ორი-სამი წლის განმავლობაში Georgia Capital-ის ჯანდაცვის მომსახურების ბიზნესი ₾53 მილიონის მოცულობის კაპიტალური ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს
Georgia Capital-მა 2026 წლის მესამე კვარტლისა და პირველი ცხრა თვის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა. კომპანიის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდში დადებითი დინამიკა დაფიქსირდა როგორც საინვესტიციო პორტფელის ღირებულების ზრდის, ისე პორტფელში შემავალი კომპანიების საოპერაციო საქმიანობის მიმართულებით. ფინანსური შედეგების პარალელურად, კომპანიამ ასევე წარმოადგინა ინფორმაცია კაპიტალის მართვის, მიმდინარე საინვესტიციო გეგმებისა და სამომავლო განვითარების პრიორიტეტების შესახებ.
,,ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტების თანმიმდევრული განხორციელება კვლავ განაპირობებს ძლიერ კვარტალურ ფინანსურ შედეგებს, საოპერაციო ეფექტიანობასა და აქციონერებისთვის ღირებულების მდგრად ზრდას. 2026 წლის მესამე კვარტალში ერთ აქციაზე წმინდა აქტივების ღირებულებამ (NAV per share) ახალ რეკორდულ მაჩვენებელს 198.91 ლარს (57.69 გირვანქა სტერლინგს) მიაღწია, რაც წინა კვარტალთან შედარებით 13.6%-იან, ხოლო წლის დასაწყისიდან 28.6%-იან ზრდას წარმოადგენს.
აღნიშნული შედეგი ასახავს კომპანიის ყველა ძირითადი ბიზნესის გამორჩეულ საოპერაციო საქმიანობას და კიდევ ერთხელ ადასტურებს GCAP-ის გრძელვადიან პოტენციალს აქციონერებისთვის ღირებულების შექმნისა და ზრდის მიმართულებით. 2026 წლის მესამე კვარტალში კერძო საინვესტიციო პორტფელში შემავალმა მსხვილმა კომპანიებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთ სექტორებში წამყვანი პოზიციები და ძლიერი საოპერაციო შედეგები აჩვენეს”, - აღნიშნავს ირაკლი გილაური, GCAP-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი.
მისი ინფორმაციით, 2026 წლის მესამე კვარტალში სააფთიაქო ბიზნესმა გამორჩეულად ძლიერი საოპერაციო შედეგები აჩვენა.
საცალო გაყიდვებიდან მიღებული შემოსავლები წლიურ ჭრილში 15.7%-ით გაიზარდა, რაც წარმატებული გაყიდვების ინიციატივებით იყო განპირობებული. შედეგებზე დადებითი გავლენა მოახდინა ახლად გახსნილი აფთიაქების საქმიანობის გაფართოებამაც. კერძოდ, 2026 წლის მესამე კვარტალში დამატებით 12 ახალი აფთიაქი გაიხსნა.
2026 წლის მესამე კვარტალში სომხეთში მიღებული მთლიანი შემოსავლები წლიურ ჭრილში 42.1%-ით გაიზარდა.
აღნიშნულ ზრდას ხელი შეუწყო სააფთიაქო ქსელის გაფართოებამ და საცალო ბრენდის პოზიციების გაძლიერებამ, ასევე საბითუმო მიმართულებით პროდუქციის ასორტიმენტის ზრდამ და სახელმწიფო ტენდერებიდან მიღებული შემოსავლების მატებამ.
,,2026 წლის მესამე კვარტალში ჯანდაცვის მომსახურების ბიზნესის მთლიანი შემოსავლები წლიურ ჭრილში 15.9%-ით გაიზარდა, რაც ყველა სეგმენტში დაფიქსირებულ ძლიერ შედეგებს ასახავს. 2026 წლის მესამე კვარტალში სადაზღვევო ბიზნესმა გამორჩეულად ძლიერი შედეგები აჩვენა, რასაც ხელი შეუწყო დადებითმა დინამიკამ როგორც ქონებისა და პასუხისმგებლობის დაზღვევის (P&C), ისე სამედიცინო დაზღვევის მიმართულებით.
