„პაპრიკა“ ევროპულ ბაზარზე პოზიციების გაძლიერებას და ახალი პროდუქტების განვითარებას გეგმავს
„პაპრიკა“ ქართული სანელებლების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან და მაღალი ხარისხის პროდუქტებს სთავაზობს.
კომპანიის მიმდინარე შედეგების, მომხმარებლის მოთხოვნის ცვლილების, საექსპორტო მიმართულების განვითარებისა და სამომავლო გეგმების შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, თეკლა ჩხეიძე, ესაუბრა.
როგორ აფასებთ „პაპრიკას“ 2026 წლის მიმდინარე შედეგებს და რა ცვლილებები გამოიკვეთა კომპანიაში ბოლო პერიოდის განმავლობაში?
2026 წელი „პაპრიკასთვის“ აქტიური განვითარების, გაფართოებისა და ახალი შესაძლებლობების ძიების პერიოდია. ამ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივ ბაზარზე ჩვენი პოზიციების გაძლიერება, ისე საერთაშორისო მიმართულების უფრო აქტიურად განვითარება.
ბოლო პერიოდში გაიზარდა ინტერესი ჩვენი პროდუქციის მიმართ და ჩვენც უფრო მეტად დავიწყეთ მომხმარებლის მოთხოვნებზე მორგებული პროდუქციისა და ახალი მიმართულებების განვითარება. განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ ექსპორტს, საერთაშორისო პარტნიორების მოძიებასა და „პაპრიკას“ პროდუქციის ახალი ბაზრებისთვის მომზადებას.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ „პაპრიკა“ იყოს არა მხოლოდ სუნელების მწარმოებელი კომპანია, არამედ ბრენდი, რომელიც ქართულ გემოს, ხარისხსა და ქართულ წარმოებას საერთაშორისო ბაზარზე წარმოადგენს.
როგორ შეიცვალა მომხმარებლის მოთხოვნა და რომელი პროდუქტებია ამ ეტაპზე ყველაზე მოთხოვნადი?
მომხმარებლის მოთხოვნა ბოლო პერიოდში უფრო მრავალფეროვანი გახდა. დღეს მომხმარებელი მხოლოდ ცალკეულ სუნელს აღარ ეძებს - უფრო მეტად აინტერესებს მზა, სწორად დაბალანსებული მიქსები, რომლებიც კერძის მომზადებას ამარტივებს და მას გამორჩეულ გემოსა და არომატს სძენს.
„პაპრიკას“ ასორტიმენტში ამ ეტაპზე განსაკუთრებით მოთხოვნადია სვანური მარილი, ქათმის საკმაზი, თევზის საკმაზი, ხორცის საკმაზი და სხვადასხვა კერძისთვის შექმნილი მიქსები.
განსაკუთრებით გამორჩეულია ჩვენი ხორცის საკმაზი, რომელიც იდეალურად უხდება სხვადასხვა სახის ხორცს და მომხმარებელს საშუალებას აძლევს, სახლში მოამზადოს არომატული და გემრიელი კერძი. ამ საკმაზით მომზადებული კუბდარი კი ერთ-ერთი კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია სწორად შერჩეულ სუნელებს კერძის გემო სრულიად განსხვავებული გახადოს.
ასევე დიდი ინტერესია ქათმისა და თევზის მიქსების მიმართ - ისინი უკვე დაბალანსებულია ისე, რომ დამატებითი სუნელების შერჩევა მომხმარებელს აღარ სჭირდება. თევზის საკმაზი განსაკუთრებით კარგად ავსებს თევზის ბუნებრივ გემოს და მას უფრო არომატულს ხდის.
ცალკე აღსანიშნავია სვანური მარილი, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული პროდუქტია. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც ყოველდღიურ კერძებში, ისე სალათებში, კარტოფილში, ხორცში და სხვა მრავალ კერძში, რაც მას მომხმარებლისთვის ძალიან პრაქტიკულ პროდუქტად აქცევს.
