მოლებისთვის მთავარი შესაძლებლობა ლუქს სეგმენტის განვითარებაა, რადგან ქართველების საზღვარგარეთ დანახარჯების დიდი ნაწილი სწორედ ლუქს ბრენდის ტანსაცმელსა და აქსესუარებზე მოდის - Galt & Taggart
Galt & Taggart - გალტ & თაგარტი ახალ პუბლიკაციას ,,სავაჭრო უძრავი ქონება თბილისში” აქვეყნებს. ,,2025 წელს, თბილისის ძირითადი სავაჭრო უძრავი ქონების ბაზრის მოცულობამ 1.3 მლნ კვ.მ შეადგინა, საიდანაც 58% ბაზრობებზე, 33% მოლებზე, ხოლო 9% ცენტრალურ სავაჭრო ქუჩებზე მოდის. ეს ფორმატები სხვადასხვა მოთხოვნას ემსახურება: მოლები - ბრენდირებულ და ტრაფიკზე დამოკიდებულ ვაჭრობას, ცენტრალური ქუჩები - პრემიუმ და ტურისტულ სეგმენტს, ბაზრობები კი ფასზე ორიენტირებულ მომხმარებელს. 2025 წელს მოლების გასაქირავებელი ფართობი 430 ათასი კვ.მ იყო, ხოლო დაგეგმილი პროექტების ფონზე, იმ შემთხვევაში თუ ყველა განხორციელდება, 2030 წლამდე დამატებით 140 ათასი კვ.მ-ის მიწოდებაა მოსალოდნელი. მიუხედავად ზრდისა, ჭარბი მიწოდების რისკი ბაზარზე ჯერ არ იკვეთება. საცალო ვაჭრობის ბრუნვა 2019-25 წლებში გაორმაგდა, ელ-კომერციის წილი კი ჯერ მცირეა და ფიზიკურ ფორმატებზე მნიშვნელოვან ზეწოლას არ ქმნის. მოლებში ვაკანტურობა 2025-ში 6.6% იყო, ქირები კი ბოლო წლებში სწრაფად გაიზარდა. 2026-30 წლებში ახალი მიწოდების ფონზე ქირის ზრდა დასტაბილურდება. მოლებისთვის მთავარი შესაძლებლობა ლუქს სეგმენტის განვითარებაა, რადგან ქართველების საზღვარგარეთ დანახარჯების დიდი ნაწილი სწორედ ლუქს ბრენდის ტანსაცმელსა და აქსესუარებზე მოდის, მაშინ როცა ქართულ მოლებში ასეთი ბრენდების წილი მცირეა”, - აღნიშნულია ანგარიშში.
სხვა სიახლეები
ინფრასტრუქტურის გაფართოება და ახალი პროექტები - რა გეგმები აქვს „ედის დაჩას“
05.10.2026.12:00
წალკის მუნიციპალიტეტში, სოფელ დაშბაშში მდებარე საოჯახო სასტუმრო „ედის დაჩა“ სტუმრებს ისტორიულ სახლში დასვენებისა და თანამედროვე კომფორტის შეთავსების შესაძლებლობას სთავაზობს. ობიექტი კანიონის პირას განთავსებული ეკო-კოტეჯებით, ღია თერმული აუზითა და კლდეში გამოკვეთილი საუნებით გამოირჩევა. Business Insider Georgia-სთან სასტუმროს დამფუძნებელი ედვარდ მკრტიჩიანი ობიექტის განვითარების მიმართულებებსა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.
როგორ შეაფასებდით ზაფხულის სეზონს და როგორი იყო ობიექტის დატვირთვა?
ზაფხულის სეზონს საკმაოდ დადებითად შევაფასებდით - ობიექტის დატვირთვა მაღალი იყო. ამ წარმატებაში დიდი როლი ითამაშა ინფრასტრუქტურის გაფართოებამ: დავამატეთ სრულიად ახალი კონცეფციის ეკო-კოტეჯები კანიონის პირას, freestanding აბაზანებითა და პანორამული ხედებით, რამაც ახალი, პრემიუმ სეგმენტი მოგვიზიდა.

თუმცა, მოლოდინი კიდევ უფრო მაღალი იყო. რეგიონში შექმნილმა გეოპოლიტიკურმა ვითარებამ (ისრაელ-ირანის კონფლიქტმა) გარკვეული გავლენა იქონია და ისრაელიდან შემოსული ჯავშნების ნაწილის გაუქმება გამოიწვია.
როგორი იყო ადგილობრივი და უცხოელი სტუმრების წილი და რომელი ქვეყნებიდან იყო ყველაზე მეტი ვიზიტორი?
გასულ წელს თუ სტუმრების 95%-ს უცხოელი ტურისტები შეადგენდნენ და მხოლოდ 5% იყო ადგილობრივი, წელს ეს თანაფარდობა შეიცვალა - 80% უცხოელი და 20% ადგილობრივი მომხმარებელი.
ადგილობრივი სეგმენტის ზრდა განაპირობა ჩვენმა უნიკალურმა ინფრასტრუქტურამ: 24/7-ზე მომუშავე ღია თერმულმა აუზმა (36–38°C), კლდეში გამოკვეთილმა საუნებმა და ახალმა ლუქს-კოტეჯებმა.

