მიმდინარეობს მზა საკვების მიტანის სერვისების ბაზრის მოკვლევა - ერთ-ერთი კომპანია არის მომჩივანი, რომელსაც უჭირს ბაზარზე შესვლა, გამომდინარე იქედან, რომ ორი ყველაზე დიდი კომპანია, როგორიც არის Glovo და Wolt ექსკლუზიური ხელშეკრულებებით დაკავშირებულია რიგ რესტორნებთან | ირაკლი ლექვინაძე
მიმდინარეობს მზა საკვების მიტანის სერვისების ბაზრის მოკვლევა - ერთ-ერთი კომპანია არის მომჩივანი, რომელსაც უჭირს ბაზარზე შესვლა, გამომდინარე იქედან, რომ ორი ყველაზე დიდი კომპანია, როგორიც არის Glovo და Wolt ექსკლუზიური ხელშეკრულებებით დაკავშირებულია რიგ რესტორნებთან, - ამის შესახებ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
„ასევე, ერთი მოკვლევა ეხება ახალ თემას, რომლის პროცესიც ახლა მიმდინარეობს. ეს მზა საკვების მიტანის სერვისებს ეხება.
ამ ბაზარზე ჩვენ გვყავს რამდენიმე კომპანია. ერთ-ერთი კომპანია არის მომჩივანი, რომელიც წუხს, რომ უჭირს ბაზარზე შესვლა, გამომდინარე იქიდან, რომ ორი ყველაზე დიდი კომპანია, როგორც არის, იგივე Glovo და Wolt, ექსკლუზიური ხელშეკრულებებით დაკავშირებულია რიგ რესტორნებთან და ეს ხელშეკრულებები რიგ შემთხვევებში ზღუდავს ახალი კომპანიების შემოსვლას ბაზარზე.
ჩვენ ახლა აღნიშნული საკითხის მოკვლევას ვაკეთებთ, ვაფასებთ ბაზარს, რეალურად არიან თუ არა დომინანტი აღნიშნული კომპანიები, და გამოვითხოვთ, ალბათ, ხელშეკრულებებს და შევაფასებთ ხელშეკრულების პირობებს - მართლაც არის თუ არა შეზღუდვა ამ ბაზარზე ახალი კომპანიებისთვის, რომლებსაც სურთ, შევიდნენ და საკუთარი საქმიანობა განახორციელონ“, - აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.
სხვა სიახლეები
„ჩვენთან“ ბავშვებისთვის სოფლის ტურიზმის სივრცეს აფართოებს - რა გეგმები აქვს კომპანიას
26.10.2026.14:00
„ჩვენთან“ ბავშვებისთვის სოფლის ტურიზმის მიმართულებით შემეცნებით და გასართობ გამოცდილებას ქმნის. ექვსი წლის წინ დაარსებული საოჯახო ბიზნესი სტუმრებს მეფუტკრეობის გაცნობას, აგროშემეცნებით აქტივობებსა და მასტერკლასებს სთავაზობს. კომპანია მომსახურების განვითარებასა და ინფრასტრუქტურის გაფართოებას გეგმავს, მათ შორის ახალი შენობის აშენებასა და კონტაქტური ზოოპარკის მოწყობას.
კომპანიის შექმნის ისტორიაზე, საქმიანობის სპეციფიკასა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia-ს თანადამფუძნებელი და პროექტის მენეჯერი, ქეთი დვალი ესაუბრა.

როგორ შეიქმნა თქვენი ბიზნესი და რა იყო იდეა, რომელსაც ექვსი წლის წინ საფუძველი ჩაუყარეთ?
მე და ჩემმა მეუღლემ ბიზნესი ექვსი წლის წინ დავაარსეთ, როდესაც ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრება დავასრულეთ და სოფელში გადმოვედით. უკვე მეექვსე წელია, რაც აგროტურიზმის მიმართულებით ვმუშაობთ და სტუმრებს სხვადასხვა აგროშემეცნებით მასტერკლასსა და აქტივობას ვთავაზობთ. ჩვენი საქმიანობის მთავარი მიმართულება მეფუტკრეობაა.
ფუტკარი მანამდეც გვყავდა, თუმცა თბილისიდან სოფელში პერიოდულად სიარულის პირობებში მათი სრულფასოვანი მოვლა და ამ საქმის განვითარება გვიჭირდა. მეფუტკრეობა უფრო ჰობის დონეზე გვქონდა. სოფელში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ კი გვინდოდა, შეგვექმნა ისეთი საქმიანობა, რომელიც ერთდროულად მოგვცემდა შემოსავალს და ჩვენი ინტერესებისა და გამოცდილების რეალიზების შესაძლებლობას.
