მწვანე სამუშაო ადგილები - მომავლის ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები | Green Steps
Green Steps • გრინ სთეფს გარემოსდაცვითი საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც ბიზნესს გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობს. რომელ პროფესიებზე იზრდება მოთხოვნა მწვანე ეკონომიკაში, რა შესაძლებლობებს ქმნის ეს სფერო ახალგაზრდებისთვის და როგორ ვითარდება საქართველოში მწვანე სამუშაო ადგილების ბაზარი - ამ თემებზე Business Insider Georgia-სთან Green Steps-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ქრისტინა კოროშინაძემ ისაუბრა.
რას ნიშნავს „მწვანე სამუშაო ადგილი“ და როგორ ფიქრობთ, რომელი მწვანე პროფესიები იქნება ყველაზე მოთხოვნადი მომავალში?
„მწვანე სამუშაო ადგილები“ აღარ არის მომავლის საკითხი. ეს არის პროფესიები, რომლებზეც მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება, ბიზნესის მხრიდან განსაკუთრებით. ეს არის საქმიანობები, რომლებიც ეხმარება როგორც ბიზნესს, ისე სახელმწიფო უწყებებს გარემოზე ზემოქმედების შემცირებაში, რესურსების უფრო გონივრულ გამოყენებასა და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში.
რაც შეეხება ამ მიმართულებით ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს, როგორც გარემოსდაცვითი საკონსულტაციო კომპანიის დირექტორი, პრაქტიკაში ყოველდღიურად ვხედავ, რომ კომპანიებს სულ უფრო ხშირად სჭირდებათ გარემოსდაცვითი კონსულტანტები, ESG სპეციალისტები, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ექსპერტები, მკვლევარები და განახლებადი ენერგიის მიმართულებით მომუშავე პროფესიონალები. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაიზარდა ინტერესი ენერგოეფექტურობის მიმართაც. ეს სრულიად ბუნებრივია, რადგან ენერგოეფექტურობა ერთდროულად ამცირებს ხარჯებს, ზრდის ბიზნესის ეფექტიანობას და ამავდროულად გარემოსაც იცავს.
ხედავთ თუ არა საქართველოში მწვანე ეკონომიკისა და მწვანე სამუშაო ადგილების ზრდის რეალურ ნიშნებს?
დიახ, ბოლო წლებში საქართველოში აშკარად შეიმჩნევა ინტერესი მწვანე ეკონომიკის, ენერგოეფექტურობისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით. ამის ერთ-ერთი კარგი მაგალითი იყო 2026 წლის 13 ივნისს ბათუმში გამართული ენერგოეფექტურობის გამოფენა, რომელიც პროკრედიტ ბანკის მხარდაჭერით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მდგრადი ურბანული განვითარების პროექტის (SUD) ფარგლებში ჩატარდა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ იყო დაფინანსებული. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 20-ზე მეტი კომპანიის 100-მდე ენერგოეფექტური პროდუქტი, ხოლო Green Steps ერთ-ერთი მონაწილე კომპანია იყო.

ღონისძიების ფარგლებში შესაძლებლობა გვქონდა გაგვეცნო როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო კომპანიები, რომლებიც აქტიურად მუშაობენ ენერგოეფექტურობის, განახლებადი ენერგიისა და მდგრადი ტექნოლოგიების მიმართულებით. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ სულ უფრო მეტი ბიზნესი ხედავს ენერგოეფექტურობის არა მხოლოდ გარემოსდაცვით, არამედ ეკონომიკურ სარგებელსაც. ეს ტენდენცია გვაჩვენებს, რომ ქვეყანაში იზრდება მოთხოვნა თანამედროვე, რესურსდამზოგავ და მდგრად გადაწყვეტილებებზე, რაც მწვანე ეკონომიკის განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
რა ცოდნა და უნარები სჭირდება ახალგაზრდას, რომელიც მწვანე პროფესიებში წარმატებული კარიერის შექმნას გეგმავს?
ჩემი გამოცდილებით, მხოლოდ გარემოსდაცვითი ან ეკოლოგიური განათლება დღეს უკვე საკმარისი აღარ არის. გარემოსდაცვითი სფერო სულ უფრო მრავალმხრივი ხდება და წარმატებისთვის აუცილებელია სხვადასხვა უნარის ერთმანეთთან შერწყმა.
მაგალითად, ჩვენს საქმიანობაში ხშირად გვჭირდება არა მხოლოდ გარემოსდაცვითი ცოდნა, არამედ საკანონმდებლო მოთხოვნების გააზრება, მონაცემების ანალიზი, GIS პროგრამებთან მუშაობა, პროექტების მართვა და ეფექტური კომუნიკაცია სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან. ბოლო წლებში ტექნოლოგიების მნიშვნელობაც მნიშვნელოვნად გაიზარდა - დრონები, სატელიტური მონაცემები, ხელოვნური ინტელექტი და სხვა ციფრული ინსტრუმენტები უკვე ყოველდღიური სამუშაოს ნაწილია.
