OECD: საქართველოში ფიქსირებული ინტერნეტის ფასი მაღალია, მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე წვდომა კი - გამოწვევა
OECD-ის მიერ გამოქვეყნებული ახალი ანგარიშის, „SME Policy Index"-ის მიხედვით, საქართველოში ფიქსირებული ინტერნეტის ფასი ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ რეკომენდირებულ ზღვარს, კერძოდ, მთლიანი ეროვნული შემოსავლის 2%-ს აღემატება და 2.35%-ს შეადგენს. ამასთან ერთად კი, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის პრობლემა წარმოადგენს - კვლევის თანახმად, საქართველოში ინტერნეტთან დაკავშირებული კომპანიების უმრავლესობა 30 მბ/წმ-ზე დაბალი სიჩქარის ინტერნეტით სარგებლობს.
OECD-ის თანახმად, მსხვილი კომპანიების თითქმის 80%-ს მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე (30 მბ/წმ-ზე მეტი) აქვთ წვდომა,საშუალო კომპანიებისთვის ეს მაჩვენებელი 54%-ს, მცირე კომპანიებისთვის კი 38%-ს შეადგენს. აღნიშნული არაპროპორციული გადანაწილება და არათანაბარი გარემო, კვლევის მიხედვით, ქვეყნის განვითარებისთვის შემაფერხებელი ფაქტორია.
როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის პრობლემების შედეგია ის, რომ ქვეყანაში ფიქსირებული და მობილური ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი OECD-სა და ევროკავშირის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე დაბალია.
სტატიაში, ასევე, ყურადღება გამახვილებულია იმ პოზიტიურ ცვლილებებზეც, რომლებიც საქართველოს ხელმისაწვდომობისკუთხით უკვე აქვს, კერძოდ: 2015-2020 წლებში გაორმაგებულია ფართოზოლოვანი ინტერნეტის მომხმარებლების რიცხვი,მიმდინარეობს სამუშაოები ქვეყნის 99%-ის 4G ინტერნეტით დაფარვისთვის, კომუნიკაციების კომისია აქტიურად მუშაობს მოქალაქეებში ციფრული წიგნიერების განვითარების მიმართულებით და მთელი ქვეყნის მასშტაბით, ციფრული უნარ-ჩვევების განმავითარებელ სემინარებს სრულიად უფასოდ ატარებს.
დასკვნის სახით, ანგარიშში ხაზგასმულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ გარკვეულ პოზიტიურ შედეგებს უკვე მიაღწია, ამ მიმართულებით გამოწვევები კვლავ არსებობს და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია დამატებითი ნაბიჯების გადადგმა ტელეკომ ბაზარზე კონკურენციის გაძლიერების, ასევე, ინვესტიციებისა და ინოვაციების ზრდისთვის, რათა მომხმარებლებმა უფრო სწრაფი ინტერნეტის მიღება, შედარებით დაბალ ფასად შეძლონ.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.