“ნიკორა ტრეიდის“ 120 მილიონი ლარის ობლიგაციების პროგრამა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, სრულად განთავსდა
„ნიკორა ტრეიდმა“ 120 მილიონი ლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში, მე-2 და ბოლო ტრანშის სახით, 60 მილიონი ლარის არასუბორდინირებული, არაუზრუნველყოფილი ფასიანი ქაღალდები გამოუშვა და თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით წარმატებით განათავსა. ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი TIBR3M + 3.50%-ით, ხოლო ვადა 5 წლით განისაზღვრა. ფასიანი ქაღალდების დაშვება საქართველოს საფონდო ბირჟაზე იგეგმება.
კომპანია მოზიდულ სახსრებს თბილისში ახალი ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობისთვის გამოიყენებს. პროექტი ხელს შეუწყობს კომპანიის ოპერაციების ეფექტიანობისა და პროდუქციაზე ხელმისაწვდომობის ზრდას, მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაციას, დამატებითი სამუშაო ადგილებისა და ადგილობრივი მეწარმეებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას.
ობლიგაციებზე ინვესტორთა მოთხოვნამ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების მოცულობას გადააჭარბა. ემისიაში მონაწილეობა ადგილობრივმა ფინანსურმა ინსტიტუტებმა მიიღეს, რაც ინსტიტუციონალური ინვესტორების მხრიდან კომპანიის მიმართ არსებული მაღალი ნდობის მორიგი დადასტურებაა.
დღეს “ნიკორა ტრეიდმა” ობლიგაციების ₾120-მილიონიანი პროგრამა წარმატებით დაასრულა. თიბისი კაპიტალსა და “ნიკორა ჯგუფს” მრავალწლიანი პარტნიორობა აკავშირებთ - დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოძიებაში კომპანიის მთავარი პარტნიორები ვართ და ერთად ვავითარებთ ფასიანი ქაღალდების ბაზარს. ჯგუფი სავალო კაპიტალის ბაზრის აქტიური მოთამაშეა: 2016 წლიდან ეს უკვე მე-8 წარმატებული ტრანზაქციაა, საიდანაც 7 სწორედ თიბისი კაპიტალთან თანამშრომლობით განხორციელდა. თიბისი კაპიტალისთვის წელს ეს მე-7 ტრანზაქციაა ფასიანი ქაღალდების ქართულ ბაზარზე: წლის დასაწყისიდან მონაწილეობა მივიღეთ 300 მილიონ ლარზე მეტი მოცულობის ობლიგაციების გამოშვებაში, შედეგად, თიბისი კაპიტალი ბაზრის ლიდერის პოზიციებს ინარჩუნებს და 2025 წლის მდგომარეობით, საჯარო ფასიანი ქაღალდების ბაზრის 68%-იან წილს ფლობს“,- ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.
„მოხარულები ვართ, რომ კიდევ ერთი წარმატებული ემისია განხორციელდა თიბისი კაპიტალთან თანამშრომლობით. ეს ჩვენს ისტორიაში რიგით მერვე და მოცულობით ყველაზე მსხვილი ემისიაა, არა მხოლოდ კომპანიის, არამედ ბოლო პერიოდში საქართველოს კაპიტალის ბაზარზეც, რაც ინვესტორების მაღალი ნდობის ნათელი მაგალითია. მოზიდული ფინანსური რესურსი თბილისში ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობას მოხმარდება — პროექტი, რომელიც უპრეცედენტოა ქვეყნის მასშტაბით. 10 ჰექტარ ფართობზე განთავსდება 42,000 კვ.მ. თანამედროვე სასაწყობე ინფრასტრუქტურა, სრულად აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტექნიკითა და ციფრული მართვის სისტემით. ახალი ლოგისტიკური ცენტრი არსებითად გააუმჯობესებს მიწოდების ჯაჭვს, რაც პოზიტიურად აისახება როგორც კომპანიის ოპერაციებზე, ისე ჩვენს მომხმარებლებსა და პარტნიორებზე“, - თემურ ალექსანდრია, ნიკორა ტრეიდის აღმასრულებელი დირექტორი.
„ნიკორა ტრეიდი“ ნიკორა ჯგუფის წევრი კომპანიაა, რომელიც ბაზარზე „ნიკორა სუპერმარკეტისა” და „ლიბრეს“ ბრენდებით ოპერირებს და საქართველოს მასშტაბით 700-მდე ფილიალს მართავს. კომპანია უკვე 25 წელია, რაც საცალო-სასურსათო ვაჭრობის ბაზარზე მუშაობს და ამ დარგში ლიდერი ქართული კომპანიაა.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.