„ოჯახური“ აშშ-ის ბაზარზე შევიდა
ქართული სანელებლების კომპანია ,,ოჯახური" აშშ-ის ბაზარზე შევიდა და პროდუქციის პირველი პარტია დაახლოებით 1 თვის წინ გადატვირთა.
როგორც Business Insider Georgia-ს, „ოჯახურის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა სალომე ნეფარიძემ განაცხადა, აშშ-ის ბაზარზე სუნელების გარდა გაიგზავნა აფხაზური აჯიკა და მდოგვი.
„აშშ-ში დაახლოებით 25 დასახელების სუნელ-სანელებელი გავაგზავნეთ. ჩვენ გვყავს წარმომადგენელი აშშ-ში, ლოს -ანჯელესში, რომელიც გვეხმარება, რომ მოვაგვაროთ გაყიდვების საკითხი ქსელურ მარკეტებში, ჩვენი ექსპორტის გუნდთან და მენეჯერთან ერთად“, - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.
მისი ინფორმაციით, გაგზავნილი 25 დასახელების პროდუქტიდან ყველაზე დიდი მოთხოვნა აფხაზურ აჯიკასა და მდოგვზეა, სუნელებიდან კი სვანურ მარილზე, საცივის საკმაზზე, ხმალ სუნელსა და უცხო სუნელზე.
„დავაკვირდებით ტენდენციას, რა სურს იქაურ ბაზარზე მომხმარებელს და ამის მიხედვით დაიგეგმება აშშ-ის ბაზარზე ექსპორტის შემდეგი ეტაპები. აშშ-ის ბაზარი არის მასშტაბური და ვფიქრობთ, რომ ეს არის ბიზნესისთვის დიდი შესაძლებლობაა. ლოს-ანჯელესის გარდა გვინდა, რომ სხვა შტატებიც დავფაროთ. დამაიმედებელი პროგნოზი გვაქვს. კიდევ ერთი პარტიის გაგზავნა იგეგმება მომავალ კვირაში. 2-3 დღე სჭირდება აშშ-ში საჰაერო გზით პროდუქციის ჩატანას“, - აცხადებს სალომე ნეფარიძე.
კომპანიამ აშშ-ის ბაზარზე შესვლამდე FDI სერტიფიკატი აიღო. „ვიდრე პროდუქცია გაიგზავნებოდა, მანამდე მოვაგვარეთ ეს საკითხი და წარმატებით დავიწყეთ ექსპორტი“, - აცხადებენ კომპანიაში.
როგორც ცნობილია, ,,ოჯახური" აწარმოებს არა მხოლოდ ცალკეული სახეობის, არამედ შერეულ სუნელებსაც, რომლებიც სხვადასხვა კერძისთვის არის განკუთვნილი. შედეგად, მომხმარებელს არ უწევს რამდენიმე სახეობის ცალ-ცალკე შეფუთვით შეძენა, რადგან კომპანიამ ისინი უკვე ერთ შეფუთვაში გააერთიანა.
ცნობისთვის, „ოჯახური“ 2010 წელს დაარსდა. საწარმოში სტაბილურად 70 ადამიანია დასაქმებული.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.