ნედლეულის ფასები სამჯერ გაიზარდა, სექტემბრიდან შოკოლადის გაძვირება მოგვიწევს - „შიკოლი“
ქართული ხელნაკეთი შოკოლადის ბრენდი „შიკოლი“ სექტემბრიდან გაყიდვების ზრდას ელოდება. კომპანიაში განმარტავენ, რომ ზაფხულის პერიოდი შოკოლადზე შედარებით ნაკლები მოთხოვნაა, თუმცა ტემპერატურის დაწევასთან ერთად შოკოლადზე მოთხოვნაც მატულობს.
როგორც Business Insider Georgia-სთან `“შიკოლის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა თამთა ბენაშვილმა განაცხადა, მოთხოვნის ზრდა 15 სექტემბრიდან იწყება, ხოლო ოქტომბრიდან კომპანია უკვე კორპორატიულ შეკვეთებსაც აქტიურად იღებს.
„ზაფხულის ცხელი სეზონის განმავლობაში ვმუშაობთ, თუმცა აქტიურ სეზონს უკვე შემოდგომიდან ვიწყებთ. როგორც კი აგრილდება ეს ადეკვატურად აისახება შოკოლადის გაყიდვებზე. 15 სექტემბრიდან როდესაც უკვე სასწავლო პროცესი იწყება აქტიურდება გაყიდვებიც.
რაც შეეხება საახალწლო სამზადისს უკვე ვიწყებთ ოქტომბრიდან და ვიღებთ კორპორატიულ შეკვეთებს. კომპანიები ამ დროისათვის აკეთებენ იდეების და ფინანსების მობილიზებას და იწყებენ ჩვენი ასორტიმენტის შერჩევასაც“, - ამბობს „შიკოლის“ დამფუძნებელი.
თუმცა გაყიდვების ზრდის პარალელურად “შიკოლის“ პროდუქციის გაძვირებაც მოუწევს, რადგანაც მალე ნედლეული უნდა იყიდონ, რაც თითქმის 3-ჯერაა გაძვირებული.
„შიკოლის“ შოკოლადი შემოაქვს ევროპიდან. ცხადია, რომ ჩვენ საჭირო ნედლეულის იმპორტს ვახდენთ. გეტყვით, რომ „შიკოლის“ შოკოლადის ნედლეულის საკმაოდ დიდი მარაგები ჰქონდა შემოტანილი და შესაბამისად ამ გზით ფასების შენარჩუნება მოვახერხეთ.
თუმცა ახლა უკვე მიწევს შოკოლადის შემოტანა, მარაგების შევსება და მინდა გითხრათ, რომ ფასი უკვე გასამმაგებულია. ამიტომ ფასების გაზრდა მეც მომიწევს. ვეცდები, რომ ზრდა დიდი არ იყოს, მაგრამ იმდენად გაზრდილია ნედლეულის ფასი, რომ ბუნებრივია მეც იგივე ფასებს ვერ დავტოვებ“, - ამბობს თამთა ბენაშვილი.
„შიკოლი“ ამ დროისათვის თბილისში 2 მაღაზიას ფლობს: ირაკლი აბაშიძის ქუჩა #33 და ზაქარია ფალიაშვილის ქუჩა #79.
როგორც კომპანიის ხელმძღვანელი აცხადებს, უახლოეს ხანებში „შიკოლი“ მაღაზიების რაოდენობის ზრდას არ გეგმავს.
„შიკოლი“ არის ქართული არტიზანული შოკოლადის კომპანია, რომელიც ქმნის მაღალი ხარისხის, გემრიელ და ლამაზ შოკოლადებს, შოკოლადის მოყვარულებისთვის.
სხვა სიახლეები
ერევანი - ბათუმი - ერევანის მიმართულებით ფრენის სიხშირე იზრდება
14.07.2026.16:55
დაბალბიუჯეტიანი სომხური ავიაკომპანია FLYONE Armenia ერევანსა და ბათუმს შორის ოპერირების სიხშირეს ზრდის. ავიაკომპანიის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განრიგის შესაბამისად, ავიაკომპანია 16 ივლისიდან არსებულ 3 სიხშირეს დაამატებს 3 სიხშირეს. შედეგად, ერევანი - ბათუმი - ერევანის საჰაერო ხაზზე რეგულარული ფრენები კვირაში 6 სიხშირით შესრულდება. ფრენები განხორციელდება ყოველდღე, კვირის გარდა.
ფრენების შესრულებისათვის აუცილებელი ნებართვა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 7 ივლისს გასცა. FLYONE Armenia-მ საქართველოს მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 2022 წელს დაიწყო. ბათუმის გარდა, ავიაკომპანია ავიარეისებს ერევანი - თბილისი - ერევანის მიმართულებით ასრულებს.