Nasdaq Calypso-სა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის ისტორიული პარტნიორობის დაწყების ფარგლებში, ხუთი წამყვანი ქართული კომერციული ბანკი სახაზინო ინფრასტრუქტურის ტრანსფორმაციას მოახდენს
საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერითა და საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციის ეგიდით Nasdaq Calypso - საზიარო პლატფორმა დაინერგება, რომელიც უზრუნველყოფს საბანკო სექტორის შემდგომი ზრდის ხელშესაწყობად საჭირო საიმედო, საერთაშორისო დონის ინფრასტრუქტურას.
ქვეყნის ხუთი წამყვანი კომერციული ბანკი - „საქართველოს ბანკი", „თიბისი ბანკი", „ლიბერთი ბანკი", „ტერაბანკი" და „ბაზისბანკი" დანერგავს Nasdaq Calypso სისტემას საერთო ინფრასტრუქტურის ფარგლებში, რომელიც ფარავს ვაჭრობის სრულ ციკლს. აღნიშნული ინიციატივა, რომელიც „საქართველოს ფინანსური ბაზრების განვითარების პროგრამის" (GMAP) ფარგლებში ხორციელდება და, რომელსაც კოორდინაციას უწევს „საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაცია" (GFMTA), წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს საქართველოს კაპიტალის ბაზრების განვითარების გზაზე.
პროექტის მონაწილე ხუთი კომერციული ბანკი წარმოადგენს საქართველოს კომერციული საბანკო სექტორის აქტივების უდიდეს ნაწილს. მათი გადასვლა საერთო, საერთაშორისოდ აღიარებულ პლატფორმაზე წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოს, როგორც თანამედროვე და კარგად მართული ფინანსური ბაზრის, ჩამოყალიბების გზაზე.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს კომერციული საბანკო სექტორი ხასიათდებოდა ორნიშნა ზრდით, სადაც საერთო აქტივები უახლოვდება 38 მილიარდ აშშ დოლარს - რაც ქვეყნის ფინანსური სისტემის მასშტაბსა და დინამიურობაზე მეტყველებს. სექტორის ზრდასთან ერთად, გაიზარდა მოთხოვნა უფრო კომპლექსურ სახაზინო ინფრასტრუქტურაზე, რომელსაც შეუძლია ფასიანი ქაღალდებისა და დერივატივების ბაზრების მხარდაჭერა, კორპორატიული დონის რისკების მართვა და სულ უფრო მკაცრი მარეგულირებელი სტანდარტების დაკმაყოფილება. ამავდროულად, მსგავსი ინფრასტრუქტურის ცალკეული ინსტიტუციის დონეზე დანერგვისა და მხარდაჭერისთვის საჭირო ინვესტიცია მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ნებისმიერი ცალკეული ბანკისთვის. საერთო, კოორდინირებული მიდგომა, რომელიც სექტორის მასშტაბით, რესურსებისა და გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს, ამ მიზნის მასშტაბურად მიღწევის ყველაზე ეფექტიან გზას წარმოადგენს.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს სახაზინო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია საქართველოს ეროვნული ბანკის სტრატეგიული პრიორიტეტი და ქვეყნის ფინანსური სისტემის შემდგომი განვითარების მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მისივე თქმით, საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერით, საერთო პლატფორმა უზრუნველყოფს საბანკო სექტორის შემდგომი ზრდის ხელშესაწყობად საჭირო საიმედო, საერთაშორისო დონის ინფრასტრუქტურას.
„საქართველოს ხუთი წამყვანი კომერციული ბანკის ერთიან, საერთაშორისოდ აღიარებულ პლატფორმაზე გადაყვანით, ჩვენ ხელს ვუწყობთ რისკის მართვის, მარეგულირებელი ზედამხედველობისა და ოპერაციული მდგრადობის სტანდარტის ამაღლებას მთელ სექტორში. ეს ინიციატივა ასახავს ჩვენს მისწრაფებას, შევქმნათ ისეთი ძლიერი და გამჭვირვალე ფინანსური ბაზარი, რომელიც სრულად შეესაბამება საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკებს და მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ ზრდას", - აღნიშნა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ.
