მოხარული ვარ, რომ ივლისის ბოლოს დავასრულეთ უზბეკეთში OLX-ის, შეძენა, რაც ჩვენი ციფრული ეკოსისტემის მასშტაბსა და მომხმარებელთა დაფარვის არეალს კიდევ უფრო გააფართოებს - ვახტანგ ბუცხრიკიძე
TBC Group-მა 2026 წლის მეორე კვარტლისა და პირველი ნახევრის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა.
,,მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ TBC Group-ისთვის კიდევ ერთი ძლიერი და სტაბილური კვარტალი იყო, რომელიც მაღალ მომგებიანობასა და მყარ ზრდას აერთიანებს. მეორე კვარტალში ჩვენმა მოგებამ 386 მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიურად 12%-ით გაზრდილი მაჩვენებელია, ხოლო ROE-მ 23.6% შეადგინა. შედეგად, 2026 წლის პირველი ნახევრის წმინდა მოგებამ 751 მლნ ლარს მიაღწია, რაც წლიურად 13%-იანი ზრდაა, ROE კი 23.5%-ს შეადგენს.
ჯგუფის საოპერაციო შემოსავლები მეორე კვარტალში წლიურად 10%-ით გაიზარდა, რასაც ხელი შეუწყო წმინდა საპროცენტო შემოსავლების 13%-იანმა ზრდამ, 12%-იანი საკრედიტო პორტფელის ზრდისა და სტაბილური, 7.1%-იანი წმინდა საპროცენტო მარჟის ფონზე. ამასთან, დადებითია საკომისიო და სხვა მოსაკრებლიდან მიღებული შემოსავლების დინამიკის გაუმჯობესებაც, რომლებმაც კვარტალურად 14%-ით მოიმატა.
ეს შედეგები მიღწეულია იმ ფონზე, როდესაც იმ ეკონომიკებში, სადაც ჯგუფი ოპერირებს, დინამიკური ზრდა გრძელდება. 2026 წლის მეორე კვარტალში რეალური მშპ-ის წლიურმა ზრდამ საქართველოში 7.1%, ხოლო უზბეკეთში 8.4% შეადგინა.
რაც შეეხება ჩვენს ბიზნესმიმართულებებს, საქართველოს ძირითადი ადგილობრივი ბაზარი კვლავ ჯგუფის შემოსავლების მნიშვნელოვანი და სტაბილური მამოძრავებელია. მეორე კვარტალში საქართველოს ბიზნესის წმინდა მოგება წლიურად 14%-ით გაიზარდა და ჯგუფის მთლიანი მოგების 95% შეადგინა, ROE-მ კი 24.3% მიაღწია.
საუკეთესო ციფრული საბანკო მომსახურების შეთავაზებაზე ჩვენი ფოკუსი სულ უფრო მეტ მომხმარებელს იზიდავს.
საცალო საბანკო მიმართულების ახალი ხელმძღვანელის, სანდრო რთველაძის, ხელმძღვანელობით, დარწმუნებული ვართ, რომ 2026 წლის მეორე ნახევარსა და მომდევნო წელსაც მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწევთ.
ჩვენ კვლავ ვაუმჯობესებთ ციფრული მომსახურების გამოცდილებას როგორც საცალო, ისე ბიზნესსაბანკო მიმართულებებში. საცალო დაკრედიტების მიმართულებით, მიმდინარე წელს უზრუნველყოფილი სესხების გაცემამდე საჭირო დროის 30%-ით შემცირების გზაზე ვართ. ამას ხელს უწყობს გირაოს შეფასებაში ხელოვნური ინტელექტის უფრო ფართოდ გამოყენება და ავტომატურად მიღებული საკრედიტო გადაწყვეტილებების წილის ზრდა.
ჩვენ ასევე ვაგრძელებთ პოზიციების გაძლიერებას არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო დაკრედიტების ბაზარზე, სადაც 2026 წლის პირველ ნახევარში წლიურად 36%-იანი ზრდა დავაფიქსირეთ. ამასთან, 2026 წლის პირველ ნახევარში გავაფართოვეთ ციფრული დაკრედიტების შეთავაზება და მობილურ აპლიკაციაში დავამატეთ ნაღდი ფულით უზრუნველყოფილი სესხები და ოვერდრაფტები, რაც მომხმარებლებს კრედიტზე უფრო სწრაფ და კომფორტულ წვდომას სთავაზობს.
