მიმდინარე წელს ვგეგმავთ მინიმუმ ორი, ხოლო შესაძლებელია სამი ახალი პროექტის დაწყებას - „მეტროპოლი“
დეველოპერული კომპანია მეტროპოლი • Metropol გენერალური დირექტორის მოადგილე მამუკა იმედაშვილი Business Insider Georgia-სთან საუბრისას განმარტავს, რომ ქვეყანაში უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურად იზრდება.
„მეტროპოლისთვის“ 2025 წელი საკმაოდ გამოწვევებით სავსე იყო, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ის გეგმა, რაც დასახული გვქონდა, მიღწეულია. ვფიქრობ, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში, ზოგადად ბაზარზე რომ ვისაუბროთ, ბაზარი სტანდარტულად 5–6%-ით იზრდება. იზრდება ასევე ფასებიც. მიმაჩნია, რომ 2026 წელიც არ იქნება გამონაკლისი და სტაბილურად გააგრძელებს ზრდის დინამიკას, როგორც გაყიდვების რაოდენობის, ასევე ფასების კუთხით. რაც შეეხება ამ კონკრეტული წლის დასაწყისს - პირველი თვე უძრავი ქონების ბაზარზე განსაკუთრებით კარგი სტარტით ხასიათდება, რაც გამოიხატა იმაში, რომ გაყიდვები საკმაოდ მაღალი ტენდენციით განვითარდა და ფასებიც უკვე სტაბილურად დგას“, - აცხადებს „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილე.
მამუკა იმედაშვილის თქმით, კომპანია 2026 წელს თბილისში მინიმუმ ორი ახალი პროექტის დაწყებასაც განიხილავს.
„მეტროპოლი“ არის პირველი დეველოპერული კომპანია ქართულ ბაზარზე, რომელიც მომხმარებლებს სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც გულისხმობს როგორც საინვესტიციო პროექტებს ბათუმში, ასევე საცხოვრებელ პროექტებს თბილისში და სუბურბანულ პროექტებს თბილისის შემოგარენში. მიმდინარე წელს ვგეგმავთ მინიმუმ ორი, ხოლო შესაძლებელია სამი ახალი პროექტის დაწყებას, რომლებიც ძირითადად თბილისში იქნება. სამომავლოდ კი აუცილებლად ვაპირებთ ჩვენი პორტფელის კიდევ ახალი პროექტებით შევსებას“, - განმარტავს „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილე.
სხვა სიახლეები
საერთაშორისო პარტნიორობა და ახალი საექსპორტო შესაძლებლობები - „სანდომი“ SIAL Paris 2026-ის შესახებ
29.10.2026.14:00
ქართული საკონდიტრო კომპანია „სანდომი“ საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციების გაძლიერებასა და საექსპორტო გეოგრაფიის გაფართოებაზე მუშაობს. კომპანია მონაწილეობდა პარიზში გამართულ საკვებისა და სასმელების ინდუსტრიის ერთ-ერთ უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენაში - SIAL Paris 2026, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან დაახლოებით 50 პოტენციურ პარტნიორთან დაამყარა კონტაქტი.
გამოფენის შედეგების, საექსპორტო ბაზრების გაფართოების შესაძლებლობებისა და სამომავლო გეგმების შესახებ Business Insider Georgia-ს „სანდომის“ საერთაშორისო გაყიდვებისა და ექსპორტის მენეჯერი, სალომე ჩხეიძე ესაუბრა.

