ოფიციალური სტატისტიკა და ბიზნეს განწყობები ერთმანეთთან მნიშვნელოვან თანხვედრაშია - ლევან ვეფხვაძე
ოფიციალური სტატისტიკა და ბიზნეს განწყობები ერთმანეთთან მნიშვნელოვან თანხვედრაშია, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას BAG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ განაცხადა.
„ხელისშემშლელ ფაქტორებში თქვენ არ გაამახვილეთ ყურადღება ერთ პუნქტზე. ეს შეეხება მოთხოვნის სიმცირეს. რომ გენახათ თქვენ ეს, მაგალითად, კოვიდის დროს, 20-21-22 წლებში, ეს იყო ნომერი პირველი პრობლემა. მოთხოვნის სიმცირე ნიშნავს იმას, რომ ჩემს მიერ გამოშვებულ პროდუქციაზე, მიწოდებულ ბაზარზე, სერვისზე მოთხოვნა არ არის იმდენად საკმარისი, რომ უზრუნველყოს ის გაყიდვები, რომელიც ჩემთვის არის მნიშვნელოვანი ბიზნესოპერაციების გასაგრძელებლად.
დღეს რასაც ვხედავთ, არის ისტორიულად დაბალ მაჩვენებელზე მოთხოვნის სიმცირე. მოთხოვნის სიმცირის დაბალი მაჩვენებელი რას ნიშნავს? რომ ეს არის მაღალი გაყიდვები და მაღალი გაყიდვები სწორედაც ქმნის იმ პოზიტიურ განწყობებს, რომელიც კომპანიებს სტიმულს აძლევს, რომ მათ ინვესტიციები განახორციელონ.
თვითონ ბიზნესინდექსი რომ ნახოთ თქვენ, რისგან შედგება, პირველ რიგში გეტყვით, რომ ჩვენ ამ კვლევას ვუკვეთავთ, ჩვენ თვითონ ამას არ ვახორციელებთ, რომ სუბიექტივიზმი გამოირიცხოს. აქ არის PMCG კვლევითი ჯგუფი, რომელიც ამას ახორციელებს ჩვენი დაკვეთით და, ამ შემთხვევაში, მის ობიექტურობაში არავის, მგონი, ეჭვი არ უნდა შეეპაროს.
ახლა რაც შეეხება კვლევის მეთოდოლოგიის აი ამ ინდექსის ნაწილს: ინდექსი შედგება ორი მდგენელისგან და ეს არის, გარკვეულწილად, შეწონილი საშუალო ამ ორი მაჩვენებლის. ერთი არის: კომპანიებს ეკითხებიან, რა არის თქვენი არსებული მდგომარეობა, როგორ გრძნობთ თავს ახლა, და მეორე - პერსპექტივაში როგორ უყურებთ შემდეგ 6 თვეს, ერთ წელს და ასე შემდეგ.
რომ ნახოთ, არსებულ მდგომარეობაზე იქ უფრო პლატოა, ანუ წინა 2 კვარტალთან მნიშვნელოვანი ცვლილება არ გვაქვს განსაკუთრებული, მაგრამ მნიშვნელოვნად გაზრდილია ოპტიმიზმი, იმდენად მნიშვნელოვნად, რომ ამან გამოიწვია თვითონ ინდექსის რეკორდული მაჩვენებელი 2019 წლის მერე. ანუ ის, რომ ოპტიმიზმი არის, ეს განსაზღვრავს კომპანიების სურვილს, ინვესტიციები განახორციელოს. ეს განსაზღვრავს კომპანიების წუხილსაც, რომ მათ დეფიციტი აქვთ კვალიფიციური კადრების, იმიტომ, რომ შენ თუ ინვესტიციას ახორციელებ, ეს ნიშნავს, რომ გჭირდება ახალი ადამიანები, რომ გააფართოვო შენი ბიზნესი ან ახალი ბიზნესი წამოიწყო. შესაბამისად, აი, ეს ჯაჭვი არის აგებული იმგვარად, რომ აჩვენებს იმ პერსპექტივას, რაზეც თქვენ საუბრობდით, რომ ოპტიმიზმი კომპანიებს აქვთ და, შესაბამისად, საინვესტიციო აქტიურობაში არის უკვე ეს ყველაფერი გადაზრდილი.
