანმანათლებლო და კულტურულ ფუნქციებს.
კონსტრუქციის აწყობისა და გაფერადების პროცესი ხელს უწყობს ბავშვებში მოტორიკის, კონცენტრაციის, სივრცითი აზროვნებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებას. ამავდროულად, როგორც ბავშვები, ისე უფროსები უფრო ახლოს ეცნობიან საქართველოს ისტორიულ არქიტექტურასა და კულტურულ მემკვიდრეობას.
ვფიქრობთ, „აღმაშენებლის" განსაკუთრებული ღირებულება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ის თამაშს, შემოქმედებით პროცესსა და ისტორიის გაცნობას ერთ პროდუქტში აერთიანებს. შედეგად, მომხმარებელი არა მხოლოდ სასიამოვნოდ ატარებს დროს, არამედ ცოდნასაც იღებს და ეცნობა საკუთარი ქვეყნის კულტურასა და ისტორიას.
რას წარმოადგენს კომპანიის სამომავლო გეგმები - ახალი პროდუქტები, ბაზრის გაფართოება თუ სხვა მიმართულებები?
ჩვენი მთავარი მიზანია „აღმაშენებლის" ასორტიმენტის ეტაპობრივი გაფართოება და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ისტორიული, კულტურული და არქიტექტურული ღირსშესანიშნაობების მოდელების შექმნა.
ასევე, ჩვენი მიზანია, პროექტი საინტერესო იყოს არა მხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ უფროსებისა და ტურისტებისთვისაც. სწორედ ამიტომ ვქმნით პროდუქტებს, რომლებიც ერთდროულად იქნება შემეცნებითი, შემოქმედებითი და დეკორატიული.

ჩვენი ხედვაა, „აღმაშენებელი" ჩამოყალიბდეს ქართულ კულტურულ მემკვიდრეობაზე დაფუძნებულ ბრენდად, რომელიც საქართველოს ისტორიას, არქიტექტურასა და ტრადიციებს თამაშისა და შემოქმედებითი გამოცდილების საშუალებით გააცნობს როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ მომხმარებლებს.