მზადყოფნას გამოვთქვამთ, რომ [ენერგეტიკის] დარგი აქტიურად დავაფინანსოთ - ზურაბ ქოქოსაძე
„ენერგეტიკაში ინვესტიციები და საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა ძალზე მნიშვნელოვანი საკითხებია, განსაკუთრებით იმ ვითარების ფონზე, რაც ჩვენს რეგიონში ხდება,“ - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ზურაბ ქოქოსაძემ ეკონომიკური ფორუმის სხდომაზე, რომელიც საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის მიდგომასა და შესაძლებლობებს მიეძღვნა.
ფორუმი გახსნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, რომელმაც ფორუმის მონაწილე ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებს ენერგეტიკული პოლიტიკის მიმდინარე და სამომავლო მიმართულებები გააცნო.
„საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებას საქართველოსთვის განვითარებისთვის ენერგოდამოუკიდებლობის განსაკუთრებული მნიშვნელობის შესახებ. ზურაბ ქოქოსაძემ ასევე დადებითად შეაფასა ის პროექტები, რომელთაც ეკონომიკის სამინისტრო ამ მიზნის მისაღწევად ახორციელებს.
„საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ ხაზი გაუსვა ინვესტორების მხრიდან ენერგეტიკის სექტორისადმი გაზრდილ ინტერესს. „ინტერესი ინვესტორების მხრიდან საკმაოდ დიდია. ბევრი პროექტია, რაც ახლა დამუშავების ეტაპზეა ჩვენს ბანკში. დაახლოებით 700 მლნ ლარის ენერგოპროექტია მხოლოდ ჩვენ ბანკში და ვიმედოვნებ, რომ ამ სფეროს განვითარება კიდევ უფრო დინამიურად გაგრძელდება. შესაბამისად მზადყოფნას გამოვთქვამთ, რომ დარგი აქტიურად დავაფინანსოთ,“ - აღნიშნა ზურაბ ქოქოსაძემ.
სხვა სიახლეები
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
11.06.2026.13:04
PSP-ს კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა, მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული კრეატიული და სარეკლამო ფესტივალის - Cannes Lions International Festival of Creativity-ს ორი განსაკუთრებული ჯილდოს, Glass: The Lion for Change-ის და The Titanium Lions-ის ფინალისტებს შორის დასახელდა.
Glass და Titanium კანის ფესტივალის ყველაზე გამორჩეული ნომინაციებია, სადაც ყოველწლიურად მხოლოდ ის ნამუშევრები ხვდებიან, რომლებიც არა მხოლოდ შემოქმედებით, არამედ კულტურული, საზოგადოებრივი და ინდუსტრიული გავლენითაც გამოირჩევიან.
Glass: The Lion for Change აჯილდოებს ნამუშევრებს, რომლებიც ხელს უწყობენ რეალურ სოციალურ ცვლილებებს და რომელთა იდეის გავლენა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მისი კრეატიული შესრულება. The Titanium Lions კი Cannes Lions-ის უმაღლეს აღიარებებს შორისაა. აქ ხვდებიან ნამუშევრები, რომლებიც ცვლიან ინდუსტრიის წესებს, ქმნიან ახალ სტანდარტებს და განსაზღვრავენ, თუ როგორი შეიძლება იყოს ბრენდის კომუნიკაციის მომავალი. The Titanium-ის შორთლისტი ყოველწლიურად მსოფლიოს ყველაზე ინოვაციურ და გავლენიან ნამუშევრებს აერთიანებს.
„ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ PSP-ს საკომუნიკაციო კამპანიაა, რომელიც სააგენტო Playmakers-თან თანამშრომლობით შეიქმნა და საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და საერთაშორისო მასშტაბით აღიარებულ კამპანიად იქცა.
Cannes Lions-ის 2026 წლის საუკეთესო ნამუშევრები, მათ შორის Glass: The Lion for Change-ისა და The Titanium Lions-ის გამარჯვებულები, 26 ივნისს, ფესტივალის დასკვნით ცერემონიაზე გამოვლინდებიან.