ამავდროულად, მცირე და საშუალო ბიზნესის (SME) დაკრედიტების მიმართულებით, 2026 წელს სესხის გაცემამდე საჭირო დროის 25%-ით შემცირების გზაზე ვართ.
უზბეკეთში მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ ჩვენი ბიზნესის გადახალისების პროცესი წარმატებით გრძელდება. ჩვენმა საკრედიტო პორტფელმა სტაბილურობას მიაღწია და ზრდას უბრუნდება, რადგან ბიზნესსესხების, საკრედიტო ბარათების, BNPL-ისა და POS-დაფინანსების მიმართულებებით ზრდა უკვე აღემატება არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების შემცირებას.
ამასთან, ჩვენი ძირითადი ბიზნესმიმართულებების მასშტაბით ძლიერი დინამიკა ფიქსირდება.
ასევე მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ივლისის ბოლოს დავასრულეთ უზბეკეთში განცხადებებისა და განცხადებების განთავსების წამყვანი პლატფორმის, OLX-ის, შეძენა, რაც ჩვენი ციფრული ეკოსისტემის მასშტაბსა და მომხმარებლების დაფარვის არეალს კიდევ უფრო გააფართოებს.
ჯგუფის სტაბილურად მაღალი მომგებიანობა გვაძლევს შესაძლებლობას, გავაგრძელოთ კაპიტალის დაბრუნება აქციონერებისთვის და ამავდროულად შევინარჩუნოთ კაპიტალის ადეკვატურობის მყარი მაჩვენებლები.
შედეგად, სამეთვალყურეო საბჭომ 2026 წლის მეორე კვარტლისთვის ერთ აქციაზე 1.75 ლარის ოდენობის კვარტალური დივიდენდის გაცემა გამოაცხადა, რაც 2026 წლის პირველი ნახევრისთვის ჯამურად 3.50 ლარს შეადგენს.
დასასრულს, მსურს მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგებსა და აქციონერებს მუდმივი მხარდაჭერისთვის. წლის პირველი ნახევარი წარმატებული იყო და ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ წლის მეორე ნახევარშიც შევძლებთ ძლიერი შედეგების მიღწევას", - აცხადებს თიბისი ჯგუფის CEO.
სხვა სიახლეები
Enlili საწარმოო პროცესების ავტომატიზაციასა და რობოტიზაციის მიმართულებას ავითარებს - რა გეგმები აქვს ქართულ ტექნოლოგიურ კომპანიას
23.10.2026.10:00
ქართული კომპანია ENLILI, რომელიც ხილ-ბოსტნეულის გადამუშავებისა და გაშრობის დანადგარების წარმოებითა და სამრეწველო აღჭურვილობის მიწოდებით არის დაკავებული, საქმიანობას აფართოებს და საწარმოო პროცესების კომპლექსური ავტომატიზაციის მიმართულებას ავითარებს. კომპანიის საქმიანობა მოიცავს როგორც საკუთარი კონსტრუქციის დანადგარების შექმნას, ისე სხვადასხვა მწარმოებლის ტექნოლოგიური აღჭურვილობის შერჩევას, მიწოდებასა და საწარმოო პროცესებზე მორგებულ გადაწყვეტილებებს.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი, ბადრი ციქუბაძე Business Insider Georgia-სთან აცხადებს, ბოლო პერიოდში ENLILI-მა გააძლიერა იმპორტის, საერთაშორისო პარტნიორობისა და მსხვილ საწარმოებთან თანამშრომლობის მიმართულებები. კომპანიის სამომავლო გეგმებში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ავტომატიზაციასა და რობოტიზაციას.
„ბოლო პერიოდში იმპორტის მიმართულებით უფრო გავძლიერდით. ჩინეთში ბოლო ვიზიტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრები გვქონდა და ახალი პარტნიორული კავშირები დავამყარეთ. ჩვენი კომპანია აბრეშუმის გზის საპარტნიორო ფორუმის საპატიო წევრიც გახდა.

