Mio Gelato მომხმარებელს განახლებულ ასორტიმენტს სთავაზობს
Mio Gelato ნაყინის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს. Business Insider Georgia 2025 წელზე, მიმდინარე სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე კომპანიის დამფუძნებელს ნათია ფხაკაძეს ესაუბრა.
როგორ აფასებთ 2025 წელს?
2025 წელი MIO GELATO-სთვის საკმაოდ ნაყოფიერი და მომგებიანი აღმოჩნდა. სეზონის დასაწყისში დაგეგმილმა და გადადგმულმა თითოეულმა ნაბიჯმა სასურველი შედეგი გამოიღო. კერძოდ, ახალი, თანამედროვე დანადგარის შეძენამ საშუალება მოგვცა, საწარმოო სიმძლავრეები მნიშვნელოვნად გაგვეზარდა - იმავე დროში სამჯერ მეტ პროდუქციას ვაწარმოებთ. ამან, თავის მხრივ, საშუალება მოგვცა, გაგვეფართოვებინა ასორტიმენტი, შეგვეთავაზებინა მეტი არჩევანი გაზრდილი რაოდენობის მომხმარებლისთვის და გადავსულიყავით განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე.

როგორია კომპანიის მიმდინარე ასორტიმენტი?
2026 წელი MIO GELATO-მ ახალი გამოწვევებითა და შთაგონებით დაიწყო. თებერვალში ჩვენი გუნდი იტალიაში, ქალაქ რიმინიში იმყოფებოდა საერთაშორისო გამოფენაზე SIGEP WORLD 2026. ეს არის გლობალური მასშტაბის პლატფორმა, სადაც მსოფლიოს წამყვანი ბრენდები ბიზნესის განვითარების ახალ შესაძლებლობებს ცვლიან. გამოფენაზე მიღებული გამოცდილება და ახალი პარტნიორული კავშირები უკვე აისახა ჩვენს წარმოებაზე — ფერად ვიტრინებში უკვე იხილავთ განახლებულ ასორტიმენტს, რომელიც გამორჩეული გემოვნური თვისებებითა და უმაღლესი ხარისხით ხასიათდება.

რა გეგმები აქვს კომპანიას სამომავლოდ, განსაკუთრებით გაფართოების / ასორტიმენტის ზრდის მიმართულებით?
MIO GELATO-ს აქვს ამბიცია და ყველა რესურსი იმისთვის, რომ კიდევ უფრო მასშტაბურ და წარმატებულ ბრენდად ჩამოყალიბდეს. ჩვენი სტრატეგია ეფუძნება გაყიდვების ზრდას, ბრენდის ვიზუალურ განვითარებას, მომსახურების ხარისხის მუდმივ სრულყოფასა და ფინანსურ მდგრადობას. სამომავლოდ, ჩვენს ერთგულ სტუმრებს კიდევ უფრო მრავალფეროვან ასორტიმენტს, ბევრ სიახლესა და დაუვიწყარ გემოებს ვპირდებით.
ინფორმაციისთვის, ნაყინის მაღაზია ქალაქ ქუთაისში თამარ მეფის ქუჩაზე #7 -ში მდებარეობს.

სხვა სიახლეები
Click Wedding-ის 2026 წლის პირველი ნახევარი - ახალი ტენდენციები და მზარდი საერთაშორისო ინტერესი
26.08.2026.14:00
Click Wedding-ისთვის 2026 წლის პირველი ნახევარი აქტიური და დატვირთული აღმოჩნდა. ამ პერიოდში გაიზარდა მოთხოვნა პერსონალიზებულ ღონისძიებებსა და Destination Wedding-ებზე, მათ შორის უცხოელი წყვილების მხრიდან. Click Wedding-ის დამფუძნებელი სოფო ნაცვლიშვილი Business Insider Georgia-სთან წლის პირველი 6 თვის შედეგებსა და ძირითად ტენდენციებზე საუბრობს.
როგორ შეაფასებდით Click Wedding-ის 2026 წლის პირველ 6 თვეს - რამდენად დატვირთული იყო სეზონი და რა იყო ამ პერიოდის მთავარი შედეგები?
2026 წელი Click Wedding-ისთვის განსაკუთრებით აქტიური და დატვირთული აღმოჩნდა. ზოგადად, ბოლო წლებში საქორწილო ინდუსტრიის მიმართ მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა მიმდინარე სეზონი განსაკუთრებით ინტენსიური იყო როგორც ქორწილების რაოდენობის, ისე მათი მასშტაბისა და ორგანიზაციული სირთულის თვალსაზრისით.

Click Wedding უკვე 10 წელია ბაზარზეა და ამ პერიოდის განმავლობაში კარგად ვხედავთ, როგორ იცვლება მომხმარებლის მოთხოვნები. დღეს წყვილები გაცილებით მეტ ყურადღებას აქცევენ არა მხოლოდ ლამაზ დეკორსა და სივრცეს, არამედ მთლიან გამოცდილებას - კონცეფციას, სტუმრების ემოციებს, დეტალებს, მომსახურების ხარისხსა და ღონისძიების ინდივიდუალურ ხასიათს.
2026 წლის პირველი ნახევრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი ჩვენთვის სწორედ უფრო კომპლექსური, ინდივიდუალურად შექმნილი პროექტების განხორციელება და საერთაშორისო წყვილებთან მუშაობის ზრდა იყო.

