მინი-დესერტები, ახალი გემოები და ინდივიდუალური ბოქსები - რას სთავაზობს Bite Bakery მომხმარებლებს
Bite Bakery არის მინი-დესერტებზე ორიენტირებული ქართული ბრენდი, რომელიც ბაზარზე რამდენიმე თვეა ოპერირებს. კომპანიის საქმიანობის, მომხმარებლების ინტერესისა და სამომავლო გეგმების შესახებ Business Insider Georgia-ს Bite Bakery-ის დამფუძნებელი, ანანო უდესიანი ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდიდან ოპერირებთ ბაზარზე და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
Bite Bakery 2026 წლის მარტიდან ოპერირებს თბილისში და ძირითადად მიტანის
პლატფორმებზე მუშაობს. თავიდანვე გვინდოდა, შეგვექმნა თანამედროვე ბრენდი,
რომელსაც საკუთარი ხასიათი ექნებოდა, ხოლო ემოცია, რომელსაც ის ტოვებს,
ისეთივე დასამახსოვრებელი იქნებოდა, როგორც თავად დესერტები.
Bite-ის მთავარი იდეა თავიდანვე მინი-დესერტების შექმნა იყო. სწორედ აქედან
გაჩნდა სახელიც Bite, რომელიც ინგლისურად ლუკმას ნიშნავს. ჩვენი ძირითადი
მიმართულებაა ორცხობილები, ბრაუნი და ფუნთუშები, რომლებსაც შეკვეთის
მიხედვით ვამზადებთ. ასე ვცდილობთ, რომ პროდუქტი მომხმარებლამდე
მაქსიმალურად ახლად გამომცხვარი მივიდეს.

Bite თავიდანვე მიტანაზე ორიენტირებულ ბიზნესად შევქმენით. მომხმარებლებს
პროდუქციას Wolt-ის, Glovo-სა და Bolt Food-ის საშუალებით ვაწვდით. ფიზიკური
სივრცის ნაცვლად აქცენტი გავაკეთეთ პროდუქტზე, ხარისხზე და იმ გამოცდილებაზე, რომელსაც მომხმარებელი სახლში შეკვეთისას იღებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტი იყოს მარტივი, გემრიელი და ყოველთვის ახალი.
როგორ არჩევთ ინგრედიენტებს და რა მნიშვნელობას ანიჭებთ პროდუქციის ხარისხსა და მომზადების პროცესს?
ინგრედიენტების არჩევას ყველაზე მეტი დრო დავუთმეთ, რადგან ჩვენთვის
მთავარი მხოლოდ ის კი არ არის, რომ ინგრედიენტი ხარისხიანი იყოს, არამედ ისიც,
თუ როგორ მუშაობს ის საბოლოო პროდუქტში. მაგალითად, ორცხობილაში კარაქის,
შოკოლადის ან ფქვილის შეცვლამაც კი შეიძლება მთლიანად შეცვალოს ტექსტურა და გემო. ამიტომ ინგრედიენტებს ხშირად ვტესტავთ, სანამ საბოლოო რეცეპტზე
შევჩერდებით. მომზადების პროცესშიც მაქსიმალურად ვაკონტროლებთ დეტალებს, ცომის მომზადებიდან და დაყოვნებიდან გამოცხობის დრომდე და ტემპერატურამდე. რადგან ონლაინ პლატფორმებზე ვმუშაობთ, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტი არა მხოლოდ ღუმელიდან გამოსვლისას, არამედ მომხმარებელთან მისვლის დროსაც ზუსტად ისეთი იყოს, როგორსაც მომხმარებელი ელის. საბოლოო ხარისხს ყველაზე მეტად ყოველდღიური დაკვირვება და პატარა დეტალების მუდმივი გაუმჯობესება განსაზღვრავს.

როგორია მომხმარებლების მხრიდან ინტერესის დინამიკა და რომელი პროდუქტებით ინტერესდებიან ისინი ყველაზე მეტად?
მომხმარებლის ინტერესს ყველაზე მეტად პროდუქტების კომბინაცია და ახალი
შეთავაზებები განსაზღვრავს. განსაკუთრებით პოპულარულია საკუთარი ბოქსის
აწყობა: ერთ შეკვეთაში რამდენიმე განსხვავებული გემოს გასინჯვაა შესაძლებელი.
მომხმარებლებს მოსწონთ პროდუქტები, რომლებიც ვიზუალურად მარტივია, მაგრამ
გემოთი განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს. ცოტა ხნის წინ მენიუს ახალი
პროდუქტი, ქინდერის შოკოლადიანი ორცხობილა დავამატეთ, რომელიც
განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ვინაიდან ჯერჯერობით მხოლოდ
ონლაინ ვართ, ვიზუალსა და შეფუთვას განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ.
ჩვენი მენიუ განზრახ მცირეა. ვამატებთ მხოლოდ იმას, რისიც ბოლომდე გვჯერა, და
არსებულ დესერტებს მუდმივად ვხვეწთ. Bite ჯერ ახალი ბრენდია, ამიტომ
მომხმარებლის რეაქცია და განმეორებითი შეკვეთები ჩვენთვის ძალიან
მნიშვნელოვანი მაჩვენებელია იმისა, თუ რომელი მიმართულებით უნდა
განვვითარდეთ.
რა გეგმები გაქვთ Bite Bakery-ის განვითარებასთან, ასორტიმენტის გაფართოებასთან ან ახალი ლოკაციების დამატებასთან დაკავშირებით?
პირველ ეტაპზე ჩვენი მთავარი მიზანია არსებული მოდელის გაძლიერება, მეტი
მომხმარებლის მოზიდვა და ასორტიმენტის თანდათანობითი გაფართოება. გვინდა,
დავამატოთ ახალი დესერტები და სეზონური პროდუქტები, თუმცა ისე, რომ მენიუ
ზედმეტად არ გადაიტვირთოს და თითოეულ პროდუქტს თავისი მიზანი ჰქონდეს.

