მთავრობა რქაწითელსა და კახურ მწვანეს 20 თეთრით დაასუბსიდირებს
რთველი 2023-ის ფარგლებში, რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშების ყურძნის სუბსიდირებას სახელმწიფო განახორციელებს.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ის კომპანია, რომელიც 2023 წლის რთველის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის და/ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს.
ამასთან, შესყიდული 1 კგ ყურძნის სანაცვლოდ, ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის არანაკლებ 0,90 ლარისა.
კახეთის რეგიონში მევენახის მიერ მოწეული ყურძნის შესყიდვის სანაცვლოდ, კომპანიებზე გასაცემი სუბსიდია შეადგენს 1კგ რქაწითელისა და 1 კგ კახური მწვანისათვის 0,20 ლარს.
რთველი 2023-ის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ქალაქ თელავში რთველის საკოორდინაციო შტაბი 24 საათიანი რეჟიმით იმუშავებს.
დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1501.
„გასულ წელს, სახელმწიფო სუბსიდია 1კგ რქაწითელისა და 1კგ კახური მწვანისათვის 0,35 ლარს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს მხრიდან უკანასკნელ წლებში მევენახეობა-მეღვინეობის დარგში განხორციელებულმა სწორმა პოლიტიკამ დარგი მნიშვნელოვნად გააძლიერა: გაშენდა ახალი ვენახები, შეიქმნა ახალი საწარმოები, გაუმჯობესებულია ღვინის ხარისხი, გაფართოვდა საექსპორტო ბაზრების არეალი, რეკორდულ რაოდენობამდე გაზრდილია ღვინის ექსპორტი და ყურძნის მოსავალი, მუშაობს აგროკრედიტისა და აგროდაზღვევის სისტემა“, - ნათქვამია ინფორმაციაში. .
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.