„ნოვაგი“ წარმოების ზრდასა და რეგიონებში გაფართოებას გეგმავს
ასორტიმენტი გავაფართოვეთ, ბაზრის მოთხოვნები უკეთ შევისწავლეთ და წარმოების ზრდაზე დავიწყეთ მუშაობა, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ბიო მეურნეობა „ნოვაგის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა, გიორგი ჯოლოგუამ განაცხადა. მისივე თქმით, ბიოპროდუქტებზე მოთხოვნა მზარდია და დღეს არსებული მოთხოვნა მიწოდებას აღემატება.
როგორია „ნოვაგის“ მიმდინარე სიახლეები და რა მიმართულებებზე მუშაობთ ამ ეტაპზე?
გასული წელი „ნოვაგისთვის“ განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპი იყო. თუ თავდაპირველად მხოლოდ კიტრის, პომიდვრისა და ტკბილი წიწაკის წარმოებაზე ვიყავით ორიენტირებული, წელს ასორტიმენტი გავაფართოვეთ და სალათი, ბროკოლი და ისპანახიც დავამატეთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს პროდუქტები საცდელი მოცულობით ვაწარმოეთ, მიღებულმა გამოცდილებამ უკეთ დაგვანახა ბაზრის მოთხოვნები და ის მიმართულებები, რომლებზეც მომავალში უნდა გავაკეთოთ აქცენტი.
პირველი აქტიური საწარმოო სეზონი ყოველთვის გამოწვევებთან არის დაკავშირებული. ამ პერიოდის განმავლობაში შევისწავლეთ, რომელი პროდუქტებია უფრო მოთხოვნადი და რომელ კულტურებს აქვს უკეთესი პოტენციალი ჩვენი კლიმატური პირობებისთვის, კონკრეტულად კი წილკანის ტერიტორიაზე. გვქონდა როგორც წარმატებული, ისე რთული გამოცდილებები, თუმცა სწორედ ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით ვგეგმავთ მომავალი სეზონის უფრო ორგანიზებულად და ეფექტიანად წარმართვას. მიმდინარე სეზონი დასასრულს უახლოვდება, თუმცა ზამთარშიც ვაპირებთ წარმოების გაგრძელებას და ამ ეტაპზე უკვე ზამთრის სეზონისთვის მზადების პროცესი მიმდინარეობს კომპანიაში.
როგორ ვითარდება კომპანიის რეალიზაციის არხები და თანამშრომლობა საცალო სავაჭრო ქსელებთან?
ამჟამად „ნოვაგის“ პროდუქცია იმავე საცალო ქსელებშია წარმოდგენილი, რომლებთანაც აქამდე ვთანამშრომლობდით. სეზონური გამოწვევებისა და კლიმატური პირობების გავლენის გამო წარმოების მოცულობა ჯერ კიდევ ჩამორჩება არსებულ მოთხოვნას, რის გამოც ჩვენი მთავარი ამოცანა წარმოების გაზრდა და ბაზრისთვის უფრო სტაბილური მიწოდების უზრუნველყოფაა. მთელი გუნდი სწორედ ამ მიმართულებით ვმუშაობთ.
საექსპორტო მიმართულებით თუ გაქვთ გეგმები და რომელ ბაზრებს განიხილავთ სამომავლოდ?
საექსპორტო მიმართულებით ამ ეტაპზე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას არ ვგეგმავთ, რადგან საქართველოში ბიოპროდუქტებზე მოთხოვნა მზარდია და ადგილობრივი ბაზრის სრულად დაკმაყოფილებას ჯერ ვერ ვახერხებთ. მიუხედავად ამისა, გრძელვადიან პერსპექტივაში ექსპორტი ჩვენი განვითარების სტრატეგიის ნაწილია. დღეს ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ქართული ბაზარია, სადაც ბიოპროდუქტების მიმართ ცნობიერება, ინტერესი და მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება.
როგორია „ნოვაგის“ განვითარების ხედვა მომდევნო წლებში და რა იქნება კომპანიის მთავარი პრიორიტეტები?
კომპანიის მთავარი პრიორიტეტი წარმოების გაფართოება და რეალიზაციის ქსელის განვითარებაა. პირველ ეტაპზე გვინდა სრულად ავითვისოთ თბილისის ბაზარი და ჩვენი პროდუქცია წარმოდგენილი იყოს ყველა ძირითად საცალო ქსელში, ხოლო შემდგომ ეტაპზე რეგიონულ გაფართოებაზეც ვიმუშაოთ. პარალელურად, აქტიურად ვმუშაობთ წარმოების ეფექტიანობის გაზრდასა და თვითღირებულების შემცირებაზე, რაც საშუალებას მოგვცემს, ბიოპროდუქცია მომხმარებლისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ.
ინფორმაციისთვის, „ნოვაგის“ ორგანული პროდუქტები იზრდება ეკოლოგიურად სუფთა გარემოში.
კომპანია წარმოების პროცესში არ იყენებს არანაირ შხამ-ქიმიკატს. მავნებელ დაავადებებთან ბრძოლისათვის იყენებს მხოლოდ სასარგებლო მწერებს, მავნებლის ბუნებრივ მტაცებელს/მტერს, ასვე სასარგებლო ბაქტერიებსა და სოკოებს, ანუ ცოცხალ ორგანიზმებს. მცენარის საკვებად კი მხოლოდ ორგანული წარმოშობის სასუქებს.
სხვა სიახლეები
EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
23.06.2026.16:34
თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიური ბანკია საქართველოში - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ამ ნომინაციაში გამარჯვებულად თიბისი უკვე მე-12-ედ დაასახელა. ჯილდო ბანკს EBRD-ის ყოველწლიურ ღონისძიებაზე გადაეცა, რომელიც ლატვიაში, რიგაში გაიმართა.
თიბისიმ აღიარება ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის - TFP-ის - ფარგლებში განხორციელებული ტრანზაქციების რაოდენობის მიხედვით მოიპოვა. პროგრამის ფარგლებში, EBRD პარტნიორ ბანკებთან ერთად საერთაშორისო ვაჭრობას უჭერს მხარს და ბიზნესებს გლობალურ ბაზრებზე საქმიანობის გაფართოებაში ეხმარება. პროგრამა ყოველწლიურად აჯილდოებს იმ ბანკებს, რომლებიც ამ მიმართულებით ყველაზე აქტიურად მუშაობენ და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებაში. წელს EBRD-მა ყველაზე აქტიური ბანკის ნომინაციაში 22 ქვეყნის ფინანსური ინსტიტუტი დააჯილდოვა.
„EBRD-ის ჯილდო თიბისისთვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებაა, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ლიდერულ პოზიციას ბაზარზე. 45%-ზე მეტი წილით ვაჭრობის დაფინანსებაში პირველები ვართ, რაც ჩვენი მომხმარებლებისა და საერთაშორისო პარტნიორების ნდობის შედეგია. 1000-ზე მეტ კლიენტს ვთავაზობთ თანამედროვე და მოქნილ ფინანსურ სერვისებს, რომლებიც მათ საერთაშორისო ბაზრებზე საქმიანობის განვითარებასა და გაფართოებაში ეხმარება. ამ გზით, ხელს ვუწყობთ საერთაშორისო ვაჭრობის ზრდას და საქართველოს ეკონომიკის განვითარებას“, - თამარ ხიზანიშვილი, თიბისის ვაჭრობის ფინანსირებისა და ფაქტორინგის დეპარტამენტის დირექტორი.