Nasdaq-ის კაპიტალის ბაზრების ტექნოლოგიების მიმართულების ხელმძღვანელის მაგნუს ჰაგლინდის თქმით, საქართველო არის თვალსაჩინო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია საერთო ინფრასტრუქტურის მოდელს რეალური ღირებულების შექმნა.
„როგორც ცალკეული ინსტიტუციებისთვის, ისე მთლიანად ფინანსური სისტემისთვის. Nasdaq-ის მასშტაბური მოდერნიზაციის პროგრამების მართვის გამოცდილებაზე დაყრდნობით, კომპანიები იღებენ წვდომას ღრმა ინსტიტუციურ ცოდნაზე და განვითარების შესაძლებლობაზე ისე, რომ არ უწევთ სრული ხარჯების, რისკებისა თუ ოპერაციული სირთულეების დამოუკიდებლად აღება. GMAP წარმოადგენს ზუსტად ისეთ სტრუქტურირებულ, ქვეყნის დონის ჩარჩო-პროგრამას, რომელიც უზრუნველყოფს ამ მასშტაბის ტრანსფორმაციის წარმატებას. მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა მხარი დავუჭიროთ საქართველოს ეროვნულ ბანკს ამ ინიციატივაში და დავეხმაროთ საქართველოს საბანკო სექტორს ისეთი ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებაში, რომელიც მას ესაჭიროება ზრდის შემდეგი ეტაპისთვის“, - აღნიშნა მაგნუს ჰაგლინდმა.
„საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციის" აღმასრულებელი მდივანის ლაშა ჯუღელის თქმით, საქართველოს ფინანსური ბაზრების განვითარების პროგრამა" (GMAP) საქართველოს საბანკო სექტორში მრავალწლიანი მიზანმიმართული კოორდინაციის შედეგია და გარდამტეხ მომენტს წარმოადგენს ასოციაციისა და მასში წარმოდგენილი ფინანსური ინსტიტუტებისთვის.
„Nasdaq-ის გლობალური გამოცდილების დახმარებით, საქართველოს ეროვნული ბანკის ინსტიტუციური მხარდაჭერით არსებული საზიარო ინფრასტრუქტურის, ასევე „იაპონია - EBRD თანამშრომლობის ფონდის" მეშვეობით გამოყოფილი პროექტის მართვის დაფინანსების წყალობით, ჩვენი წევრი ბანკები ახდენენ არა მხოლოდ საკუთარი საოპერაციო და ფინანსური ოპერაციების მოდერნიზაციას, არამედ, ამასთანავე, ერთობლივად ზრდიან სახაზინო მართვის სტანდარტს მთელ სექტორში. სიამაყით აღვნიშნავთ, რომ ცენტრალური როლი შევასრულეთ ამ ინიციატივის განხორციელებაში და მოუთმენლად ველით იმ რეალურ სარგებელს, რომელსაც ეს პროექტი მოუტანს ჩვენს წევრებსა და მთლიანად ადგილობრივ ფინანსურ ბაზრებს, - განაცხადა ლაშა ჯუღელმა.
სხვა სიახლეები
LESSISMORE - ქართული ხელნაკეთი სამკაულების ბრენდი, რომელიც უნიკალურ დიზაინს, საიუველირო ოსტატობასა და კულტურულ იდენტობას აერთიანებს
12.11.2026.12:00
LESSISMORE ქართული ხელნაკეთი სამკაულების ბრენდია, რომელიც მომხმარებლებს ქართული კულტურული მემკვიდრეობისა და თანამედროვე დიზაინის სინთეზით შექმნილ პროდუქციას სთავაზობს. კომპანიის ასორტიმენტში შედის ბეჭდები, საყურეები, ყელსაბამები, სამაჯურები, მინანქრის კომპოზიციები და სასაჩუქრე სუვენირები. ბრენდი ასევე ქმნის ინდივიდუალური დიზაინისა და კორპორატიულ იდენტობაზე მორგებულ ნაკეთობებს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia LESSISMORE-ის წარმომადგენელს ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდიდან ოპერირებთ ბაზარზე და რას სთავაზობთ მომხმარებელს?
LESSISMORE ქართული ხელნაკეთი სამკაულების ბრენდია, რომელიც 2025 წელს შეიქმნა, თუმცა მისი იდეა გაცილებით ადრე, საიუველირო ხელოვნებისადმი საერთო ინტერესისა და მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილების საფუძველზე დაიბადა. LESSISMORE-ის ფილოსოფია ქართული კულტურული მემკვიდრეობისა და თანამედროვე დიზაინის სინთეზს ეფუძნება. სწორედ ამიტომ, თითოეული ნაკეთობის შექმნისას განსაკუთრებულ ყურადღება ეთმობა კონცეფციას, ფორმას და შესრულების ხარისხს.

Lessismore-ის საქმიანობა მოიცავს უნიკალური დიზაინის ხელნაკეთი სამკაულების, მინანქრის მხატვრული კომპოზიციების, გულსაბნევების, პინებისა და სასაჩუქრე სუვენირების წარმოებას. მომხმარებელს ვთავაზობთ, როგორც ინდივიდუალური დიზაინის, ისე კონკრეტული ბრენდის იდენტობაზე მორგებულ უნიკალურ ნაკეთობების შექმნას. ერთ-ერთი მთავარი საყრდენი წარმოების პროცესში ჩართული იუველირებისა და დარგის ოსტატების პროფესიული გამოცდილებაა. ეს გამოცდილება, გამორჩეულ დიზაინთან და ტექნიკურ სიზუსტესთან ერთად, საშუალებას გვაძლევს, შევქმნათ პროდუქცია, რომელშიც მხატვრული ხედვა და ხარისხიანი შესრულება თანაბრად მნიშვნელოვანია.
როგორია LESSISMORE-ის მიმდინარე ასორტიმენტი? რომელ კოლექციებსა თუ პროდუქტებზეა მომხმარებელთა მოთხოვნა ყველაზე მაღალი?
LESSISMORE-ის ასორტიმენტში შედის 10-მდე კოლექცია: ბეჭდები, საყურეები, გულსაბნევები, ყელსაბამები, სამაჯურები, მინანქრის კომპოზიციები და ახლა უკვე სუვენირებიც. პროდუქცია განკუთვნილია მომხმარებლისთვის, რომელიც აფასებს ორიგინალურ დიზაინს, ხელნაკეთ ოსტატობასა და დეტალების მაღალ ხარისხს. მოთხოვნა არის როგორც ინდივიდუალურად, ასევე კორპორატიული კლიენტებისგან, ხშირია უცხოელი მომხმარებლებიც. უახლოეს მომავალში იგეგმება ახალი კოლექციის წარდგენა. კოლექციაზე ბოლო ერთი წელია ვმუშაობთ. მისი კონცეფცია ქართულ ისტორიულ ორნამენტიკას ეფუძნება, რომელიც ჩვენი ხედვითა და ინტერპრეტაციით ახალ მხატვრულ ფორმას იძენს. ჩვენი მიზანია, ისტორიული მემკვიდრეობა თანამედროვე დიზაინთან გავაერთიანოთ და ტრადიციული ორნამენტების ესთეტიკა თანამედროვე სამკაულის ენით გადმოვცეთ.

რა არის LESSISMORE-ის მთავარი კონკურენტული უპირატესობა და რით გამოირჩევა თქვენი სამკაულები ბაზარზე არსებული სხვა ბრენდებისგან?
LESSISMORE-ის სახელწოდება გამოხატავს ჩვენს ფილოსოფიას, რომ ნამდვილი ღირებულება სიმარტივეშია, რადგან ხშირად სწორედ მარტივ დეტალებში იმალება ყველაზე მეტი სილამაზე, ემოცია და ცხოვრების სიხარული. სამკაული მხოლოდ ვიზუალური აქსესუარი არ არის, ის ემოციის, განწყობისა და თვითგამოხატვის ნაწილია. გვინდა, რომ თითოეული ჩვენი ნამუშევარი მომხმარებლისთვის განსაკუთრებულ განცდასთან, სიხარულთან და სასიამოვნო მოგონებებთან ასოცირდებოდეს.

მთავარი კონკურენტული უპირატესობა უნიკალური დიზაინის, მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილებისა და ხელნაკეთი წარმოების ერთიანობაა. თითოეული ნაკეთობა კონკრეტული იდეიდან და მხატვრული კონცეფციიდან იწყება, რასაც მოჰყვება ფორმის, მასალებისა და ტექნიკური გადაწყვეტების შერჩევა. წარმოების პროცესში ჩართული იუველირებისა და დარგის ოსტატების ცოდნა საშუალებას გვაძლევს, განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ დეტალებს, ტექნიკურ სიზუსტესა და საბოლოო შედეგს. ხელნაკეთი წარმოებისას თითოეული ნივთი ინდივიდუალურად იქმნება, რაც მას საკუთარ ხასიათსა და გამორჩეულობას ანიჭებს. მოქნილი წარმოება საშუალებას გვაძლევს, მომხმარებელს შევთავაზოთ როგორც მზა კოლექციები, ისე ინდივიდუალურად სამკაულის დამზადება. კორპორატიულ მიმართულებაში ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან თითოეული ნივთის დიზაინი კონკრეტული კომპანიის ვიზუალურ იდენტობას, ღირებულებებსა და საჭიროებებს ერგება. LESSISMORE-ის პოზიციონირება ხელნაკეთი სამკაულების მიმართულებით გააზრებული არჩევანია. ჩვენ არ ვცდილობთ მასობრივი ბაზრისთვის უნივერსალური პროდუქტის შექმნას. ჩვენი მიზანია, შევქმნათ სამკაული მათთვის, ვინც ეძებს განსხვავებულ დიზაინს, აფასებს მაღალ ხარისხს და სურს, ატაროს ნივთი, რომელსაც საკუთარი ისტორია და ინდივიდუალური ხასიათი აქვს.

რა გეგმები აქვს კომპანიას სამომავლოდ? აპირებთ ასორტიმენტის გაფართოებას, გაყიდვების ახალი არხების განვითარებას ან საერთაშორისო ბაზრებზე გასვლას?
LESSISMORE-ის გრძელვადიანი მიზანია, ჩამოყალიბდეს თანამედროვე ქართული სამკაულის გამორჩეულ და ცნობად ბრენდად, რომელიც საკუთარ ადგილს დაიმკვიდრებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.

სამომავლოდ ჩვენი მიზანია, განვავითაროთ ეს კონცეფცია, გავაფართოოთ კოლექციები, შევქმნათ ახალი, გამორჩეული დიზაინერული ნამუშევრები. ამასთანავე, ვგეგმავთ გაყიდვების ახალი არხების განვითარებასა და საერთაშორისო ბაზრებზე ეტაპობრივად დამკვიდრებას. საერთაშორისო გაფართოებასთან ერთად გვინდა შევინარჩუნოთ ხელნაკეთი ოსტატობა, ხარისხის მაღალი სტანდარტი და კულტურული იდენტობა, რომლებიც LESSISMORE-ის საფუძველს წარმოადგენს. ჩვენი ამბიციაა, საქართველოდან შევქმნათ თანამედროვე სამკაულისა და სასაჩუქრე სუვენირების ბრენდი საკუთარი, ამოსაცნობი ვიზუალური ენით, რომელიც საერთაშორისო საიუველირო ბაზარზე ქართული დიზაინისა და ხელოვნების ღირსეული წარმომადგენელი იქნება.
დამატებითი ინფორმაციისთვის, დაინტერესებულ პირებს კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდს შეუძლიათ ეწვიონ - https://lessismore.ge/.