მთავრობის გადაწყვეტილებით, 2025 წლის სეზონზე მოცვის მწარმოებლები შეღავათიანი აგრო კრედიტით ისარგებლებენ
ქართული ლურჯი მოცვი, იმ სახელმწიფო პროგრამების ხელშეწყობით, რომელსაც სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს გახდა ერთ-ერთი მოთხოვნადი, პროდუქტი როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. 2025 წელს თებერვალში დიდთოვლობამ დააზიანა სექტორი, ამიტომ გაჩნდა საჭიროება რომ მოცვის მწარმოებლებს ხელი შეეწყოს აგრო ვადების გათვალისწინებით დროულად გაატარონ შესაბამისი სამუშაოები ბაღებში.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2025 წლის სეზონზე მოცვის მწარმოებლები ისარგებლებენ შეღავათიანი აგრო კრედიტით. ლურჯი მოცვის მოვლა-მოყვანის მიზნობრიობით გაცემული სესხის პროცენტს სოფლის განვითარების სააგენტო დაფარავს. სესხები გაიცემა მოცვის მწარმოებლებზე, რომელთა ბაღები მდებარეობს იმერეთის, გურიისა და სამეგრელოს რეგიონებში.
მოცვის მწარმოებლებს შეეძლებათ შეღავათიანი აგროსესხი გამოიყენონ პესტიციდების, ორგანული და მინერალური სასუქების, მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების, ასევე შრომითი რესურსებისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაქირავების, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის გამოყენებული ტექნიკის საწვავ-საცხები მასალების მიმდინარე ხარჯების და მიწისა და წყლის ლაბორატორიული ანალიზის საფასურის დასაფარად.
სოფლის განვითარების სააგენტო მოახდენს გაცემული სესხის არაუმეტეს 12 თვის პროცენტის თანადაფინანსებას წლიური 9%-ის ოდენობით. სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ოდენობა 18%-ით არის დადგენილი.
ერთ ბენეფიციარზე გაცემული სესხის თანხა განსაზღვრულია არანაკლებ 10,000 ლარიდან არაუმეტეს 100,000 ლარის ჩათვლით.
პროექტით „შეღავათიანი აგროკრედიტი“ სარგებლობა შეუძლიათ ფიზიკურ პირებს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ ინდივიდუალურ მეწარმეებსა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს (გარდა სახელმწიფო/მუნიციპალური საწარმოებისა).
ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.