მოსავალი დაახლოებით იგივე იქნება, რაც გასულ წელს - ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაცია
მოცვის რთველი რამდენიმე კვირიანი დაგვიანებით დაიწყო, რაც წელს ცივი ზამთრიდან გამომდინარეობს. როგორც Business Insider Georgia-სთან ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორმა შოთა ცუკოშვილმა განაცხადა, მოცვის მასიური გამოკრეფის სეზონი რამდენიმე დღეა რაც დაიწყო.
„ეს გამოიწვია იმან, რომ არამხოლოდ საქართველოში არამედ ჩვენს სამეზობლოშიც ციკლონი იყო შემოჭრილი და გვიან თებერვალში კი დიდთოვლობა გვქონდა. როდესაც მოცვი ყვავილში უნდა ყოფილიყო დაემთხვა ცივი ამინდები. შემდგომ გვქონდა საგაზაფხულო ყინვები, რამაც გამოიწვია უკვე პირველი ყვავილის გაფუჭება და შესაბამისად სიცივეებიდან გამომდინარე მოსავლის დაგვიანება. ფაქტობრივად 3 დღეა რაც მოცვის მასობრივი გამოკრეფა დაიწყო“, - აღნიშნა შოთა ცუკოშვილმა.
მიუხედავად სუსხისგან დაზიანებული მოცვის ბაღებისა ასოციაციაში ლურჯი მოცვის მოსავალს გასული წლის დონეზე პროგნოზირებენ.
„იქიდან გამომდინარე, რომ ამინდმა გურიასა და აჭარაში მოცვის პლანტაციები ძალიან დააზიანა, აქედან გამომდინარე მოსავლიანობა შემცირებულია, მაგრამ არის ძალიან ბევრი ახალგაზრდა ბაღები იმერეთსა და სამეგრელოში და მათ ხარჯზე მოხდება დაბალანსება და დიდი ალბათობით მოსავალი დაახლოებით იგივე იქნება რაც გასულ წელს - დაახლოებით 5000 ტონა“, - განაცხადა ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორმა.
ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაცია დღეისათვის 23 კომპანიას აერთიანებს, რომლებიც მოცვის ბარების მოცულობას წლის განმავლობაში საშუალოდ 15%-ით ზრდიან.
„ასოციაციაში ძირითადად ექსპორტით ვართ დაკავებულები, თუმცა ადგილობრივი რეალიზაციაც გვაქვს. ევროპის მაგალითზე გეტყვით, რომ შარშანდელთან შედარებით ფასები დაახლოებით 30%-ით მაღალია.
„ჩვენ ვაერთიანებთ 23 კომპანიას და იქიდან გამომდინარე, რომ ყველას არ აქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა და შესაბამისი სერტიფიკატები, ჯერჯერობით რუსეთი რჩება მთავარ ბაზრად, თუმცა ვმუშაობთ საექსპორტო არეალის გაფართოებაზე და დივერსიფიკაციაზე. წელს უკვე ევროკავშირის და ბრიტანეთის გარდა ბევრ სხვა საინტერესო ქვეყანას ვამატებთ, როგორც აზიაში ისე სპარსეთის ყურეში“, - აცხადებს ასოციაციის დირექტორი.
სხვა სიახლეები
საერთაშორისო ბაზარზე ტექნოლოგიების მიწოდების კუთხით საკმაოდ დიდი მოთხოვნაა - თორნიკე სულაბერიძე
20.05.2026.13:30
თუ აქამდე მხოლოდ ტექნოლოგიების მიმართულებით არსებული პრობლემების გადაჭრაზე ვიყავით ორიენტირებული და, ვთქვათ, ჩვენს მიზანს საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე ორგანიზაციებისთვის სირთულეების მოგვარება წარმოადგენდა, დღეს ჩვენი ფოკუსი უკვე ერთიანი ეკოსისტემის განვითარებაზეა მიმართული და არა რომელიმე ცალკეული ქვეკომპონენტის პრობლემის მოგვარებაზე, - აცხადებს ტექნოლოგიების ასოციაციის თავმჯდომარე თორნიკე სულაბერიძე, რომელიც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო. მისი თქმით, ფრაგმენტირებულად ეკოსისტემა წინ ვერ წავა. თორნიკე სულებერიძის თქმით, ტექნოლოგიური სექტორის გარშემო სხვადასხვა მიმართულებისა და მოთამაშის გაერთიანება ტექნოლოგიების ასოციაციის მთავარი ამოცანაა.
„ეკონომიკურ ზრდაში საკმაოდ დიდი არის ტექნოლოგიური სექტორის წილი. და ეს წლიდან წლამდე არის მზარდი. ეს იმაზე მეტყველებს, რომ არის საკმაოდ დიდი მოთხოვნა ტექნოლოგიების მიწოდების კუთხით საერთაშორისო ბაზარზე. ის ფაქტი, რომ საქართველო უკვე არის ამ მოთხოვნის დამაკმაყოფილებელი ერთ-ერთი მოთამაშე, მეტყველებს იმაზე, რომ სწორი გარემოსა და ეკოსისტემის შექმნის შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს პოტენციალი, ვიყოთ ერთ-ერთი მოწინავე არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბითაც. ამისათვის საჭირო არის, რომ მოხდეს უფრო უკეთესი კორდინაცია.
ის, რომ აქამდე პროცესები დაქსაქსული იყო, არ არსებობდა ერთიანი ხმა და საქართველო ერთიანად არ პოზიციონირებდა, როგორც ტექნოლოგიური ჰაბი, ამ მიზნის მიღწევისთვის დიდ დაბრკოლებას წარმოადგენდა. ამიტომ მიმაჩნია, რომ ჩვენ ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია. გვაქვს დიდი პოტენციალი იმისა, რომ საქართველო მოწინავე ტექნოლოგიების მიმწოდებელ ქვეყნად ვაქციოთ.
ამ მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო უწყებებმა ერთიანი გზავნილითა და კოორდინირებულად იმოქმედონ. აუცილებელია ეროვნულ დონეზე მოხდეს იმის გააზრება, რომ ტექნოლოგიები საქართველოს პრიორიტეტული სექტორია. როგორც ეს სხვა მიმართულებების, მაგალითად, ტურიზმის, მეღვინეობისა და სხვათა შემთხვევაში მოხდა, ტექნოლოგიების სექტორიც ეროვნულ დონეზე უნდა იქნეს გააზრებული, რაც შემდგომში ერთიან სტრატეგიად ჩამოყალიბდება. ამასთანავე, პროცესში კერძო სექტორის მხრიდანაც ანალოგიური მიდგომა და გაცნობიერებაა საჭირო.
არსებობს მრავალი ქვეყნის, მაგალითად, ისრაელისა და სხვათა მაგალითი, როდესაც ბიზნესში ინდივიდუალური ინტერესები, რა თქმა უნდა, ყოველთვის წინა პლანზე დგას, თუმცა იქვე გააცნობიერეს - თუ ქვეყნის, როგორც ტექნოლოგიების მთავარი მიმწოდებლის პოპულარიზაცია მოხდება, ამით თითოეული კომპანიაც იხეირებს და ეს ყველასთვის სასარგებლო იქნება.
სწორედ ამ იდეის ირგვლივ უნდა გაერთიანდნენ სახელმწიფო უწყებები, კერძო კომპანიები და საგანმანათლებლო დაწესებულებები, რადგან ამ ერთიანი ჯაჭვისა და თითოეული მოთამაშის ჩართულობის გარეშე, დასახული მიზნის მიღწევა შეუძლებელი იქნება“, - აღნიშნა თორნიკე სულაბერიძემ.