პროფესიით მეღვინე ვარ და თავდაპირველად ამ მიმართულებით საქმიანობასაც განვიხილავდით, თუმცა ბაზარზე ღვინის წარმოებასთან დაკავშირებული არაერთი კომპანია უკვე ოპერირებდა. მეფუტკრეობა კი იმ პერიოდში ნაკლებად განვითარებული მიმართულება იყო, განსაკუთრებით ბავშვებისთვის განკუთვნილი შემეცნებითი მომსახურების კუთხით. ამასთან, ჩემს მეუღლეს ფუტკართან მუშაობის 17 წლიანი გამოცდილება და შესაბამისი კურსებიც გავლილი ჰქონდა. გადავწყვიტეთ, ჩვენი ცოდნა და გამოცდილება სწორედ ამ სფეროსთვის მოგვეხმარებინა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ საქმიანობას მხოლოდ შემოსავლის მიღების მიზანი არ ჰქონოდა და უფრო დიდი საქმისთვისაც გვეხელმძღვანელა. ორივეს გვჯერა, რომ ნებისმიერი საქმიანობა მატერიალური კეთილდღეობის გარდა, საზოგადოებისთვის ღირებულის შექმნასაც უნდა ემსახურებოდეს. ძალიან გვიყვარს ბავშვები - თავად ექვსი შვილი გვყავს და სწორედ ასე დავაკავშირეთ ერთმანეთთან ჩვენი გამოცდილება, მეფუტკრეობის ცოდნა და ბავშვების სიყვარული. შედეგად შეიქმნა სივრცე, სადაც ბავშვებს ფუტკრისა და სოფლის ცხოვრების შესახებ სწავლა, ბუნებასთან დაახლოება და დროის საინტერესოდ გატარება შეუძლიათ.
როდესაც ეს იდეა განვახორციელეთ, მსგავსი ტიპის მომსახურება პრაქტიკულად არ არსებობდა. ბავშვებისთვის განკუთვნილი შემეცნებითი სივრცეები და სოფლის გარემოში ორგანიზებული აქტივობები ძალიან შეზღუდული იყო. ჩვენ პირველი წლის განმავლობაში სხვადასხვა მომსახურება გამოვცადეთ: ვმასპინძლობდით დაბადების დღეებს, ჯვრისწერის ცერემონიებსა და სხვა ღონისძიებებს, სივრცეს კი თემატურად ვაფორმებდით. თუმცა მალევე მივხვდით, რომ სოფელში გაცილებით მეტი პოტენციალი არსებობდა და შეგვეძლო, უფრო გამორჩეული საქმიანობა განგვევითარებინა.
ჩვენი სამიზნე აუდიტორია ბავშვებია, თუმცა გადაწყვეტილების მიღებაში მშობლები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. გვინდა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავუღვივოთ სოფლის ცხოვრების, ბუნებისა და, განსაკუთრებით, მეფუტკრეობის მიმართ ინტერესი. მიგვაჩნია, რომ ამ დარგის პოპულარიზაცია ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია და ქართულ ფუტკარსა და თაფლს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს.

როგორ შეიცვალა მოთხოვნა ამ ტიპის მომსახურებაზე წლების განმავლობაში და რა როლი აქვს კონკურენციას თქვენი საქმიანობის განვითარებაში?
როდესაც ექვსი წლის წინ საქმიანობა დავიწყეთ, მსგავსი ტიპის მომსახურება თითქმის არ არსებობდა. შესაბამისად, პირველივე წელს მოთხოვნა საკმაოდ მაღალი იყო. ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა COVID-19-ის პანდემიამაც, რადგან ადამიანებმა ღია სივრცეებისა და ბუნებაში დროის გატარების მიმართ მეტი ინტერესი გამოიჩინეს.
თავიდანვე აქტიურად ვიყენებდით სოციალურ ქსელებს. შევქმენით Facebook-ისა და Instagram-ის გვერდები, მოგვიანებით კი TikTok-იც დავამატეთ. ყოველდღიურად ვუზიარებდით აუდიტორიას ჩვენი საქმიანობის პროცესს, სოფელში ცხოვრების გამოცდილებასა და იმ გზას, რომელიც ბიზნესის შექმნიდან გავიარეთ. გვინდოდა, გვეჩვენებინა, რომ შეზღუდული საწყისი კაპიტალის პირობებშიც შესაძლებელია იდეის განხორციელება, თუ მას შრომასა და მონდომებას მიუძღვნი.