ქონებისა და პასუხისმგებლობის დაზღვევიდან მიღებული შემოსავლები წლიურ ჭრილში 11.9%-ით გაიზარდა. ზრდა ძირითადად ავტოდაზღვევის, ქონების დაზღვევისა და საკრედიტო სიცოცხლის დაზღვევის მიმართულებებმა განაპირობა.
ამავდროულად, სამედიცინო დაზღვევიდან მიღებული შემოსავლები წლიურ ჭრილში 48.1%-ით გაიზარდა, რაც ახალი ტენდერების მოგებამ, კორპორაციული და საცალო პორტფელების ორგანულმა ზრდამ და სადაზღვევო პოლისების ფასების ორნიშნა პროცენტულმა მატებამ განაპირობა”, - აცხადებს ირაკლი გილაური.
მისივე ინფორმაციით, ჯანდაცვის მომსახურების ბიზნესი საქმიანობის გაფართოებასა და გრძელვადიანი ზრდისთვის საბაზრო პოზიციების გაძლიერებას გეგმავს. მომდევნო ორი-სამი წლის განმავლობაში ჯანდაცვის მომსახურების ბიზნესი დაახლოებით 53 მილიონი ლარის მოცულობის კაპიტალური ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს. ინვესტიციების მიზანია ბიზნესის გაფართოება და შემდგომი ზრდის ხელშეწყობა მაღალი მოთხოვნის მქონე, პაციენტების მიერ უშუალოდ დაფინანსებული სპეციალიზებული სამედიცინო მომსახურების, ამბულატორიული სერვისებისა და სამედიცინო ვიზუალიზაციის დიაგნოსტიკური შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით.
,,GCAP-ის საინვესტიციო პორტფელის გამორჩეული შედეგები, ძლიერი ფინანსური მდგომარეობა, მნიშვნელოვნად შემცირებული რისკების მქონე ბალანსი და კაპიტალის განაწილების დისციპლინირებული მიდგომა ადასტურებს ჩვენს შესაძლებლობას, სტრატეგიული პრიორიტეტების განხორციელება აქციონერებისთვის გრძელვადიანი და მდგრადი ღირებულების შექმნაში ავსახოთ.
მომავლის გათვალისწინებით, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის ხელსაყრელი პერსპექტივების მხარდაჭერით, GCAP-ს აქვს მყარი საფუძველი, საშუალო და გრძელვადიან პერიოდში შეინარჩუნოს ერთ აქციაზე წმინდა აქტივების ღირებულების (NAV) ზრდა.
ჩვენი 1 მილიარდი ლარის მოცულობის კაპიტალის განაწილების პროგრამა კიდევ უფრო აძლიერებს ამ მიზნისადმი ჩვენს ერთგულებას. პროგრამა ითვალისწინებს ბალანსის დაცვას საქართველოსა და სომხეთში მიმზიდველი საინვესტიციო შესაძლებლობების გამოყენებასა და აქციონერებისთვის უკუგების უზრუნველყოფას შორის, ჩვენი გრძელვადიანი სტრატეგიული პრიორიტეტების თანმიმდევრული განხორციელების პარალელურად”, - აცხადებს ირაკლი გილაური.
სხვა სიახლეები
Lilac Flowers A&G - ინდივიდუალური დიზაინით შექმნილი თაიგულები და გამორჩეული ფლორისტიკული ხელწერა
02.11.2026.10:00
ყვავილების მაღაზია Lilac Flowers A&G მომხმარებლებს ინდივიდუალური დიზაინით შექმნილ თაიგულებს, ყვავილების კომპოზიციებს, ქოთნის მცენარეებსა და სხვადასხვა სახის საჩუქრებს სთავაზობს. კომპანია ბაზარზე რამდენიმე თვეა, რაც ოპერირებს და მიზნად განსხვავებული ფლორისტიკული ხელწერის შექმნას ისახავს. კომპანიის საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ Business Insider Georgia-ს თანადამფუძნებელი გვანცა ობოლაშვილი ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდიდან ოპერირებს Lilac
Flowers A&G ბაზარზე და რა პროდუქტებსა და მომსახურებას სთავაზობს
მომხმარებლებს?
