მოცვის საშუალო გასაყიდი ფასი წელს შედარებით მაღალი იყო - ამინდის გამო Golden Farms-მა პროგნოზირებულზე ნაკლები მოსავალი მიიღო
წელს კომპანია Golden Farms-მა, რომელიც ბაზარს უმაღლესი ხარისხის მოცვს აწვდის, პროგნოზირებულზე ნაკლები მოსავალი მიიღო. როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანიის საოპერაციო დირექტორმა ლევან გაგუნაშვილმა განაცხადა, ამის მიზეზი მეტეოროლოგიური პირობები გახდა.
„სეზონი თითქმის დავასრულეთ. რაც შეეხება მოსავალს, კმაყოფილები არ ვართ, რადგანაც ამინდების გამო მოსავალი ძალიან ცოტა მოვიდა. ამის ფონზე მოსავლის აღება გვიანაც დავიწყეთ და საადრეო ჯიშები ყინვამ გაგვიფუჭა - ყვავილში იყო და დააზიანა. პლუს შემდგომ დაუსრულებელმა წვიმებმა მოსავალი მნიშვნელოვნად დააზიანა. წელს მოსავალი, რასაც ველოდებოდით თითქმის ნახევარი ავიღეთ. ველოდებით 200 ტონას და მეტს და ავიღეთ 120 ტონა“, - აცხადებს ლევან გაგუნაშვილი.
მისივე თქმით, კომპანიამ ადგილობრივ ბაზარზე მიღებული მოსავლის მხოლოდ მცირედი ნაწილი გაყიდა.
„ადგილობრივ ბაზარზე 10%-ი გავყიდეთ. ჩვენ თვითონ ექსპორტზე ძალიან ცოტა გავუშვით, ხოლო მოსავლის დარჩენილი ნაწილი ექსპორტიორ კომპანიას ჩავაბარეთ, რომელმაც პროდუქცია შემდეგ ექსპორტზე გაიტანა“, - აცხადებს Golden Farms-ის საოპერაციო დირექტორი.
ირკვევა, რომ წელს ლურჯი მოცვის საშუალო გასაყიდი ფასი გასულ წელზე მაღალი იყო.
„შარშანდელთან შედარებით საშუალო გასაყიდი ფასი წელს ბევრად მაღალი დაჯდა. რუსეთში და ევროპაში მოცვზე მაღალი ფასი იყო და ადგილობრივი ტრეიდერები, ვისაც გაჰქონდათ მათ ეჭირათ მაღალი ფასი და აქედან გამომდინარე ჩემი გასაყიდი საშუალო ფასი ბევრად უკეთესი იყო, ვიდრე შარშან“, - განმარტავს საოპერაციო კომპანია Golden Farms-ის წარმომადგენელი.
ამ დროისათვის Golden Farms-ის მოცვის პლანტაციები მთლიანობაში 50 ჰა-ზეა გაშენებული და ჯერჯერობით კომპანია მის გაფართოებას არ განიხილავს. მიზეზად კი მუშახელის დეფიციტს ასახელებს. ლევან გაგუნაშვილის თქმით, Golden Farms-ის შრომით ბაზარს საკმაოდ ნორმალურ ხელფასს სთავაზობს, თუმცა სეზონური სამუშაოებისთვის ახალგაზრდებს მაინც ქვეყნის გარეთ ურჩევნიათ წასვლა.
„ხელფასი ჩვენთან ნორმალურია. უბრალოდ ახალგაზრდები ვინც ქვეყნის გარეთ სეზონური სამუშაოების გამო მიდიან, აქ მუშაობა ეთაკილებათ და ურჩევნიათ პოლონეთსა და თურქეთში ბევრად ცუდ პირობებში იმუშაონ. ხელფასი იქ შეიძლება ოდნავ მეტი აქვთ, თუმცა საგრძნობლად არა. თუმცა მაინც იქ მიდიან“, - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.
Golden Farms-ი 2020 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და მის საქმიანობას ლურჯი მოცვის მოყვანა, გადამუშავება და რეალიზაცია წარმოადგენს. კომპანია ფლობს გლობალ გაპ-ის (Global G.A.P.) და გლობალ გრასპ-ის (Global GRASP) სერტიფიკატს. მის საკუთრებაშია სოფელ პირველ ხორგაში მოცვის პლანტაციები.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.