სოციალურმა ქსელებმა მომხმარებლებთან უშუალო ურთიერთობის შესაძლებლობაც მოგვცა. ადამიანები ხშირად ისე მოდიან ჩვენთან, თითქოს უკვე პირადად გვიცნობენ, რადგან სოციალურ ქსელებში ჩვენს ყოველდღიურობას ადევნებენ თვალს. ადგილზე სტუმრებს გულწრფელად ვუზიარებთ როგორც წარმატების გამოცდილებას, ისე სირთულეებს, რომლებიც სოფელში ცხოვრებასა და ბიზნესის მართვას ახლავს თან. ვფიქრობ, ამ ღიაობამ მომხმარებლებთან თბილი და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა.
დღეს მსგავსი სივრცეები უკვე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გვხვდება, მათ შორის კახეთში, ქართლსა და სამეგრელოში. მეფუტკრეებმაც დაიწყეს სტუმრებისა და ბავშვთა ჯგუფების მიღება. მიმაჩნია, რომ ეს მთლიანად დარგისთვის დადებითი ცვლილებაა, რადგან ჩვენი მიზანიც თავიდანვე მეფუტკრეობის პოპულარიზაცია იყო. რაც უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდება ამ სფეროთი, მით უკეთესი იქნება საერთო საქმისთვის.
კონკურენციის ზრდა ჩვენთვის დამატებითი მოტივაციაა. ის გვაიძულებს, უფრო ყურადღებით შევაფასოთ ჩვენი მომსახურება, განვვითარდეთ და მომხმარებლებს ყოველწლიურად ახალი გამოცდილება შევთავაზოთ. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საქმიანობა მხოლოდ ერთჯერად ვიზიტზე არ იყოს გათვლილი. გვინდა, სტუმრები კვლავ დაბრუნდნენ და ყოველ ჯერზე გაუმჯობესებული მომსახურება, განახლებული ინფრასტრუქტურა და ახალი აქტივობები დახვდეთ.
რა სიახლეები დაამატეთ შეთავაზებებს და როგორ მოერგეთ მომხმარებელთა განსხვავებულ საჭიროებებს?
ჩვენი საქმიანობა მუდმივი განვითარების პროცესშია. თავიდან სხვადასხვა ტიპის მომსახურებას ვცდიდით, შემდეგ კი მომხმარებელთა ინტერესებისა და უკუკავშირის გათვალისწინებით ეტაპობრივად დავხვეწეთ შეთავაზებები. დღეს ჩვენი პროგრამები აერთიანებს როგორც შემეცნებით, ისე გასართობ აქტივობებს.
წელს ეზოში ახალი გასართობი სივრცე მოვაწყვეთ და ზიპლაინი დავამატეთ. ბავშვებს სტუმრობისას მისი გამოყენება შეუძლიათ, ხოლო პროგრამის ღირებულებაში ორი დაშვება შედის. ამ სიახლემ ჩვენი სივრცე კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახადა. ინფრასტრუქტურის მოწყობისა და განახლების სამუშაოების დიდ ნაწილს თავად ვასრულებთ, რაც ხარჯების დაზოგვის შესაძლებლობას გვაძლევს.

მომხმარებელთა საჭიროებებზე უკეთ მოსარგებად მომსახურების სხვადასხვა ფორმატიც შევიმუშავეთ. დღეს გვაქვს ორი ძირითადი შეთავაზება: ორსაათიანი შემეცნებითი ტური და ოთხსაათიანი პროგრამა, რომელიც შემეცნებასა და გართობას აერთიანებს. პირველი განსაკუთრებით მოსახერხებელია იმ სკოლებისთვის, რომლებსაც სასწავლო პროცესში მოკლე შემეცნებითი ვიზიტის ჩართვა სურთ, მეორე კი იმ სტუმრებისთვისაა განკუთვნილი, რომლებსაც უფრო ხანგრძლივი გამოცდილება აინტერესებთ.
ასევე გავითვალისწინეთ მომხმარებელთა განსხვავებული ბიუჯეტი და ორი საფასო კატეგორიის შეთავაზება დავიწყეთ. გვინდა, ჩვენს სივრცეში სტუმრობა სხვადასხვა შესაძლებლობის მქონე ოჯახებისა და სასკოლო ჯგუფებისთვის იყოს ხელმისაწვდომი. ამ მიდგომამ გაამართლა, რადგან მომხმარებლებს არჩევანის მეტი შესაძლებლობა მიეცათ.

შემეცნებითი პროგრამა რამდენიმე აქტივობას აერთიანებს. ბავშვები იღებენ ინფორმაციას ფუტკრისა და მეფუტკრეობის შესახებ, ათვალიერებენ სკებს, ეცნობიან მეფუტკრის აღჭურვილობას და სპეციალურ ფორმებსაც ირგებენ. მათ შეუძლიათ თაფლის დაწურვის პროცესის გაცნობა და ფუტკრის მიკროსკოპით დათვალიერებაც. პროგრამის ბოლოს ბავშვებს სერტიფიკატები გადაეცემათ და თაფლსაც ვჩუქნით.