ამასთან, რამდენიმე მსხვილ ადგილობრივ მწარმოებელთან გავაფორმეთ ხელშეკრულებები. ისინი პირდაპირი მომწოდებლები არიან, ჩვენ კი მათი პროდუქციის საქართველოში რეალიზაციასა და ადგილობრივ ბაზარზე დამკვიდრებას ვუწყობთ ხელს. ამ მიმართულებით ჩვენი როლი მწარმოებლებსა და ქართულ ბაზარს შორის საიმედო პარტნიორული კავშირის ჩამოყალიბებაა“, - აცხადებს ბადრი ციქუბაძე.
მისივე თქმით, კომპანიის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება მსხვილ ბიზნესთან თანამშრომლობაა. თუ აქამდე ENLILI ძირითადად მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებებზე იყო ორიენტირებული, ახლა კომპანია უფრო კომპლექსურ პროექტებშიც მონაწილეობს.
„ჩვენი მიზანია, პარტნიორებს არა მხოლოდ ცალკეული დანადგარი მივაწოდოთ, არამედ დავეხმაროთ მათ საჭიროებების განსაზღვრაში, საწარმოო პროცესის დაგეგმვაში, შესაბამისი აღჭურვილობის შერჩევასა და ტექნოლოგიური ხაზის გამართვაში. პროექტის საჭიროებიდან გამომდინარე, თანამშრომლობა ასევე მოიცავს დანადგარების მიწოდებასა და ტექნიკურ მხარდაჭერას.
ასეთი მიდგომა მომხმარებელს საშუალებას აძლევს, სხვადასხვა ტექნოლოგიური კომპონენტი ერთიან საწარმოო პროცესად განიხილოს და გადაწყვეტილებები კონკრეტული ბიზნესის საჭიროებების მიხედვით მიიღოს“, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.
ბადრი ციქუბაძის თქმით, ამ მიმართულებით ENLILI-ს უკვე აქვს მსხვილ კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებები და რამდენიმე პროექტი რეალიზაციის პროცესშია. კონკრეტული პროექტების დეტალები ჯერჯერობით არ საჯაროვდება.
ENLILI-ს განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება საწარმოო პროცესების ავტომატიზაცია და რობოტიზაციაა. კომპანია ჩინელ პარტნიორებთან თანამშრომლობით განიხილავს და ავითარებს კონკრეტული საწარმოების საჭიროებებზე მორგებული რობოტული მექანიზმების შექმნის შესაძლებლობებს.
„ჩვენთვის რობოტიზაცია მხოლოდ მზა მოწყობილობის შეძენას არ ნიშნავს. მნიშვნელოვანია, ტექნოლოგია კონკრეტულ საწარმოო ამოცანას პასუხობდეს. სხვადასხვა საწარმოს განსხვავებული საჭიროებები აქვს, ამიტომ ზოგ შემთხვევაში საჭიროა ინდივიდუალური მექანიზმის შექმნა, რომელიც არსებულ საწარმოო პროცესში ინტეგრირდება.
რობოტული სისტემების გამოყენება კომპანიებს პროცესების დაჩქარებაში, ოპერაციების სტაბილურობის გაუმჯობესებასა და ადამიანური შეცდომების რისკის შემცირებაში ეხმარება. შედეგად, შესაძლებელია პროდუქციის ხარისხის უფრო თანმიმდევრული კონტროლი და საწარმოო რესურსების ეფექტიანი გამოყენება“, - ამბობს ბადრი ციქუბაძე.
მისი შეფასებით, ავტომატიზაციისა და რობოტიზაციის განვითარება ქართულ საწარმოებს კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებაში დაეხმარება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს იმ კომპანიებისთვის, რომლებიც წარმოების მასშტაბის გაზრდას, ხარისხის სტაბილურობის შენარჩუნებასა და საერთაშორისო ბაზრებზე გასვლას გეგმავენ.