Lilac Flowers A&G სულ ახლახანს, 24 აგვისტოს გაიხსნა. ჩვენი მთავარი მიმართულება თანამედროვე ფლორისტიკისა და ინდივიდუალური დიზაინის გაერთიანებაა. ბრენდის კონცეფცია განსხვავებული, ორიგინალური იდეით შექმნილ თაიგულებს ეფუძნება, რომლებიც ეტაპობრივად Lilac Flowers-ის გამორჩეულ ხელწერას აყალიბებს.

მომხმარებლებს, თაიგულებისა და ყვავილების კომპოზიციების გარდა, ქოთნის მცენარეებს, რბილ სათამაშოებს, სურნელოვან სანთლებსა და სხვადასხვა ტიპის საჩუქრებსაც ვთავაზობთ.
როგორია კომპანიის მიმდინარე ასორტიმენტი? როგორ არჩევთ ყვავილებს და რა
პრინციპით ქმნით თაიგულების დიზაინს?
ჩვენი ასორტიმენტი მოიცავს როგორც კლასიკური, ისე თანამედროვე სტილის თაიგულებსა და ყვავილების კომპოზიციებს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ექსპერიმენტები და ახალი იდეების განხორციელება. ვცდილობ, შევქმნა ისეთი თაიგულები და კომპოზიციები, რომლებიც ქართულ ბაზარზე ჯერ ნაკლებად არის წარმოდგენილი ან საერთოდ არ გვხვდება. ხშირად დიზაინს წინასწარ განსაზღვრული მოდელის მიხედვით კი არა, საკუთარი ფანტაზიით ვქმნი.

ჩვენს გამორჩეულ ნამუშევრებს შორისაა ე.წ. „კორსეტის თაიგული“, რომლის იდეა და დიზაინიც თავად შევქმენი. ფლორისტიკა დამოუკიდებლად ვისწავლე და მუდმივად ვცდილობ, ახალი ფორმებისა და იდეების საშუალებით განსხვავებული კომპოზიციები შევქმნა. მინდა, Lilac Flowers-ს საკუთარი, ადვილად ამოსაცნობი ხელწერა ჰქონდეს.
რით გამოირჩევა Lilac Flowers A&G კონკურენტებისგან და რა არის კომპანიის
მთავარი უპირატესობა? რამდენად მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით ყვავილების ხარისხი, კომპოზიციების დიზაინი და მომსახურების სისწრაფე?
ვფიქრობ, Lilac Flowers A&G-ის მთავარი განსხვავება ინდივიდუალური დიზაინი და გამორჩეული ხელწერაა. ჩემი მიზანია, შევქმნა ისეთი თაიგულები, რომლებიც მხოლოდ ლამაზი კომპოზიციები კი არ იქნება, არამედ კონკრეტულად Lilac Flowers A&G-სთან ასოცირდება.

მუდმივად ვცდილობ, ერთმანეთს შევუხამო ახალი ფორმები, ფერები და იდეები. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ ნამუშევარში იგრძნობოდეს ის სტილი, რომელიც ეტაპობრივად Lilac Flowers A&G-ის ხელწერად ყალიბდება. მინდა, მომხმარებელმა თაიგულის დანახვისას ჩვენი ამოცნობა შეძლოს და თქვას: „ეს Lilac Flowers-ის სტილია“. სწორედ ასეთი უნიკალური იდენტობის შექმნაა ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიზანი.
რა გეგმები აქვს კომპანიას სამომავლოდ? იგეგმება თუ არა ასორტიმენტის
გაფართოება, მომსახურების განვითარება ან ბიზნესის მასშტაბის ზრდა?
Lilac Flowers A&G-ისთვის ყვავილები მხოლოდ პროდუქტი არ არის. ჩვენი მიზანია, ადამიანებს სიყვარულის, მადლიერების, მონატრებისა თუ უბრალოდ ყურადღების გამოხატვაში დავეხმაროთ.
რა თქმა უნდა, გვინდა, Lilac Flowers A&G ეტაპობრივად განვითარდეს და მომავალში სხვა ფილიალებიც გავხსნათ, რათა ჩვენი სტილი და იდეები უფრო მეტ მომხმარებლამდე მივიტანოთ. ამასთან, მომხმარებლის კომფორტზე ვართ ორიენტირებული. ჩვენი პროდუქცია დამატებულია Wolt-ის აპლიკაციაში, რაც მომხმარებლებს შეკვეთის კიდევ უფრო მარტივად გაფორმების შესაძლებლობას აძლევს.