გარდა ამისა, სტუმრებს ვთავაზობთ სხვადასხვა მასტერკლასს, მათ შორის ჩურჩხელების ამოვლებას. ეზოში მოწყობილია გასართობი ზონებიც, სადაც ბავშვებს შეუძლიათ ზიპლაინით სარგებლობა, მაგიდის ჩოგბურთის თამაში, ქვიშის სივრცეში გართობა, ფეხბურთისა და კალათბურთის თამაში.
ჩვენი მიზანია, სტუმრები არამხოლოდ სასიამოვნოდ გატარებული დროით, არამედ ახალი ცოდნითა და ბუნების მიმართ გაღვივებული ინტერესით წავიდნენ. გვინდა, ბავშვებმა უკეთ გაიცნონ სოფელი, ფუტკარი და სხვა ცოცხალი ორგანიზმები, ხოლო მშობლებმა დაინახონ, რამდენი საინტერესო გამოცდილების მიღებაა შესაძლებელი სოფლის გარემოში.
რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ და როგორ აპირებთ სივრცის განვითარებას?
ჩვენი მიზანია, საქმიანობა კიდევ უფრო გავაფართოოთ და სეზონურობაც ნაწილობრივ შევამციროთ. ხშირად გვთხოვენ ზამთრის პერიოდშიც მსგავსი აქტივობების ორგანიზებას, თუმცა არსებული სივრცე ამის შესაძლებლობას სრულად არ გვაძლევს. ამიტომ მომდევნო სეზონისთვის ცალკე შენობის აშენებას ვგეგმავთ, რაც საშუალებას მოგვცემს, სტუმრებს უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ვუმასპინძლოთ.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გეგმაა კონტაქტური ზოოპარკის მოწყობა. გვინდა, სივრცეში რამდენიმე სახეობის ცხოველი და ფრინველი გვყავდეს და მათთვის შესაბამისი გარემო შევქმნათ. განვიხილავთ, მაგალითად, სხვადასხვა ჯიშის ქათმისა და იხვების განთავსებას, ასევე პატარა ბოსტნის მოწყობას, სადაც ბავშვები ბოსტნეულსა და მცენარეებს უშუალოდ გაეცნობიან.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ბავშვებმა მხოლოდ მზა პროდუქტი კი არ ნახონ, არამედ თავად პროცესიც გაიაზრონ - როგორ იზრდება ბოსტნეული, როგორ გამოიყურება სხვადასხვა მცენარე, როგორ ცხოვრობენ ცხოველები და საიდან მოდის ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებული პროდუქტები. ვფიქრობთ, ასეთი გარემო სოფლის შესახებ ცოდნას კიდევ უფრო გაამრავალფეროვნებს და ბავშვებს ბუნებასთან უშუალო ურთიერთობის შესაძლებლობას მისცემს.
დიდი გეგმები გვაქვს, თუმცა გვესმის, რომ ყველაფრის ერთდროულად განხორციელება შეუძლებელია. მე და ჩემი მეუღლე ბიზნესს თავად ვმართავთ და პარალელურად ექვს შვილს ვზრდით, ამიტომ განვითარებას ეტაპობრივად ვცდილობთ. ჩვენი უპირატესობა ისიცაა, რომ ინფრასტრუქტურის მოწყობისა და სხვადასხვა სამუშაოს დიდ ნაწილს საკუთარი ძალებით ვასრულებთ. ეს ფინანსების დაზოგვაში გვეხმარება და საშუალებას გვაძლევს, რესურსები ბიზნესის განვითარებას მოვახმაროთ.
გვინდა, ყოველწლიურად შევქმნათ ახალი შეთავაზებები, გავაუმჯობესოთ ინფრასტრუქტურა და სტუმრებს დაბრუნების დამატებითი მიზეზი მივცეთ. ამასთან, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საკუთარი გამოცდილება სხვა ადამიანებსაც გავუზიაროთ და სოფელში ცხოვრების მსურველებს ვაჩვენოთ, რომ ამ გზაზე სირთულეებთან ერთად განვითარების რეალური შესაძლებლობებიც არსებობს.
გვჯერა, რომ თავდაუზოგავი შრომითა და თანმიმდევრული განვითარებით შესაძლებელია ისეთი საქმის შექმნა, რომელიც საზოგადოებისთვის ძალიან სასარგებლოა. სწორედ ამ პრინციპით ვაგრძელებთ მუშაობას და ვგეგმავთ ჩვენი სივრცის კიდევ უფრო განვითარებას.