ოთარ გრიგოლია: უავტორიტეტო საარჩევნო სუბიექტების ნაცვლად პოლიტიკურ ველზე სხვა ქვეყნები აქტიურობენ და მათ პოლიტიკურ კაპიტალში ქულებს უგროვებენ
„იმდენად უავტორიტეტო და ურეიტინგოა ქართული ოპოზიცია, რომ მათ მაგივრად წინასაარჩევნო კამპანიას სხვადასხვა ქვეყნის საელჩოები აწარმოებენ, ეს კი თანამედროვე მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი უნიკალური და წარმოუდგენელი შემთხვევაა“, - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე.
„ჩვენს ოპონენტებს და მათ დამკვეთებს ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო სიმშვიდე არ მოსწონთ და ცდილობენ სიტუაციის არევას. საბედნიეროდ, არაფერი გამოსდით, რადგან არანაირი ავტორიტეტი აღარ შემორჩენიათ“, - განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.
სიტყვით გამოსვლისას ფრაქციის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ ამგვარ აბსურდს ქვეყანაში მალე ადგილი აღარ ექნება.
„ვიმედოვნებ, რომ ყველასთან, მათ შორის იმ მხარეებთანაც, რომლებიც ამ შემთხვევაში არაფერ შუაში არიან, გამოვნახავთ საერთო ენას ურთიერთობისთვის და ისეთ აბსურდს ჩვენს ქვეყანაში ადგილი აღარ ექნება, როდესაც საარჩევნო სუბიექტები პოლიტიკური განცხადებებით და პოლიტიკური დღის წესრიგით პოლიტიკურ ველზე არ აქტიურობენ და მათ მაგივრად ქულების დაგროვებას მათ პოლიტიკურ კაპიტალში სხვადასხვა ქვეყანა ცდილობს“, - დასძინა ოთარ გრიგოლიამ.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.