როგორია შემოდგომის სეზონის ჯავშნები, რა ტენდენციას ხედავთ ამ სეზონზე და რა მოლოდინები გაქვთ?
მთავარი ტენდენცია: დღეს ტურიზმი დიდ ტრანსფორმაციას განიცდის. თუ ადრე მოგზაურები სტანდარტულ 5-ვარსკვლავიან სასტუმროებს ირჩევდნენ, ახლა უპირატესობას ანიჭებენ ავთენტურ, ემოციურ ტურიზმს - სურთ ადგილობრივი ისტორიის შეგრძნება, ბუნებასთან სიახლოვე და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები. ჩვენი სტუმრების 95% ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობს და სწორედ ასეთ შთაბეჭდილებებს ეძებს.

ჩვენი კონცეფციის სისწორეს Booking.com-ის შეფასებებიც ადასტურებს - 317 რევიუს საფუძველზე გვაქვს უმაღლესი რეიტინგი: 9.5.
რა მიმართულებით ვითარდება „ედის დაჩა“ (ინფრასტრუქტურის, სერვისების ან კონცეფციის კუთხით) და რა არის სამომავლო გეგმები?
„ედის დაჩა“ ვითარდება როგორც აუტენტურობისა და თანამედროვე კომფორტის სინთეზი. ჩვენ შევინარჩუნეთ 1936 წლის ისტორიული სახლი და მასთან ერთად შევქმენით 4 განსხვავებული კატეგორიის დასასვენებელი სივრცე. ასევე, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ეკო-გასტრონომიას - გვაქვს საკუთარი სათბური, სადაც მოგვყავს ორგანული ბოსტნეული და სტუმრებს ნატურალური პროდუქტებით დამზადებულ საუზმესა და ვახშამს ვთავაზობთ.

სამომავლოდ ვგეგმავთ ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო გაფართოებას. უახლოეს პერიოდში აშენდება ახალი, 2-საძინებლიანი კოტეჯი, რომელიც ჰაერში, უშუალოდ კანიონის თავზე იქნება გამოშვერილი, რაც სტუმრებს კიდევ უფრო შთამბეჭდავ და ექსკლუზიურ გამოცდილებას შეუთავაზებს.
სასტუმრო „ედის დაჩა“ (წალკა, დაშბაშის კანიონი): 2026 წლის სეზონი 2025 წელთან შედარებით:
შესადარებული პერიოდი: 17 მაისი – 29 სექტემბერი (ორივე წელს, 136 დღე). მონაცემთა წყარო: Booking.com-ის დაჯავშნები.

რა შეიცვალა
ზრდა ყველა თვეში. ყველაზე მეტად გაიზარდა „მშვიდი“ თვეები: ივნისში ნომერ-ღამეები 68%-ით მოიმატა, სექტემბერში 54%-ით. ივლისში ზრდა 20%-ია, აგვისტოში 18%.
კვირის დღეები. 2025 წელს ღამეების 21% შაბათზე მოდიოდა. 2026 წელს დატვირთვა თანაბრად გადანაწილდა: შაბათის წილი 16%-მდე შემცირდა, ხოლო ორშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევსა და კვირას ზრდა 40–60%-ია. წალკა უკვე არა მხოლოდ შაბათ-კვირის მიმართულებაა.
სტუმრები უფრო ადრე გეგმავენ. დაჯავშნიდან ჩამოსვლამდე დრო (მედიანა) 11 დღიდან 24 დღემდე გაიზარდა. „ბოლო წუთის“ დაჯავშნები (ჩამოსვლამდე 3 დღით ადრე ან ნაკლები) 40%-დან 30%-მდე შემცირდა.
დარჩენის ხანგრძლივობა. 2 ან მეტი ღამით დარჩენილი სტუმრების წილი 14%-დან 18%-მდე გაიზარდა. თუმცა 82% ჯერ კიდევ ერთ ღამეს რჩება, ანუ წალკა ბევრისთვის ჯერ კიდევ გზად გაჩერებაა. ეს ზრდის პოტენციალია.
გეოგრაფია. სტუმრების დაახლოებით 90% უცხოელია, და ორივე წელს ისინი 30-ზე მეტი ქვეყნიდან ჩამოვიდნენ.
2026 წელს ჩამოვიდნენ სტუმრები ჩინეთიდან, ბრაზილიიდან, ავსტრალიიდან, კანადიდან, პორტუგალიიდან, არგენტინიდან, ავსტრალია ამერიკა პერუ იაპონია.

ადგილობრივი ტურისტები - სტუმრების რაოდენობა საქართველოდან გაორმაგდა (31-დან 63-მდე), დაჯავშნები 14-დან 27-მდე გაიზარდა.
ოჯახები - დაჯავშნების დაახლოებით მეოთხედში ბავშვებიც არიან. ბავშვების საშუალო ასაკი 10 წელია. 6–12 წლის ბავშვები 41-დან 60-მდე გაიზარდა.
სრული პერიოდი - ბოლო 12 თვეში სასტუმრომ 932 სტუმარი მიიღო 37 ქვეყნიდან. პირველი სტუმრიდან (2025 წლის მაისი) დღემდე ეს რიცხვი 1414 სტუმარია 43 ქვეყნიდან.
სიახლე - 2026 წლის მარტიდან სასტუმროში ორი ახალი კატეგორიის ნომერია: „Black“ და „White“- კოტეჯები შავი და თეთრი.
შენიშვნა: მონაცემები ეყრდნობა მხოლოდ Booking.com-ის დაჯავშნებს. პირდაპირი დაჯავშნები არ შედის, ამიტომ რეალური დატვირთვა უფრო მაღალია. ქვეყანა ნიშნავს დამჯავშნელის ქვეყანას და არა მოქალაქეობას.