როგორ შეიცვალა მოთხოვნა საქორწილო სერვისებზე 2026 წლის პირველ ნახევარში და რამდენად გაიზარდა უცხოელი წყვილების ინტერესი საქართველოში ქორწილის მიმართ?
საქართველო სულ უფრო საინტერესო მიმართულება ხდება Destination Wedding-ებისთვის. განსაკუთრებით იზრდება მოთხოვნა იმ წყვილების მხრიდან, რომელთაც სურთ ევროპული ხარისხის ღონისძიება განსხვავებულ გარემოში, კარგი გასტრონომიით, ღვინით, ბუნებითა და ქართული სტუმარმასპინძლობის ელემენტებით.

ჩვენს პრაქტიკაში სულ უფრო ხშირად გვხვდება საერთაშორისო ქორწილები, სადაც ერთ-ერთი ან ორივე მხარე უცხოელია და სტუმრებიც სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან. ასეთ შემთხვევაში ქორწილი უკვე მხოლოდ ერთდღიანი ღონისძიება აღარ არის - ხშირად ვგეგმავთ რამდენიმე დღიან პროგრამას: სტუმრების დახვედრას, Welcome Dinner-ს, მთავარ საქორწილო დღეს, ტრანსფერებს, ექსკურსიებსა და სხვადასხვა აქტივობას.

ამიტომ გაიზარდა მოთხოვნაც სრულ მომსახურებაზე - წყვილს სურს ჰყავდეს ერთი პროფესიონალური გუნდი, რომელიც საქართველოში მთლიან პროცესს გაუწევს კოორდინაციას.

რა მიმართულებით განვითარდა Click Wedding 2026 წლის პირველ ნახევარში - დაემატა თუ არა ახალი სერვისები, პარტნიორობები ან საინტერესო პროექტები?
2026 წელს განსაკუთრებით გამოიკვეთა პერსონალიზებული ქორწილების მიმართულება. წყვილებს ნაკლებად სურთ უკვე ნანახი, სტანდარტული გადაწყვეტების გამეორება - მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ქორწილს საკუთარი იდენტობა ჰქონდეს.

შესაბამისად, ჩვენი მუშაობაც უფრო მეტად გადავიდა სრულ კონცეფციაზე: ვიზუალური სტილის შექმნიდან და დეკორაციიდან დაწყებული, სტუმრის გამოცდილებით, ინდივიდუალური პოლიგრაფიით, მუსიკალური და გასართობი პროგრამით, სპეციალურად შექმნილი ინსტალაციებითა და სხვა დეტალებით დასრულებული.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორული ქსელი. 10-წლიანი გამოცდილების შედეგად Click Wedding თანამშრომლობს სხვადასხვა მიმართულების პროფესიონალებთან - ლოკაციებთან, დეკორატორებთან, ტექნიკურ გუნდებთან, მუსიკოსებთან, ფოტო-ვიდეო გუნდებთან და სხვა სერვისების მიმწოდებლებთან. ეს საშუალებას გვაძლევს, თითოეული პროექტისთვის კონკრეტულ კონცეფციასა და ბიუჯეტზე მორგებული გუნდი შევქმნათ.

რა არის Click Wedding-ის მთავარი ფოკუსი 2026 წლის დარჩენილ პერიოდში და როგორი მოლოდინი გაქვთ წლის საბოლოო შედეგებთან დაკავშირებით?
წლის მეორე ნახევარიც საკმაოდ დატვირთულია და ჩვენი მთავარი ფოკუსი კვლავ მაღალი ხარისხის, ინდივიდუალური და დეტალურად დაგეგმილი ღონისძიებების შექმნა იქნება.

განსაკუთრებულ პოტენციალს ვხედავთ Destination Wedding მიმართულებაში. ვფიქრობთ, საქართველოს აქვს შესაძლებლობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს საერთაშორისო საქორწილო ტურიზმის რუკაზე - ამისთვის ქვეყანას აქვს ძალიან ძლიერი კომბინაცია: მრავალფეროვანი ლოკაციები, კულტურა, გასტრონომია, სტუმარმასპინძლობა და შესაძლებლობა, შედარებით მცირე გეოგრაფიულ არეალში სრულიად განსხვავებული გამოცდილებები შევთავაზოთ სტუმრებს.

რაც შეეხება ინდუსტრიის განვითარებას, ჩვენი შეფასებით, მოთხოვნა უფრო მეტად წავა ხარისხის, პერსონალიზაციისა და გამოცდილების შექმნის მიმართულებით. თანამედროვე წყვილისთვის ქორწილი აღარ არის მხოლოდ ლამაზი ცერემონია და ვახშამი - ეს არის მათი ისტორიისა და სტილის გამოხატულება, და სწორედ ამ უნიკალური გამოცდილების შექმნაში ვხედავთ Click Wedding-ის მთავარ როლს. ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ ბედნიერების ბიზნესში ვართ. თითოეული ქორწილი ჩვენთვის ინდივიდუალური პროექტია, თუმცა ამავდროულად ძალიან ემოციურიც - რადგან ვაცნობიერებთ, რომ წყვილისთვის ეს მათი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა. ამიტომ ჩვენი მიზანი მხოლოდ ლამაზი და ტექნიკურად გამართული ღონისძიების ორგანიზება არ არის. გვინდა შევქმნათ დღე, რომელიც მათ ისტორიას, ხასიათსა და ემოციებს ასახავს და რომელიც წყვილსა და მათ სტუმრებს წლების შემდეგაც განსაკუთრებულ მოგონებად დარჩებათ. სწორედ ეს პასუხისმგებლობა და ემოციური კავშირი ხდის ჩვენს საქმეს გამორჩეულს.
