მოცვის მწარმოებელი Memoberry საკონსერვო წარმოებას ყიდის
ლურჯი მოცვისა და ჯემების მწარმოებელი ქართული კომპანია Memoberry საკონსერვო წარმოებას ყიდის. ამის შესახებ Business Insider Georgia-ს საწარმოს მფლობელმა ეკატერინე ჭყოიძემ განუცხადა.
„გადავწყვიტეთ საკონსერვო წარმოება გავყიდოთ, რადგან საკმაოდ რთულია სხვა მეწარმეებს ფასში გავუწიოთ კონკურენცია. რადგან სხვა ნედლეული, თუ არ ჩავთვლით ხილს იმპორტირებული გვაქვს, მათ შორის კონსერვანტები, ქილები და შაქარი. შიდა ბაზარი საკმაოდ მცირეა და მასზე გათვლის გაკეთება არ არის რენტაბელური. რაც შეეხება ექსპორტს, აქ იმპორტირებული ინგრედიენტების გამო, სხვა მოთამაშეებს კონკურენციას ვერ ვუწევთ“, - ამბობს ეკატერინე ჭყოიძე.
მისი თქმით, ის ტექნოლოგიები რასაც Memoberry-ის საწარმო ფლობს პრემიუმ სეგმენტზეა გათვლილი. „საწარმოში წვენების ჩამოსხმა და სოუსების წარმოებაც არის შესაძლებელი. საკონსერვო წარმოება გასაყიდად უკვე გამოვიტანეთ და იმედი გვაქვს წარმატებას ამ კუთხით სხვა მეწარმე მიაღწევს“, - ამბობს ეკატერინე ჭყოიძე.
მანამდე კომპანია Memoberry ლურჯი მოცვისა და ჯემების წარმოების გაფართოებას გეგმავდა.
„2023 წელს პოლონეთსა და გერმანიაში გავიტანეთ ექსპორტზე ჩვენი პროდუქცია, რაც ჩვენთვის ახალი და მნიშვნელოვანი ბაზრებია“, - აცხადებდა ეკატერინე ჭყოიძე.
Memoberry-ის ჯემები საქართველოში რამდენიმე ჰიპერმარკეტში იყო წარმოდგენილი. საოჯახო კომპანია 2017 წელს შეიქმნა და სამეგრელოში ლურჯი მოცვის პლანტაციებს ფლობს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.