ძალიან რთულია იმის განსაზღვრა, მაკროეკონომიკურმა სტაბილურმა მაჩვენებლებმა განსაზღვრა ბიზნესის სტაბილურობა, ოპტიმიზმი და საინვესტიციო აქტიურობა, თუ ამ აქტიურობამ განსაზღვრა მერე უკვე სტაბილურობა. ამაზე შეგვიძლია ვიკამათოთ, თუმცა ეს ერთმანეთთან კავშირშია და ოფიციალური სტატისტიკა და ეს განწყობები ერთმანეთთან მნიშვნელოვან თანხვედრაშია. ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ“, - აცხადებს ლევან ვეფხვაძე.
სხვა სიახლეები
კომპანიები სტაბილურად გრძნობენ თავს, იმიტომ, რომ მათ იციან სებ-ის რეზერვი არსებობს და გარკვეული შოკები, თუ რაიმე წარმოიქმნება ჩვენს გარშემო, ეს რეზერვები საშუალებას მოგვცემს, რომ ძალიან მშვიდობიანად გავიაროთ ნებისმიერი მსგავს შოკთან დაკავშირებული პრობლემები | ლევან ვეფხვაძე
16.10.2026.10:34
კომპანიები სტაბილურად გრძნობენ თავს, იმიტომ, რომ მათ იციან სებ-ის რეზერვი არსებობს და გარკვეული შოკები, თუ რაიმე წარმოიქმნება ჩვენს გარშემო, ეს რეზერვები საშუალებას მოგვცემს, რომ ძალიან მშვიდობიანად გავიაროთ ნებისმიერი მსგავს შოკთან დაკავშირებული პრობლემები, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას BAG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ განაცხადა.
„თუ ფინანსური ვალდებულებები დოლარში აქვს და, მეორეს მხრივ, გაყიდვები ლარშია, იქ კურსის გაუარესება, ხვდებით, რომ ძალიან მნიშვნელოვან დარტყმას აყენებს კომპანიას და კომპანიებისთვის ეს არის ერთ-ერთი მათგან დამოუკიდებელი პრობლემა, რომელიც ხელს უშლის ხოლმე მათ გრძელვადიან ოპერირებას და განჭვრეტას მათი ბიზნესოპერაციების.
მეორეს მხრივ, ახლა ჩვენ რასაც ვლაპარაკობთ, თუკი ლარი ზედმეტად გამყარდება, დავუშვათ, დოლართან ერთი-ერთზე დადგება, ეროვნულ ბანკს აკრიტიკებდნენ ამას წინათ, მოვისმინე, რატომ მივცეთ საშუალება და ლარი გახდეს ერთი-ერთზე, მაგრამ ეროვნული ბანკის პოლიტიკა იცავს, მე ვფიქრობ, რომ იმ ბალანსს, რომ ექსპორტი არ დავაზარალოთ.
ახლა თქვენ რომ ნახოთ, ის 17%, რომელიც ჩვენთან არის, რომელიც გაცვლით კურსზე წუხს, ის იმ კომპანიების წუხილი კი არ არის, რომლებიც გაუფასურებაზე წუხან, არამედ იმ ექსპორტიორი კომპანიების წუხილია, რომ ლარი, მათი აზრით, შეიძლება ზედმეტადაც კი გამყარდეს. ეს ნიშნავს ან შემოსავლების შემცირებას, თუ იქ დოლარში ფასი არ შეეცვალა, ან მათი პროდუქციის ფასის ზრდას დოლარში და ეს მათ კონკურენტუნარიანობას ურტყამს და ეს პირდაპირ აისახება იმაზე, რასაც ბრძანებ, გაყიდვების შემცირებაზე. ამიტომ აქ რაღაც ბალანსი აუცილებელია დავიცვათ, რასაც ეროვნული ბანკი, მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ გონივრულად და ზომიერად ახორციელებს.
საინვესტიციოდ კომპანიები სტაბილურად გრძნობენ თავს, იმიტომ, რომ მათ იციან, რომ ამხელა რეზერვი არსებობს და გარკვეული შოკები, თუ რაიმე წარმოიქმნება ჩვენს გარშემო, ეს რეზერვები საშუალებას მოგვცემს, რომ ძალიან მშვიდობიანად გავიაროთ ნებისმიერი მსგავს შოკთან დაკავშირებული პრობლემები“, - აცხადებს ლევან ვეფხვაძე.