“ნუგბარი” ყურძნის კონცენტრატის საწარმოს სრულ ტექნოლოგიურ გადაიარაღებას იწყებს
ქართული ტრადიციული ნუგბარის პრემიუმ მწარმოებელი კომპანია „ნუგბარი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. როგორც Business Insider Georgia-სთან „ნუგბარის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო გერზმავამ განაცხადა, დაწყებულია მუშაობა მასშტაბურ პროექტზე, რომელიც ბადაგის კონცენტრატის საწარმოს სრულ ტექნოლოგიურ გადაიარაღებასა და მოდერნიზაციას გულისხმობს.
პროექტის მთავარი მიზანია არსებული საწარმოო ხაზის მაღალტექნოლოგიურ, ევროპული სტანდარტების შესაბამის სისტემად გარდაქმნა. გადაიარაღების შედეგად, „ნუგბარი“ შეძლებს კიდევ უფრო მეტი სიზუსტით მართოს ბადაგის მომზადების პროცესი, რაც პროდუქციის ხარისხს ახალ საფეხურზე აიყვანს.
ნინო გერზმავა განმარტავს, რომ გადაიარაღებული საწარმო კომპანიას საშუალებას მისცემს, დაამუშაოს უფრო დიდი რაოდენობით ნედლეული, რაც აუცილებელია მზარდი საექსპორტო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ამავდროულად, მაღალტექნოლოგიური დანადგარები უზრუნველყოფს ვაკუუმური აორთქლების პროცესის სრულ ავტომატიზაციას, რაც გამორიცხავს ადამიანურ შეცდომას და სტაბილურად მაღალ ხარისხს განაპირობებს. მნიშვნელოვანია ასევე, რომ ახალი დანადგარები კიდევ უფრო დახვეწს ბადაგის დამუშავების პროცესს, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ვიტამინებისა და ნატურალური ფერმენტების შესანარჩუნებლად. ტექნოლოგიური სიზუსტე კი კიდევ უფრო გაამყარებს „ნუგბარის“ მთავარ დაპირებას - ჩურჩხელას შაქრის დამატების გარეშე, რომელიც არის ვეგანური და მაღალი პროტეინით მდიდარი ჯანსაღი ხემსი.
„ჩვენი მიზანია, კახური ტრადიცია და თანამედროვე ტექნოლოგიები ისე შევუხამოთ ერთმანეთს, რომ მომხმარებელმა მიიღოს უმაღლესი სტანდარტის, სანდო და ჯანსაღი პროდუქტი. საწარმოს გადაიარაღება არის ინვესტიცია მომავალში, რაც „ნუგბარს“ საშუალებას მისცემს კიდევ უფრო აქტიურად დაიმკვიდროს თავი საერთაშორისო პრემიუმ ბაზარზე,“ - აღნიშნავს ნინო გერზმავა.
შეგახსენებთ, რომ კომპანია „ნუგბარი“ უკვე 9 წელია წარმატებით თანამშრომლობს ისეთ მსხვილ ქსელებთან, როგორიცაა „კარფური“ და მისი პროდუქცია 10-ზე მეტ ქვეყანაში გადის ექსპორტზე. საწარმოს მოდერნიზაცია კომპანიის სტრატეგიული გეგმის ნაწილია, რაც ქართული ნუგბარის მსოფლიო ასპარეზზე პოპულარიზაციას ემსახურება.
სხვა სიახლეები
წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ჯავშნები 5%-ით გაიზარდა l Newport Hotel Kutaisi
22.07.2026.14:00
Newport Hotel Kutaisi, ქუთაისში მდებარე სასტუმროა, რომელიც 2021 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. როგორ მიმდინარეობს სასტუმროსთვის 2026 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონი, რომელი ქვეყნებიდან მასპინძლობს ყველაზე მეტ სტუმარს და რა გეგმები აქვს სამომავლოდ - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს სასტუმროს გენერალური მენეჯერი, ლანა სულაქველიძე ესაუბრა.
როგორ მიმდინარეობს Newport Hotel Kutaisi-სთვის 2026 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონი? რამდენად გაიზარდა სტუმრების ნაკადი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით?
Newport Hotel Kutaisi-სთვის 2026 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონი ძალიან აქტიურად მიმდინარეობს. ჩვენი სასტუმრო ქალაქის ცენტრში მდებარეობს, რაც მას მთელი წლის განმავლობაში მოთხოვნადს ხდის, ხოლო მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით საშუალოდ 90%-იანი დატვირთვით ვმუშაობთ. მიმდინარე სეზონზე წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ჯავშნების რაოდენობა საშუალოდ 5%-ით არის გაზრდილი, რაც ტურისტული აქტივობისა და ჩვენი სასტუმროსადმი მაღალი ინტერესის დასტურია.

