მიმდინარე წელს მოთხოვნა როგორც სასტუმრო Bakuriani Inn-ის, ასევე ზოგადად ბაკურიანის კურორტის მიმართ, საკმაოდ მაღალია - ნინა გაჩეჩილაძე
სასტუმრო ბაკურიანი ინნ • Bakuriani Inn მიმდინარე ზამთრის ტურისტულ სეზონს აფასებს ძალიან წარმატებულად, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან Inn Hospitality-ს კომერციულმა დირექტორმა ნინა გაჩეჩილაძემ განაცხადა. მისი განმარტებით, წლის დასაწყისში, განსაკუთრებით ახალი წლის პერიოდში, კურორტზე დამსვენებელთა მაღალი აქტივობა მნიშვნელოვნად აისახა სასტუმროს დატვირთულობაზე.
„მოთხოვნა სეზონის დაწყებიდანვე იყო მაღალი, რასაც ხელს უწყობდა როგორც ხელსაყრელი ამინდის პირობები, ისე ბაკურიანის, როგორც კურორტის, მიმართ გაზრდილი ინტერესი. ამ ეტაპზე სასტუმროს დატვირთულობა სტაბილურად მაღალია და ხშირ შემთხვევაში მაქსიმალურ მაჩვენებელს აღწევს, რაც მიმდინარე სეზონის დადებით დინამიკაზე მიუთითებს“, - განმარტავს ნინა გაჩეჩილაძე.
Inn Hospitality-ს კომერციული დირექტორი აცხადებს, რომ მიმდინარე წელს მოთხოვნა როგორც სასტუმრო Bakuriani Inn-ის, ასევე ზოგადად ბაკურიანის კურორტის მიმართ, საკმაოდ მაღალია.
„სეზონი აქტიურად დაიწყო და ინტერესი მთელი პერიოდის განმავლობაში შენარჩუნებულია. არსებული მონაცემები გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ბაკურიანი მიმდინარე პერიოდში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად კურორტად ჩამოყალიბდა და აღნიშნული ტენდენცია სეზონის დარჩენილ ნაწილშიც გაგრძელდება“, - აცხადებს Inn Hospitality-ს კომერციული დირექტორი.
Bakuriani Inn-ის მაგალითზე ადგილობრივი სეგმენტის გარდა, მიმდინარე სეზონში განსაკუთრებით აქტიურობენ უცხოური ბაზრებიც.
„ტრადიციულად მნიშვნელოვანი რჩება მეზობელი ქვეყნების მხრიდან შემოსული მოთხოვნა. ჩვენი სტუმრების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ ვიზიტორები აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, გალფის ყურისა და ინდოეთიდან, ტრადიციულად აქტიური რჩება ისრაელი და ადგილობრივი ბაზარიც“, - აცხადებს ნინა გაჩეჩილაძე.
აღსანიშნავია ისიც, რომ Inn Hospitality-ში სეზონის დარჩენილ პერიოდს ოპტიმისტურად აფასებენ.
„არსებული ტენდენციებისა და წინასწარი ჯავშნების გათვალისწინებით, მოსალოდნელია დატვირთულობის შენარჩუნება სეზონის ბოლომდე. ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად კვლავ ამინდის პირობები რჩება: სტაბილური თოვლი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მოთხოვნის ზრდას, მაშინ როდესაც არასტაბილურმა ამინდმა შესაძლოა გარკვეული გავლენა იქონიოს ტურისტულ აქტივობაზე. საერთო ჯამში, ბაკურიანის მზარდი პოპულარობა, გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა და კურორტის მზადყოფნა ქმნის მყარ საფუძველს იმისთვის, რომ სეზონი წარმატებით გაგრძელდეს“, - განმარტავს ნინა გაჩეჩილაძე.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.