მთავრობის კანცელარიასთან „საირმე მინერალ ვოთერსის“ გაფიცულების მხარდამჭერი აქცია გაიმართება
დღეს, 12:00 საათიდან მთავრობის ადმინისტრაციასთან „საირმე მინერალ ვოთერსის“ ქარხნის გაფიცული თანამშრომლების მხარდამჭერი აქცია გაიმართება.
აგრო მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირებში აცხადებენ, რომ პროტესტი გაფიცულთა მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე გაგრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ გაფიცულებს 5 მარტის საღამოს კომპანიამ მათი კუთვნილი სახელფასო ანაზღაურებები დაურიცხა და განუცხადა, რომ მათი მოთხოვნები განხილვადია.
„გაცნობებთ, რომ 5 მარტს, კვირას, გაფიცვის 21-ე დღეს, 20:00 სთ-ზე, გაფიცულ დასაქმებულებს იანვრის ხელფასები დაერიცხათ. მას შემდეგ, რაც გაფიცულებმა მიიღეს კუთვნილი ხელფასი, საწარმოს დირექტორი შეხვდა გაფიცულებს კომპანიის პოზიციების დასაფიქსირებლად.
მოკლედ, კომპანიის წარმომადგენელმა გვაცნობა რომ „გაფიცულთა ყველა მოთხოვნა განხილვადია" .
ჩვენ, დასაქმებულთა ერთობლივი გადაწყვეტილებით, არ ვცვლით პროტესტის ფორმას, მანამ სანამ ყველა მოთხოვნა არ იქნება დაკმაყოფილებული. 6 მარტიდან პროტესტი ორ ლოკაციაზე გაგრძელდება, 12:00 სთ-დან გელოდებით კანცელარიასთან გაფიცულთა მხარდასაჭერად. ერთად დავეხმაროთ ადმინისტრაციას მიიღოს გონივრული გადაწყვეტილება“, - ნათქვამია პროფკავშირის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ „საირმის“ თანამშრომლები 12 თებერვალს უვადოდ გაიფიცნენ. ისინი ხელფასების გაზრდისა და შრომითი პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.