რომელი ქვეყნებიდან მასპინძლობთ ყველაზე მეტ ვიზიტორს მიმდინარე სეზონზე? შეიცვალა თუ არა უცხოელი და ადგილობრივი სტუმრების თანაფარდობა?
ზაფხულის სეზონზე ჩვენი სტუმრების უმრავლესობას უცხოელი ვიზიტორები წარმოადგენენ. პარალელურად, აქტიურად გვსტუმრობენ ქართველი სტუმრებიც, მათ შორის უცხოეთში მცხოვრები ქართველები და სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები. სეზონურ პერიოდში უცხოელი სტუმრების წილი მნიშვნელოვნად აღემატება ადგილობრივი სტუმრების რაოდენობას.
ზაფხულის სეზონისთვის თუ შესთავაზეთ სტუმრებს რაიმე სიახლე – ახალი სერვისები, სპეციალური შეთავაზებები, ტურისტული პაკეტები ან სხვა ინიციატივები?
მიმდინარე სეზონისთვის განვაახლეთ ჩვენი კაფის მენიუ, რათა სტუმრებს კიდევ უფრო მრავალფეროვანი არჩევანი შევთავაზოთ. ასევე, მხოლოდ სასტუმროს სტუმრებს აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ ტერასის სივრცით და ქალაქის ხედების ფონზე მშვიდ გარემოში დაისვენონ.

მიუხედავად იმისა, რომ სპეციალური ტურისტული პაკეტები არ გვაქვს, ინდივიდუალური მოთხოვნების შესაბამისად შესაძლებელია სპეციალური მენიუს შექმნა, რაც სტუმრებს მათ საჭიროებებზე მორგებულ მომსახურებას სთავაზობს.
რა გეგმები აქვს კომპანიას სამომავლოდ? მუშაობთ თუ არა ახალი სერვისების, ინფრასტრუქტურის განვითარების ან სხვა სიახლეების დანერგვაზე?
სამომავლოდ არაერთი განვითარების გეგმა გვაქვს და სხვადასხვა სიახლის დანერგვაზე აქტიურად ვმუშაობთ. თუმცა, Newport Hotel Kutaisi ისტორიულ შენობაში ფუნქციონირებს, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. შესაბამისად, შენობის ავთენტური არქიტექტურისა და ისტორიული იერსახის შენარჩუნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რის გამოც მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ცვლილებების განხორციელება შესაბამისი რეგულაციების დაცვით და ეტაპობრივად ხდება.

ჩვენი მთავარი მიზანია, ისტორიული გარემოს შენარჩუნებასთან ერთად, სტუმრებს თანამედროვე, კომფორტული და მაღალი ხარისხის მომსახურება შევთავაზოთ.
აღსანიშნავია, რომ Newport Hotel Kutaisi წარმოადგენს ადგილს, სადაც ისტორია და თანამედროვეობა ერთმანეთს ერწყმის. მისი უნიკალური არქიტექტურა, შესანიშნავი მდებარეობა და მაღალი ხარისხის მომსახურება ქმნის მყარ საფუძველს წარმატებისთვის, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ტურისტების თვალში.