დღევანდელ რეალობაში, მხოლოდ დიპლომი უზრუნველყოფს წარმატებულ კარიერას. რეალურად, დამსაქმებლები სულ უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ პრაქტიკულ გამოცდილებას, სტაჟირებებსა და რეალურ პროექტებში მონაწილეობას. ამიტომ ყოველთვის ვურჩევ სტუდენტებს, რაც შეიძლება ადრე დაიწყონ პროფესიულ საქმიანობაში ჩართვა, რადგან სწორედ პრაქტიკაში მიღებული გამოცდილება აძლევს მათ ყველაზე დიდ კონკურენტულ უპირატესობას.
როგორ უწყობს ხელს Green Steps ამ მიმართულებით პროფესიების განვითარებას და ახალგაზრდების პროფესიონალებად ჩამოყალიბებას?
Green Steps-ისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გარემოსდაცვითი პროექტების განხორციელება, არამედ ახალი თაობის პროფესიონალების განვითარებაც. სწორედ ამიტომ, უკვე წლებია აქტიურად ვთანამშრომლობთ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსთან და ვაძლევთ სტუდენტებსა და ახალგაზრდა სპეციალისტებს შესაძლებლობას, რეალურ პროექტებზე მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, დაახლოებით 10 სტუდენტმა გაიარა სტაჟირება ჩვენს კომპანიაში. განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ მათგან რამდენიმე ჩვენი გუნდის წევრი გახდა. ასევე გვყავს სტაჟიორები, რომლებმაც მიღებული გამოცდილების საფუძველზე კარიერა საჯარო სექტორში განავითარეს და დღეს გარემოსდაცვით მიმართულებებზე მუშაობენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში.
ხშირად მსმენია სტუდენტებისგან, რომ უნივერსიტეტში მიღებულ ცოდნასა და რეალურ სამუშაო გარემოს შორის საკმაოდ დიდი განსხვავებაა. ეს ბუნებრივიცაა - თეორიული ცოდნა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი საფუძველია და პრაქტიკაში ნამდვილად გამოიყენება, თუმცა არა ყოველთვის იმ ფორმით, როგორც ეს სასწავლო პროცესშია წარმოდგენილი. რეალურ სამუშაო გარემოში ადამიანები ხშირად სრულიად განსხვავებულ გამოწვევებსა და ამოცანებს აწყდებიან, რაც მათ დამატებით გამოცდილებასა და პრაქტიკულ უნარებს სძენს.
რომ შევაჯამო, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გარემოსდაცვითი სფერო ახალგაზრდებისთვის არა მხოლოდ საინტერესო, არამედ რეალური კარიერული განვითარების შესაძლებლობად იქცეს.
სხვა სიახლეები
არ გაჩერდე - საქართველოს ბანკის ფილოსოფია
12.11.2026.18:02
საქართველოს ბანკის მთავარი ფილოსოფია - „არ გაჩერდე“ - ეფუძნება რწმენას, რომ თითოეულ ადამიანს გაცილებით მეტის მიღწევა შეუძლია, ვიდრე დღეს წარმოუდგენია. ამისთვის კი მნიშვნელოვანია, ჰქონდეს შესაძლებლობა აღმოაჩინოს საკუთარი უნარები, განავითაროს ისინი და გადადგას ნაბიჯები ახალი მიზნებისკენ.
სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკის მიზანია, ხელი შეუწყოს ადამიანებს სრულად გამოავლინონ და აითვისონ საკუთარი პოტენციალი. შესაბამისად, ბანკისთვის „არ გაჩერდე“ მხოლოდ გზავნილი არ არის - ეს არის ფილოსოფია, რომელიც მის საქმიანობასა და სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებულ ინიციატივებს აერთიანებს.
ამ ხედვის ნაწილია სპორტისა და ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერა, რათა ხელი შეუწყოს მათ საკუთარი შესაძლებლობების გამოცდასა და საერთაშორისო ასპარეზზე წარმატების მიღწევაში; სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი უკვე წლებია ეროვნული ოლიმპიური ნაკრების, საფეხბურთო ნაკრების და საკალათბურთო ნაკრების მთავარი მხარდამჭერია.
ამასთან, ბანკი აქტიურად უჭერს მხარს კულტურულ და შემოქმედებით ინიციატივებს, რომლებიც ადამიანებს თვითგამოხატვისა და საკუთარი ნიჭის გამოვლენის სივრცეს უქმნის. ამ მიზნით, საქართველოს ბანკი სუხიშვილების მთავარი სპონსორია.
თითოეული ეს ინიციატივა ერთი საერთო მიზნის ნაწილია - ადამიანებს ჰქონდეთ მეტი რესურსი, საკუთარი შესაძლებლობების საზღვრები გააფართოონ და მიაღწიონ იმას, რაც შესაძლოა, აქამდე მიუღწევლად მიაჩნდათ.
სწორედ ამიტომ, „არ გაჩერდე“ ნიშნავს ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მეტ ადამიანს ექნება შესაძლებლობა, აღმოაჩინოს საკუთარი პოტენციალი, გაბედოს მეტი და მიაღწიოს მეტს.
არ გაჩერების ისტორიების შესახებ უფრო მეტის გასაგებად, ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს argacherde