მშვიდობის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო
დედაქალაქში არსებულ მშვიდობის ხიდს რეაბილიტაცია ჩაუტარდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, რეაბილიტაციის საჭიროება ხიდის მარცხენა სანაპიროს ბურჯის ზედაპირის ბეტონის დაზიანებამ განაპირობა.
„დავიწყეთ მშვიდობის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები. რეაბილიტაციის საჭიროება განაპირობა ხიდის მარცხენა სანაპიროს ბურჯის ზედაპირის ბეტონის დაზიანებამ, რაც საჭიროებს აღდგენას. რეაბილიტირდება სავალ ნაწილზე არსებული დეფორმირებული კიბეები. დასაჭიმია საკიდები დაკიდებულ ხიდზე, რაც იწვევს არათანაბარ დატვირთვას. ხიდის საკიდების ერთგვაროვნად დაჭიმვის მიზნით, მოეწყობა შესაბამისი კონსტრუქციები და ჩაუტარდება რეაბილიტაცია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, რეაბილიტაციის პროცესში, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხიდი ჩაიკეტება.
„სამუშაოების უსაფრთხოდ წარმოების მიზნით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩაიკეტება ხიდი. გადაადგილების შეზღუდვის ვადის შესახებ მოსახლეობას დამატებით ეცნობება. აღნიშნული ხიდით ბევრი ადამიანი სარგებლობს. ამიტომ, აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობისას, მნიშვნელოვანია უსაფრთხოების გათვალისწინება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, პროექტის ღირებულება 1 400 000 ლარს შეადგენს, სარეაბილიტაციო სამუშაოები კი მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება.
„ხიდის სიგრძე 200 მეტრამდეა. სამუშაოების ფარგლებში, განათებები მთლიანად შეიცვლება, რადგან დაზიანებულია. პროექტის ღირებულება შეადგენს 1 400 000 ლარს, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებას კი მიმდინარე წლის აგვისტოში ვფიქრობთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.