საცივის საკმაზზე კი მოთხოვნა განსაკუთრებით იზრდება სეზონურად, განსაკუთრებით სადღესასწაულო პერიოდში. ეს არის ქართული ტრადიციული კერძისთვის შექმნილი დაბალანსებული ნარევი, რომელიც საცივის დამახასიათებელ არომატსა და გემოს ქმნის და მომზადების პროცესს მნიშვნელოვნად ამარტივებს.
ჩვენი მიზანია, „პაპრიკას“ თითოეული პროდუქტი მომხმარებლისთვის იყოს არა უბრალოდ სუნელი, არამედ მარტივი გზა უფრო გემრიელი, არომატული და გამორჩეული კერძის მოსამზადებლად.
როგორია „პაპრიკას“ პოზიციები საექსპორტო მიმართულებით და რომელ ბაზრებზე გაქვთ ამ ეტაპზე ძირითადი ფოკუსი?
ექსპორტი „პაპრიკას“ განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა და ამ მიმართულებით უკვე გვაქვს რეალური გამოცდილება. ჩვენი მიზანია, არსებული პარტნიორული ურთიერთობები კიდევ უფრო გავაფართოვოთ და ქართული პროდუქცია ახალ საერთაშორისო ბაზრებზე შევიტანოთ.
ამ ეტაპზე განსაკუთრებული ყურადღება ევროპულ ბაზარზე გვაქვს გამახვილებული. პარალელურად აქტიურად ვმუშაობთ გერმანიის ბაზარზე ერთ-ერთ სავაჭრო ქსელში შესვლის მიმართულებით, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი განვითარების შესაძლებლობაა.
ასევე აქტიურად ვემზადებით საერთაშორისო გამოფენებისთვის. „პაპრიკა“ გეგმავს მონაწილეობას ჩიკაგოში, U.S. Private Label Trade Show-ზე, სადაც გვექნება შესაძლებლობა, ჩვენი პროდუქცია საერთაშორისო მყიდველებსა და პოტენციურ პარტნიორებს გავაცნოთ.
ამასთან ერთად, ვემზადებით ბერლინის საერთაშორისო გამოფენისთვისაც, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ახალი პარტნიორების მოძიებისა და ევროპულ ბაზარზე ჩვენი პროდუქციის პოზიციონირების მიმართულებით.
ჩვენთვის ექსპორტი მხოლოდ პროდუქციის სხვა ქვეყანაში გაყიდვას არ ნიშნავს. ეს არის შესაძლებლობა, საერთაშორისო მომხმარებელს გავაცნოთ ქართული გემო, ქართული წარმოება და ის ხარისხი, რომელსაც „პაპრიკა“ ქმნის.
რა გეგმები აქვს კომპანიას წლის დარჩენილი პერიოდისთვის - იგეგმება თუ არა წარმოების, გაყიდვების ან ახალი მიმართულებების განვითარება?
2026 წლის დარჩენილ პერიოდში ჩვენი მთავარი მიზანია განვითარების არსებული ტემპის შენარჩუნება და კიდევ უფრო გაძლიერება.
ვგეგმავთ როგორც გაყიდვების არხების გაფართოებას, ისე საექსპორტო მიმართულების განვითარებას. პარალელურად ვმუშაობთ ახალი პარტნიორების მოძიებაზე და საერთაშორისო ბაზრებზე „პაპრიკას“ პროდუქციის წარდგენაზე.
ამასთან, მუდმივად ვაკვირდებით მომხმარებლის მოთხოვნას და ვმუშაობთ ახალი პროდუქტებისა და მიქსების განვითარებაზე. გვინდა, რომ ჩვენი ასორტიმენტი კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდეს და მომხმარებელს ჰქონდეს შესაძლებლობა, „პაპრიკას“ დახმარებით მარტივად მოამზადოს როგორც ყოველდღიური, ისე ტრადიციული და სადღესასწაულო კერძები.