ასევე გვინდა, უფრო აქტიურად განვავითაროთ B2B მიმართულება: ვითანამშრომლოთ კაფეებთან და კომპანიებთან, შევქმნათ Bite ქეითერინგი, რომელიც, ვფიქრობთ, საინტერესო იქნება სხვადასხვა ღონისძიებისთვის.
რაც შეეხება ფიზიკურ სივრცეს, მომავალში Bite-ისთვის საკუთარი ლოკაციის შექმნაც საინტერესო მიმართულებაა, თუმცა ჯერ დღევანდელი მოდელი სწორად უნდა გავზარდოთ. მანამდე კი ჩვენი მიზანი მარტივია: თითოეული ლუკმა ისეთივე სასიამოვნო უნდა იყოს, როგორც პირველი.
სხვა სიახლეები
„ამბარი“: შენი უბნის მოლი - ადგილი, სადაც არჩევანი არასდროს სრულდება
07.10.2026.12:13
ყველაფერი ერთ სივრცეში, სახლთან ახლოს - თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ამ კონცეფციით უბნის ახალი მოლი “ამბარი” გაიხსნა, რომელიც სხვადასხვა კატეგორიის მრავლფეროვან პროდუქციას ერთ სივრცეში უყრის თავს.
“ამბარის” მთავარი მიზანია, შექმნას მომხმარებელზე მორგებული სავაჭრო სივრცე, სადაც საჭირო ნივთებისა და პროდუქტების შეძენა მარტივად, სწრაფად და ხელსაყრელ ფასად იქნება შესაძლებელი.

„ამბარის“ კონცეფცია ე.წ. უბნის მოლის იდეას ეფუძნება - ყველაფერი, რაც მომხმარებელს შეიძლება დასჭირდეს, ერთ სივრცეში და სახლთან ახლოს ჰქონდეს. კომპანიის ხედვით, ეს მიდგომა მნიშვნელოვნად ამცირებს საყიდლებზე დახარჯულ დროს, ენერგიასა და ფინანსურ რესურსს, რაც მომხმარებელს უფრო კომფორტულ გამოცდილებას სთავაზობს.
ამ ეტაპზე „ამბარი“ საქართველოს მასშტაბით 52 სავაჭრო ობიექტით არის წარმოდგენილი, რომელთა დაახლოებით 20% რეგიონებში მდებარეობს. თუმცა გაფართოების პროცესი აქტიურად გრძელდება და კომპანიის მიზანია, ქსელი საქართველოს ყველა ქალაქსა და თბილისის ყველა უბანში იყოს წარმოდგენილი.
„ჩვენი მიზანია, მომხმარებელს დავანახოთ, რომ „ამბარი“ არის ადგილი, სადაც არჩევანი არასდროს სრულდება. აქ მოსული ადამიანი იპოვის თითქმის ყველაფერს, რაც მისი ყოველდღიური ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ ვავითარებთ უბნის მოლის კონცეფციას, რადგან გვინდა, რომ ადამიანებს აღარ დასჭირდეთ სხვადასხვა მაღაზიაში, ხშირად კი ერთმანეთისგან მოშორებულ ადგილებში, სიარული. ჩვენი პრინციპია “ყველაფერი ყველასთვის”, რაც ნიშნავს მაქსიმალურ კომფორტს, მრავალფეროვან არჩევანსა და საუკეთესო ფასებს სახლთან ახლოს, ერთ სივრცეში“, - აცხადებენ „ამბარში“.
კომპანიის ერთ-ერთ მთავარ კონკურენტულ უპირატესობას ფართო და მრავალფეროვანი ასორტიმენტი წარმოადგენს. „ამბარი“ ასობით დასახელების პროდუქციას აერთიანებს და მომხმარებელს ფართო არჩევანს სთავაზობს. კომპანიის განცხადებით, ასორტიმენტის მრავალფეროვნება შესაძლებელს ხდის, მომხმარებლებს რეგულარულად შესთავაზონ სპეციალური პირობები, განსაკუთრებული შეთავაზებები და აქციები სხვადასხვა კატეგორიის პროდუქტზე.
მომხმარებლის კომფორტზე ორიენტირებული სერვისების მიმართულებით, „ამბარში“ პროდუქციის შეძენა შესაძლებელია სხვადასხვა ონლაინ პლატფორმის საშუალებით.
დღეის მდგომარეობით, „ამბარში“ დაახლოებით 450 ადამიანია დასაქმებული სხვადასხვა პოზიციაზე. ქსელის გაფართოებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობის ზრდაც იგეგმება.

კომპანიაში აცხადებენ, რომ „ამბარის“ განვითარება მხოლოდ ობიექტების რაოდენობის ზრდას არ გულისხმობს - მთავარი მიზანია, თბილისის ყველა უბნისა და ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქის მომხმარებლისთვის საჭირო მრავალფეროვანი პროდუქციის შეძენა ერთ სივრცეში უფრო მარტივი, სწრაფი და ხელმისაწვდომი გახდეს.