კომპანიამ გააფართოვა სასაწყობე მიმართულებაც. ამ ეტაპზე ENLILI-ს აქვს შესაძლებლობა, ადგილზე შეინახოს გარკვეული ტიპის ელექტროტექნიკური კომპონენტები, მათ შორის გარდამქმნელები, დამცველები და ინვერტორები.
„საწარმოო აღჭურვილობისთვის საჭირო კომპონენტების დროული მიწოდება ხშირად კრიტიკულია. როდესაც კონკრეტული ნაწილის ჩამოსვლას რამდენიმე კვირა სჭირდება, საწარმოს მუშაობა შეიძლება შეფერხდეს და კომპანიამ ფინანსური ზარალი მიიღოს.
ადგილზე მარაგის არსებობა საშუალებას გვაძლევს, მომხმარებლებს საჭირო კომპონენტები უფრო სწრაფად მივაწოდოთ, ზოგ შემთხვევაში კი იმავე დღეს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ საწარმოებისთვის, რომელთა საქმიანობაც ტექნიკის უწყვეტ მუშაობაზეა დამოკიდებული“, - აღნიშნავს ბადრი ციქუბაძე.
მისივე თქმით, კომპანიის გრძელვადიან გეგმებში უფრო სრულფასოვანი სასაწყობე ინფრასტრუქტურის განვითარებაც შედის. ამ ეტაპზე ENLILI სასაწყობე ფართებს ქირაობს, ხოლო საკუთარი ძირითადი საწყობის მოწყობა დამატებით ფინანსურ რესურსებს მოითხოვს.
ENLILI საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოებასაც გეგმავს. კომპანიისთვის მნიშვნელოვანი მიმართულებაა აზიის მწარმოებლებთან პარტნიორობა, ტექნოლოგიური შესაძლებლობების ადგილზე შეფასება და ახალი საექსპორტო ბაზრების შესწავლა.
„საერთაშორისო თანამშრომლობისას ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კომერციული პირობები, არამედ მწარმოებლის რეალური შესაძლებლობების შეფასებაც. გამოფენებსა და ბიზნესშეხვედრებზე მიღებული ინფორმაცია ყოველთვის საკმარისი არ არის. ხშირად საჭიროა საწარმოს მონახულება, წარმოების პროცესის გაცნობა და პროდუქციის ხარისხის შეფასება.
ასეთი მიდგომა გვეხმარება, სწორად შევარჩიოთ პარტნიორები და ჩვენს მომხმარებლებს ხარისხიანი აღჭურვილობა შევთავაზოთ. საბოლოოდ, პასუხისმგებლობა მომხმარებლის წინაშე ჩვენც გვაკისრია“, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.
ბადრი ციქუბაძის თქმით, ENLILI-ს სხვადასხვა საერთაშორისო ბაზრიდან უკვე მიუღია მოთხოვნები ტექნიკის მიწოდებასა და შესაძლო თანამშრომლობაზე. მათ შორის არის აფრიკის ქვეყნები, აშშ და ევროპის ბაზრები. კომპანიისთვის საინტერესო პერსპექტივაა როგორც პირდაპირი მიწოდება, ისე საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით ახალი ბაზრების ათვისება და რეექსპორტის შესაძლებლობების განხილვა.
„ჩვენი მიზანია, ეტაპობრივად გავაფართოოთ პარტნიორული ქსელი და გავზარდოთ კომპანიის შესაძლებლობები როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ამ პროცესში გადამწყვეტი იქნება სანდო პარტნიორების შერჩევა, ტექნოლოგიური კომპეტენციის განვითარება და მომხმარებლებისთვის პრაქტიკული, მათ საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტილებების შეთავაზება“, - აღნიშნავს ბადრი ციქუბაძე.
ENLILI საქართველოში 2019 წლიდან საქმიანობს. კომპანია ავითარებს საკუთარი კონსტრუქციის საწარმოო დანადგარებს, მათ შორის ხილისა და ბოსტნეულის გაშრობის ტექნოლოგიებს, და მომხმარებლებს სთავაზობს სხვადასხვა ტიპის სამრეწველო და გადამამუშავებელ აღჭურვილობას.
კომპანიის საქმიანობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://www.enlili.ge/ka და Facebook-ზე: