ნებისმიერ ბრენდს ჰყავს თავისი კონკურენტი და თაროზე ფასის მდგენელი ძირითად შემთხვევაში არის კონკურენტული ფასი - იმპორტის და ოფიციალური ბრენდების წარმომადგენელი თავის ნებით ვერ ზრდის ფასებს l ნიკოლოზ ბურდული
„ფასის მდგენელს რომ გავყვეთ, პირველი ფასის მდგენელი არის შესასყიდი ფასი, რომელსაც იმპორტის შემთხვევაში დისტრიბუტორი უცხო ქვეყნიდან ყიდულობს უცხოურ ვალუტაში, ამას მოჰყვება ტრანსპორტირება საქართველომდე, შემდეგ მოჰყვება ვალუტის გაცვლითი კურსი და შემდეგ არის დისტრიბუტორის საოპერაციო მარჟა. მეტ მარჟაზე რომ ჩამოვიდეთ საბოლოო ჯამში პროდუქტის თვითღირებულება საწყობში და დისტრიბუტორის ფასნამატი მარკეტინგული ხარჯის გამოკლებით, ამ შემთხვევაში დაახლოებით მერყეობს 16%-დან 17%-მდე“, - ამის შესახებ სადისტრიბუციო კომპანიის „ფუდ სერვისი“ წარმომადგენელმა, ნიკოლოზ ბურდულმა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე ისაუბრა.
კითხვაზე, თუ „რა კომპონენტებია, რომელიც იწვევს საოპერაციო ხარჯების გაძვირებას და სად ფიქრობს, რომ შეიძლება ოპტიმიზაცია გაკეთდეს“, ბურდული აღნიშნავს, რომ მარკეტინგის ხარჯი ყოველწლიურად იზრდება. მისი თქმით, „გარე ფაქტორი ძალიან დიდ როლს თამაშობს, რადგან პრაქტიკულად ყველა მომწოდებელმა ფასები გააძვირა წლევანდელი იანვრიდან მოყოლებული“.
ბურდული ასევე საუბრობს, რა იწვევს საოპერაციო ხარჯების გაზრდას და ამბობს, რომ ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. ასევე, ამბობს, რომ დისტრიბუტორი ფასებს თავისი ნებით ვერ გაზრდის.
„პირველი არის სამუშაო კაპიტალი და სამუშაო ძალა, რომელიც წლიდან წლამდე ძვირდება. ხელფასის მატება არის მნიშვნელოვანი ფაქტორი. ასევე, ლოგისტიკური მიმართულებით -საწვავი. ძირითადი საოპერაციო ხარჯები ეს არის.
კონკურენციიდან გამომდინარე განუზომლად ვერ გაიზრდება ფასნამატი იმიტომ, რომ ნებისმიერ ბრენდს ჰყავს თავისი კონკურენტი და თაროზე ფასის მდგენელი ძირითად შემთხვევაში არის კონკურენტული ფასი. 2025 წლის დასაწყისიდან ბოლომდე ჩვენი პროდუქტის ფასი გაიზარდა მაქსიმუმ 2%-ით, ისიც დიდწილად დამოკიდებულია შესასყიდ ფასზე, რომელსაც მწარმოებელი კომპანია უდგენს დისტრიბუტორს. იმპორტის და აღნიშნული ოფიციალური ბრენდების წარმომადგენელი თავის ნებით ვერ ზრდის ფასებს. ყველას ჰყავს თავისი წარმომადგენლობა საქართველოში. დისტრიბუტორს უწესებს ყველა თავის საოპერაციო ხარჯის კომპონენტსაც, მოგების კომპონენტსაც, რომელიც ხშირ შემთხვევაში არ სცდება 3%-ს და კარგ შემთხვევაში არის 5%. ჩვენი კომპანიაც ამ ფარგლებში თამაშობს 3%-დან 5%-მდე "ებიტაჟში“- აღნიშნავს ბურდული.
ასევე, ის, რომ პროდუქტი, მაგალითად, საქართველოში უფრო ძვირია ვიდრე თურქეთში, კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ ამას მწარმოებლის ფასები განაპირობებს.
„სიძვირეს განაპირობებს მწარმოებლის ფასები. ხშირ შემთხვევაში არის როცა დიდი მწარმოებელი, იგივე ევროპული, ან თურქეთი და სხვა, ჩვენს ბაზარს უყურებს, როგორც უფრო ძვირს ბაზარს, პატარა შემსყიდველს და ხშირ შემთხვევაში არის შესასყიდი ფასები უფრო მეტი, ვიდრე ზემოხსენებულ ქვეყნებთან მიმართებით. მწარმოებელთან კამათი მუდმივად მიდის და მაქსიმალურად ხდება შეძლებისდაგვარად შემცირება, თუმცა, საბოლოო ჯამში თამაშის წესებს ისინი კარნახობენ“, - აღნიშნა ნიკოლოზ ბურდულმა.
სხვა სიახლეები
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
01.05.2026.15:54
„პორშემ“ პეკინის 2026 წლის ავტოგამოფენაზე ახალი Cayenne Coupé Electric წარმოადგინა - ავტომობილი, რომელიც მძლავრ პროპორციებს არაჩვეულებრივ ელექტროშესაძლებლობებთან აერთიანებს და რომელიც ბრენდის საკულტო მოდელის, 911-ის, დამახასიათებელი ფორმისა დამისი Flyline-სახურავის ინსპირაციით შეიქმნა. როგორც ვიზუალურად, ისე ტექნიკურად Cayenne Coupe თავის სეგმენტში ერთ-ერთ ყველაზე ემოციურ და სპორტულ SUV-ად მიიჩნევა. თავდაპირველად ახალთახალი მოდელის 3 ვერსიაა ხელმისაწვდომი.
Cayenne Coupé-ს ახალი მოდელების ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი ნიშანი დიდი სიმძლავრის ვიზუალური დემონსტრირებისა და 911-ის საკულტო ფორმის უნიკალური შერწყმაა - იმ ფორმის, რომელიც ულამაზესი, დახრილი სახურავით გამოირჩევა და რომელსაც „პორშეში“ Flyline-ს უწოდებენ. საქარე მინაც კუპესთვის დამახასიათებელ სტილშია შესრულებული.
„სახურავის დამრეცად დახრილი ხაზი ათლეტურობას შესანიშნავად გამოხატავს და Cayenne Coupé-ს განსაკუთრებულ დინამიკურობას ანიჭებს“, - აცხადებს ექსტერიერის დიზაინის ხელმძღვანელი თომას შტოპკა.

ადაპტირებადი უკანა სპოილერი ამ თვალშისაცემი, დახვეწილი ფორმის ჰარმონიული გაგრძელება და დასასრულია. ეს არის თანამედროვე, ცხადი ოპტიკა, რომლითაც ახალი მოდელის მთავარი დიზაინერი ყველაზე მეტად ამაყობს: „მკაფიოდ შესრულებული ხაზები, განიერი პროპორციები და შავი ფერის ჩანართები ქმნის დიზაინს, რომელიც თითოეულ დეტალში სპორტულობას ასხივებს. ახალი Cayenne Coupé Electric ექსტროვერტია, რომელიც ზედმიწევნით ზუსტად პოზიციონირებს, როგორც სპორტული SUV“, - ესეც თომას შტოპკას სიტყვებია.
სწორედ ამ ფორმის დამსახურებით, Cayenne Coupé Electric-ის შემთხვევაში, ერთი დამუხტვით გასავლელი მანძილის რესურსი 18 კილომეტრითაა გაზრდილი - 669 კილომეტრამდე.

3 ვერსია გაყიდვების სტარტზე
Cayenne Electric-ის Coupé-ვერსიებში SUV-ს იდენტური ამძრავებია ხელმისაწვდომი. უკვე შესაძლებელია შემდეგი ვერსიების შეკვეთა:
•Cayenne Coupé Electric 300 კვ (408 ცხენის ძალა), ოვერბუსტ-სიმძლავრე Launch Control-ით 325 კვ (442 ცხენის ძალა), 0-100 კმ/სთ 4.8 წამში, მაქსიმალური სისწრაფე: 230 კმ/სთ.
•Cayenne S Coupé Electric 400 კვ (544 ცხენის ძალა), ოვერბუსტ-სიმძლავრე Launch Control-ით 490 კვ (666 ცხენის ძალა), 0-100 კმ/სთ 3.8 წამში, მაქსიმალური სისწრაფე: 250 კმ/სთ.
•Cayenne Turbo Coupé Electric 630 კვ (857 ცხენის ძალა), ოვერბუსტ-სიმძლავრე Launch Control-ით 850 კვ (1 156 ცხენის ძალა), 0-100 კმ/სთ 2.5 წამში, მაქსიმალური სისწრაფე: 260 კმ/სთ.
ავტომობილი სავალი ნაწილის მხრივაც SUV-ვერსიების შესაბამისია. Coupé-ს სერიულად მოჰყვება ადაპტირებადი პნევმატიკური დაკიდება Porsche Active Suspension Management-თან (PASM) ერთად.

800-ვოლტიანი ტექნოლოგიის დამსახურებით Cayenne Coupé Electric შესაბამის DC სწრაფ დამტენზე 390-მდე კვ.სთ სიმძლავრით იმუხტება, სპეციფიკურ გარემოში კი 400 კვ.სთ-საც აღწევს. სერიული On-Board-დამტენით კი AC-დამუხტვის სიმძლავრე 11 კილოვატამდეა და დამატებითი ოფციით 22 კილოვატამდე შეიძლება გაზრდა.
Cayenne Coupé Electric-შიც გელოდებათ Cayenne SUV-ისთვის დამახასიათებელი პორშეს უნიკალური მართვადობა, მის ინტერიერში კი ულტრათანამედროვე, ციფრული და მძღოლზე ორიენტირებული მომსახურების კონცეფცია. სალონში ყურადღების ცენტრშია სენსორული ეკრანების დიდებული ლანდშაფტი - სრულად ციფრული ინსტრუმენტების პანელითა და ცენტრალური, ე.წ. Flow-დისპლეით.

Cayenne Electric-თან შედარებით, Cayenne Coupé Electric-ის სერიული კომპლექტაცია კიდევ უფრო მრავალფეროვანია - პანორამული ჭერით (პლუს Sunshine Control-ის ფუნქცია) და Sport Chrono პაკეტი. დამატებით ხელმისაწვდომია კუპესთვის სპეციფიკური მსუბუქი სპორტული პაკეტი, რომელიც ავტომობილის წონას დაახლოებით 17,6 კილოგრამით ამცირებს.
საქართველოში მომხმარებელს ახალი Cayenne Coupé Electric-ის შეძენა „პორშე ცენტრი თბილისში“შეუძლია - „პორშეს“ საქართველოში ოფიციალურად სწორედ „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია წარმოადგენს. „პორშე ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს სთავაზობს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებსა და აქსესუარებს.