როგორ შეაფასებდით SIAL Paris 2026-ს და რამდენად შედეგიანი იყო თქვენთვის ეს ღონისძიება?
SIAL Paris 2026 „სანდომისთვის“ მნიშვნელოვანი გამოცდილება და საერთაშორისო ბაზრებზე განვითარების თვალსაზრისით კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. გამოფენა გამოირჩეოდა საერთაშორისო მასშტაბით და კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ქართული პროდუქციის მიმართ ინტერესი სხვადასხვა ქვეყნის ბაზარზე არსებობს.
გამოფენის ფარგლებში დავამყარეთ კონტაქტი დაახლოებით 50 პოტენციურ პარტნიორთან სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საფრანგეთიდან, იტალიიდან, საბერძნეთიდან, უნგრეთიდან, სლოვაკეთიდან, რუმინეთიდან, ისრაელიდან, ერაყიდან, ლიბიიდან, მაროკოდან, პალესტინიდან და ა.შ.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ დაინტერესება მრავალფეროვანი იყო: პოტენციური პარტნიორების ნაწილი ჩვენი კონკრეტული პროდუქტებით ინტერესდება, ნაწილი საკუთარი ბრენდით პროდუქციის წარმოების შესაძლებლობას (Private Label) განიხილავს, ზოგი კი კონკრეტულ ბაზრებზე ექსკლუზიური დისტრიბუციით არის დაინტერესებული. ამჟამად აქტიურად ვაგრძელებთ მათთან კომუნიკაციას და ვაფასებთ თანამშრომლობის კომერციულ შესაძლებლობებს.

გამოფენის შედეგს მხოლოდ უშუალოდ მიღებული შეკვეთებით არ ვზომავთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ახალი ბაზრების შესწავლა, საერთაშორისო პარტნიორული ქსელის გაფართოება და „სანდომის“ ბრენდის ცნობადობის ზრდა. ამ თვალსაზრისით, SIAL Paris-მა მნიშვნელოვანი საფუძველი შექმნა სამომავლო თანამშრომლობისთვის.
ამჟამად რომელ ქვეყნებში ახორციელებთ ექსპორტს და რომელ ბაზრებზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები?
ამ ეტაპზე ჩვენი პროდუქცია ექსპორტზე გადის პალესტინასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამ თვის ბოლოს ვგეგმავთ იორდანიაში პირველი ტვირთის გაგზავნას, რაც ჩვენი საექსპორტო გეოგრაფიის გაფართოების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.
ამასთან, სომხეთისა და აზერბაიჯანის ბაზრები აქტიურ ინტერესს იჩენენ ჩვენი პროდუქციის მიმართ და ამ მიმართულებებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
ჩვენი სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციაა. გვინდა, ეტაპობრივად გავაფართოოთ ჩვენი გეოგრაფიული არეალი, განვავითაროთ პარტნიორული ურთიერთობები სხვადასხვა ქვეყანაში და ქართული პროდუქცია კიდევ უფრო მეტ საერთაშორისო მომხმარებელს გავაცნოთ.
რა გეგმები გაქვთ წლის დარჩენილი პერიოდისთვის და რა მიმართულებებით აპირებთ განვითარებას?
ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული მიზანია საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოება, შიდა ბაზარზე დამოკიდებულების შემცირება და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია. სწორედ ამიტომ, ექსპორტის მიმართულებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.
ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა სწორედ საერთაშორისო გამოფენებს აქვს. საერთაშორისო ბაზარზე ბრენდის ცნობადობის შექმნა და ნდობის მოპოვება ხანგრძლივი პროცესია, რომელშიც მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვან როლს ასრულებს. სწორედ ამიტომ, უკვე დაწყებული გვავს მზადების პროცესი კიდევ 2 ევროპული საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც მომავალი წლის პირველ ნახევარში გერმანიასა და ესპანეთში გაიმართება.
პარალელურად, აქტიურად ვმუშაობთ ახალი პროდუქტების განვითარებასა და დანერგვაზე, არსებული ასორტიმენტის დახვეწასა და ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე. ამ მიზნით პერმანენტულად ვიწვევთ უცხოელ ტექნოლოგებს, რათა გავიზიაროთ მათი გამოცდილება, დავნერგოთ ახალი მიდგომები და კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ჩვენი პროდუქციის ხარისხი და მახასიათებლები.

ჩვენი მიზანია, საერთაშორისო ბაზრებზე გავზარდოთ „სანდომის“ ცნობადობა, გავაფართოოთ საექსპორტო გეოგრაფია და მომხმარებლებს შევთავაზოთ მაღალი ხარისხის, მრავალფეროვანი და სხვადასხვა ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული პროდუქცია. გვჯერა, რომ ქართული წარმოების განვითარება და საერთაშორისო ბაზრებზე წარმატებული პოზიციონირება ქვეყნის ეკონომიკურ შესაძლებლობებსაც აძლიერებს.