ჩვენი მთავარი მიზანია, „პაპრიკა“ კიდევ უფრო გაძლიერდეს ქართულ ბაზარზე და ამავდროულად გახდეს ქართული წარმოების ერთ-ერთი ბრენდი, რომელიც საკუთარ პროდუქტს საერთაშორისო მომხმარებელს გააცნობს და ქართულ გემოს საზღვრებს გარეთაც წარადგენს.
ცნობისთვის, პროდუქცია ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებულ ყველა საფეხურს გადის - დაწყებული პროდუქტის გადარჩევიდან დამთავრებული შეფუთვით. წარმოებისთვის გამოიყენება ბიოლოგიურად სუფთა, ორგანული ნედლეული.
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკმა Citi-სგან ვაჭრობის დაფინანსებისთვის $50 მილიონის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა
12.10.2026.11:04
საქართველოს ბანკმა Citi-სთან ერთწლიან, 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სავაჭრო დაფინანსების შეთანხმებას მოაწერა ხელი. სტრატეგიული შეთანხმება, 2011 წელს მიღებული ხელშეკრულების- Continuing Agreement for Reimbursement of Trade Advances (CARTA) ფარგლებში გაფორმდა და იგი Citi-სა და საქართველოს ბანკს შორის მეთექვსმეტე წარმატებულ გარიგებას წარმოადგენს.
ახალი შეთანხმება მიზნად ისახავს ქვეყანაში სწრაფად მზარდი კორპორატიული, მცირე და საშუალო (SME) ბიზნესებისთვის სავაჭრო დაფინანსება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახადოს და ამით გააძლიეროს სექტორი. ფინანსური რესურსი საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართულ ბიზნესებს მნიშვნელოვან მხარდაჭერას გაუწევს, დაეხმარება აუცილებელ დაფინანსებაზე წვდომაში და ქვეყნის მასშტაბით, ეკონომიკურ ზრდას შეუწყობს ხელს.
„ვამაყობთ, რომ Citi-სთან ჩვენ გამორჩეულ პარტნიორობას 50 მილიონი აშშ დოლარის სავაჭრო დაფინანსების შეთანხმებით ვაგრძელებთ. ქართული კომპანიების, განსაკუთრებით კორპორატიული და მცირე-საშუალო ბიზნესის სეგმენტის მზარდი საჭიროებების გათვალისწინებით, ვაგრძელებთ სავაჭრო დაფინანსებისთვის ძლიერი გადაწყვეტილებების შეთავაზებას, რაც მათ წარმატებას შეუწყობს ხელს. ეს შეთანხმება ადასტურებს ჩვენი გამოცდილებისადმი გლობალური პარტნიორების ნდობას და ქართული ბაზრის განვითარებისადმი ჩვენს ერთგულებას. მოუთმენლად ველით Citi-სთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას, რათა ახალი ზრდის შესაძლებლობები შევქმნათ ბიზნესებისთვის როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე,“- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.
“როგორც წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში და კავკასიის რეგიონში, საქართველოს ბანკი Citi-სთვის ღირებულ პარტნიორად რჩება. აღნიშნული თანამშრომლობა აფართოებს ჩვენს შესაძლებლობებს სავაჭრო დაფინანსების ინიციატივების განხორციელებისა და კლიენტთა ზრდის ამბიციების მხარდაჭერის კუთხით. ასევე, კიდევ უფრო ამყარებს Citi-ს მტკიცე ვალდებულებას საქართველოსა და მთლიანად რეგიონის ეკონომიკური განვითარების მიმართ,“- განაცხადა ემრე უმუთმა, Citi-ს ფინანსური ინსტიტუტის გაყიდვების სახაზინო და სავაჭრო გადაწყვეტილებების მიმართულების ხელმძღვანელმა შუა აღმოსავლეთსა და აფრიკაში.