„ნადი ჯგუფი“ წარმოების გაზრდასა და €400 ათასამდე ინვესტიციას გეგმავს
ლოკოკინების ფერმის მფლობელი და მწარმოებელი კომპანია „ნადი ჯგუფი“, საექსპორტო ბაზრების ათვისების პარალელურად, საწარმოო სიმძლავრეების გაზრდაზეც მუშაობს. როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანიის დამფუძნებელმა მერაბ ნადარაიამ განაცხადა, ამ ეტაპზე „ნადი ჯგუფი“ ინტენსიურად მუშაობს ფერმის გაფართოებაზე, საიდანაც უფრო მეტი „მოსავლის აღებას“ შეძლებს.
„მოცულობას ვზრდით. კომპანია ფერმერული მეურნეობიდან მიღებულ პროდუქციასთან ერთად გარეული ლოკოკინის შესყიდვა-დამუშავებასა და შემდგომ ექსპორტზეც უზრუნველყოფს. გარეული ლოკოკინის მიღებას უკვე ორი წელია ვახდენთ. ჩვენი ლოკოკინების ფერმის მოსავალი დღეისათვის 120 ტონაა და გვინდა, რომ წლის ბოლომდე, გაფართოების პარალელურად, ასევე დამატებით ჩაბარებული პროდუქციის ხარჯზე, მთლიანობაში 700-800 ტონამდე ავიდეთ - ფერმერული და გარეული ლოკოკინის ჩათვლით“, - აცხადებს მერაბ ნადარაია.
„ნადი ჯგუფი“ პროდუქციას ჯერჯერობით თურქეთში ყიდის, თუმცა ექსპორტთან დაკავშირებით კონტაქტი აქვს ფრანგულ მხარესთანაც და საფრანგეთში ლოკოკინის ექსპორტის განახლებას მალე აპირებს.
მერაბ ნადარაია ფერმერული და გარეული ლოკოკინის ღირებულებებს შორის არსებულ განსხვავებებზეც საუბრობს.
„ფასის თვალსაზრისით, გარეული ლოკოკინა უფრო იაფია და, რა თქმა უნდა, ფერმერულს კონკურენციას უწევს. თუმცა ეს კონკურენცია მხოლოდ ფასს ეხება, რადგან ხარისხით ფერმერული ლოკოკინა მას მნიშვნელოვნად აღემატება“, - აცხადებს „ნადი ჯგუფის“ დამფუძნებელი.
აღსანიშნავია, რომ „ნადი ჯგუფი“ წლის ბოლომდე 300 ათას ევროზე მეტი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.
„წელს დამატებითი აღჭურვილობისა და დანადგარების შესაძენად, სავარაუდოდ, 300-დან 400 ათას ევრომდე ინვესტიციას განვახორციელებთ“, - განაცხადა მერაბ ნადარაიამ.
„ნადი ჯგუფში“ აცხადებენ, რომ საქართველოში ლოკოკინების ფერმების მშენებლობის ტემპი შენელდა. კომპანიის დამფუძნებლის განმარტებით, საწყისი „ბუმის“ შემდეგ ბაზარზე სტაბილიზაციის პროცესი დაიწყო, რადგან დაინტერესებულ პირთა ძირითადმა ნაწილმა ფერმერულ საქმიანობაში ჩართვა უკვე მოასწრო.
შპს „ნადი ჯგუფი“ 2018 წელს, იტალიური კომპანია „ჩერასკოს“ მოლუსკების საერთაშორისო ინსტიტუტთან თანამშრომლობით, დაფუძნდა.
სხვა სიახლეები
საქართველოს საავიაციო ბაზარზე ავიკომპანია Royal Jordanian-მა დაიწყო ოპერირება
22.10.2026.18:55
საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირება კიდევ ერთმა ახალმა, იორდანიის ეროვნულმა ავიაკომპანია Royal Jordanian-მა დაიწყო.
22 ოქტომბერს ავიაკომპანიამ A320 ტიპის ხომალდით ამანიდან თბილისის მიმართულებით, პირველი რეგულარული ავიარეისი შეასრულა.
თბილისი-ამანის მიმართულებით ავიაკომპანია პირველ ეტაპზე რეისებს კვირაში ერთხელ, ხუთშაბათობით შეასრულებს.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება Royal Jordanian Airlines-თან მოლაპარაკებებს 2024 წლიდან აწარმოებდა, შედეგად, ავიაკომპანიამ საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები დაიწყო.