მოთხოვნების არარსებობის მიუხედავად, „გუმბათი ჰოლდინგი“ ყოველთვის ცდილობდა, რომ საკუთარ მშენებლობებში ენერგოეფექტურობა გაეთვალისწინებინა - ნატო ბოჭორიშვილი
მოთხოვნების არარსებობის მიუხედავად, „გუმბათი ჰოლდინგი“ ყოველთვის ცდილობდა, რომ საკუთარ მშენებლობებში ენერგოეფექტურობა გაეთვალისწინებინა, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან “გუმბათი ჰოლდინგის” თანა-დირექტორმა ნატო ბოჭორიშვილმა განაცხადა. მისი განმარტებით, არსებული რეგულაციები, რაც „ენერგოეფექტურობის შესახებ" კანონში ახლახან შესული ცვლილებებით მოითხოვება მნიშვნელოვანია.
„რაც შეეხება ენერგოეფექტურობის საკითხს, მინდა აღვნიშნო, რომ „გუმბათი ჰოლდინგი“ მიუხედავად მოთხოვნების არარსებობისა, მაინც ყოველთვის ცდილობდა, რომ ენერგოეფექტურობა გაეთვალისწინებინა მშენებლობაში. ეს ხდება იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ მომხმარებლები გრძნობენ ენერგოეფექტურ და არაენერგოეფექტურ სახლში ცხოვრების განსხვავებას. მაგალითად იგივე შეიძლება კარგად აისახებოდეს კომუნალური გადასახადების ჭრილში, რაც ენერგოეფექტური შენობების შემთხვევაში შესაძლოა 25-30%-ით ნაკლები იყოს სტანდარტულ გადახდებთან შედარებით. რადგანაც ჩვენ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად მოვერგოთ მომხმარებლებს და მათთვის კომფორტული გარემო შევქმნათ ამას ისედაც ყოველთვის ვითვალისწინებდით. თუმცა სამომავლოდ ვეცდებით, რომ ამ კუთხით კიდევ უფრო მეტი სიახლე დავნერგოთ“, - აცხადებს “გუმბათი ჰოლდინგის” თანა-დირექტორი.
ნატო ბოჭორიშვილის თქმით, რეგულაციის ძალაში შესვლა მშენებლობის ფასებზე ნაკლებად აისახება, თუმცა თავად მომხმარებელი ამ სხვაობას საკუთარ თავზე საკმაოდ იგრძნობს.
„გარკვეული კვლევებია ჩატარებული და ეს მნიშვნელოვან ფასების ზრდას არ გამოიწვევს. ენერგოეფექტურობა ზოგადად იმდენად აქტუალური საკითხია, როგორც ქვეყნის ისე გლობალურ ჭრილში და იმდენად მცირეა ფასებს შორის განსხვავება როცა მშენებლობისას ენერგოეფექტური ქმედებების დანერგვა ხდება, რომ არც კი უნდა განვიხილოთ ეს მცირედი ფასთა სხვაობა და უმჯობესია, რომ ყველა მშენებლობა, რომელიც მიმდინარეობს, მიუხედავად მოთხოვნებისა იყოს ენერგოეფექტური. ეს ქვეყნისთვისაც ძალიან კარგია და მომხმარებლებიც პირდაპირ გრძნობენ“, - ამბობს ნატო ბოჭორიშვილი.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის უკან პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 78 ხმით მხარი დაუჭირა „ენერგოეფექტურობის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც
ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარეობს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის, ნინო ენუქიძის განმარტებით, კანონპროექტში აისახა მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც ეხება „ენერგოაუდიტორის" ტერმინს.
კანონპროექტით გათვალისწინებულია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც გამომდინარეობს საქართველოს მთავრობის ვალდებულებიდან. კანონის მოქმედი რედაქციით, სახელმწიფოს სარგებლობაში არსებული ფართების 1% უნდა იყოს ენერგოეფექტური, ცვლილების თანახმად კი, ეს ფართობი 3 პროცენტით განისაზღვრება.
წარმოდგენილი კანონპროექტიდან გამომდინარე შესაბამისი ცვლილება ხორციელდება „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ" საქართველოს კანონშიც.
სხვა სიახლეები
Aqualia-მ Global Water Summit 2026-ზე წლის საუკეთესო წყალარინების პროექტის ჯილდო მიიღო
22.05.2026.16:57
18-20 მაისს ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში, Global Water Summit 2026 გაიმართა - წყლის სექტორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმა, რომელიც სექტორის გლობალურ ლიდერებს, კომპანიებს, ინვესტორებსა და საჯარო უწყებებს აერთიანებს.
სამდღიან სამიტზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო Aqualia-ს, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა საერთაშორისო ლიდერის პოზიცია წყლის სექტორში. კომპანია აქტიურად მონაწილეობდა გლობალურ სტრატეგიულ დისკუსიებში, რომლებიც შეეხებოდა წყლის სექტორის დაფინანსებას, ინოვაციებს, რეგულაციებს, მდგრად განვითარებასა და საჯარო და კერძო პარტნიორობის მნიშვნელობას. სამიტზე Aqualia-ს რეგიონულმა დირექტორმა ხოსე ენრიკე ბოფილმა ყურადღება გაამახვილა წყალმომარაგების სექტორის რეგულაციებისა და დაფინანსების გამოწვევებზე და აღნიშნა კომპანიის გამოცდილება ისეთ რთულ და დინამიკურ ბაზარზე, როგორიც საქართველოა.
სამიტის ფარგლებში Global Water Awards-ზე Aqualia-ს პროექტმა “NICE” 2026 წლის საუკეთესო წყალარინების პროექტის ჯილდო მიიღო, რაც კომპანიის საერთაშორისო ლიდერობასა და ინოვაციური პროექტების წარმატებას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.
სამიტის ფარგლებში ასევე გაიმართა მაღალი დონის შეხვედრა Aqualia-ს ხელმძღვანელობასა და საქართველოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს შორის. შეხვედრაში მონაწილეობდნენ Aqualia-ს აღმასრულებელი დირექტორი სანტიაგო ლაფუენტე, Aqualia-ს ფინანსური დირექტორი ისიდორო მარბანი, Aqualia-ს რეგიონული დირექტორი ხოსე ენრიკე ბოფილი, GWP-ის გენერალური დირექტორი ხოსე მიგელ სანტოსი, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი კობერიძე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ბესიკ ჯიქარაული.