Paragraph Resort & Spa Shekvetili და Paragraph Golf & Spa Tabori ქართველ სტუმრებს 30%-იან ფასდაკლებას სთავაზობენ - რა კეთდება მეტი სტუმრის მისაღებას
Paragraph-ის ბრენდის სასტუმროებმა საქართველოს მოქალაქეებისთვის ექსკლუზიური შეთავაზება აამოქმედეს. აქცია ვრცელდება სასტუმროებზე: Paragraph Resort & Spa Shekvetili და Paragraph Golf & Spa Tabori (Autograph Collection) და საქართველოს მოქალაქეებისთვის 30%-იან ფასდაკლებას ითვალისწინებს.
„აირჩიეთ ბუნების სიმშვიდე ან ზღვის ჰორიზონტი და გაატარეთ დაუვიწყარი დღეები 30%-იანი ფასდაკლებით. შეთავაზება ძალაშია მარტის ბოლომდე და ვრცელდება შუა კვირის ჯავშნებზე - კვირიდან ხუთშაბათის ჩათვლით“, - აღნიშნულია სასტუმროების სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.
როგორც Business Insider Georgia-სთან საუბრისას სასტუმროების Paragraph Freedom Square, Paragraph Resort & Spa Shekvetili-სა და Paragraph Golf & Spa Tabori-ს გაყიდვების დირექტორმა, თამუნა ჩხეიძემ განაცხადა, კომპანია მაქსიმუმს აკეთებს მეტი სტუმრის დასაინტერესებლად, თუმცა საბოლოო შედეგი მაინც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საგარეო ფაქტორებზე.
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად Paragraph Resort & Spa Shekvetili-ს აქტუალობა იზრდება და ამ ფონზე Business Insider Georgia დაინტერესდა, ჯავშნების როგორი დინამიკაა შეკვეთილში მდებარე 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მაგალითზე.
„ჯავშნების რაოდენობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ჩვენს მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებზე. აპრილის ჯავშნებზე დიდ გავლენას ახდენს ისრაელში არსებული ვითარება და ზოგადად, სამეზობლოში განვითარებული მოვლენები. ამ ეტაპზე წინასწარი ჯავშნები არ გაუქმებულა, თუმცა პროცესს ვაკვირდებით, რადგან გაუქმების რისკი არსებობს. შესაბამისად, წინასწარ რაიმეს პროგნოზირება რთულია.
ჩვენი მხრივ, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ გამართულად ვიმუშაოთ და მეტი სტუმარი მოვიზიდოთ. აქტიურად ვთანამშრომლობთ იმ ქვეყნების წარმომადგენლებთან, რომლებიც გეოგრაფიულად კონფლიქტურ ზონებში არ მდებარეობენ; მათთვის ვაწყობთ გაცნობით ტურებს - ე.წ. „ფამ ტრიპებს“ (Fam Trips). ასევე, ვაგრძელებთ მონაწილეობას სხვადასხვა ტურისტულ გამოფენაში. ამჟამად პარიზში ვიმყოფები, სადაც საქართველოს საკონვენციო ბიუროსთან ერთად არაერთი შეხვედრა გვაქვს დაგეგმილი. ეს არ არის კლასიკური გამოფენა, თუმცა ბევრი საქმიანი შეხვედრაა გაწერილი, რაც მეტწილად MICE ტურიზმთან არის კავშირში. აქტიურად ვთანამშრომლობთ იმ ქვეყნებთან, სადაც პოტენციალს ვხედავთ და რაც ყველაზე მთავარია, სადაც პირდაპირი ფრენები გვაქვს“, - აცხადებს თამუნა ჩხეიძე.
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კონფერენცია eCommerce Georgia 2026 გაიმართება
23.10.2026.19:57
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ელექტრონული კომერციის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ყოველწლიური კონფერენცია - eCommerce Georgia 2026 გაიმართება.
eCommerce Georgia 2026-ს „იქომერს ასოციაცია საქართველო“ 2023 წლიდან ატარებს. კონფერენცია მიზნად ისახავს ელექტრონული კომერციის სფეროში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, პროფესიული კავშირების გაძლიერებასა და ახალი პარტნიორობებისა და თანამშრომლობის შესაძლებლობების შექმნას.
ღონისძიება ერთ სივრცეში გააერთიანებს ბიზნესის ლიდერებს, ტექნოლოგიური კომპანიების, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს, ინვესტორებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვადასხვა ინდუსტრიის ექსპერტებს. კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ ინდუსტრიის აქტუალურ ტენდენციებს, განიხილონ ელექტრონული კომერციის განვითარების შესაძლებლობები და იმსჯელონ სექტორის წინაშე არსებულ გამოწვევებზე.
ღონისძიების გამომსვლელებს შორის არიან:
• დოდი მალაზონია - Bank of Georgia-ს იქომერს ექვაირინგის ხელმძღვანელი;
• მარიამ ჩახვაშვილი - Galt & Taggart-ის სექტორული კვლევების ჯგუფის უფროსი;
• მოჰამედ ბარდასტანი - Visa-ს მთავარი ეკონომისტი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონში;
• ლუკა ხალაძე - WEB Features-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი;
• თორნიკე გაბუნია - UGT Cloud-ის ბიზნეს განვითარების ხელმძღვანელი;
• ნინო ტომარაძე - Glovo საქართველოს სწრაფი კომერციის მიმართულების ხელმძღვანელი;
• დაზ აკბაროვი - Amazon Web Services-ის გადაწყვეტილებების არქიტექტორი;
• იასმინ მარიჩი - eComm-ის ბოსნია და ჰერცეგოვინის ელექტრონული კომერციის ასოციაციის პრეზიდენტი;
• არჯუნ სარკარი - Dubai Commercity-ის ციფრული ეკოსისტემებისა და პარტნიორული ურთიერთობების ვიცე-პრეზიდენტი;
• მაქსიმ მოროზოვი - Retailgrid-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი;
• როზერინ ალპი - Inspark-ის გადაწყვეტილებების ინჟინერი
eCommerce Georgia 2026-ის მთავარი თემები იქნება:
• საცალო ვაჭრობის მომავალი: ხელოვნური ინტელექტი, ომნიჩენელური და სოციალური კომერცია;
• ზრდის ინფრასტრუქტურა: ნდობა, გადახდები და ლოგისტიკა;
• ტრანსსასაზღვრო კომერცია: გლობალური ბაზრები და საერთაშორისო ვაჭრობა.
“საქართველოს ბანკისთვის ბიზნესის განვითარებისა და ციფრული შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. eCommerce Georgia 2026-ის მხარდაჭერით, ბანკი ხელს უწყობს ელექტრონული კომერციის ეკოსისტემის განვითარებას, სფეროს წარმომადგენლებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას და ახალი ბიზნესკავშირების ჩამოყალიბებას. სასიამოვნოა, რომ ღონისძიება წლიდან წლამდე უფრო და უფრო მასშტაბური ხდება და საინტერესო სპიკერებს აერთიანებს”, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.
ღონისძიების გენერალური პარტნიორები: საქართველოს ბანკი ბიზნესი და Inspark
ინოვაციების პარტნიორი: Visa
პარტნიორები: Web Features, UGT Clouds, Kiwi Post, Glovo, Creatio, Quickshipper, Retailgrid, Azfina, UNIEF, eComm Association in Bosnia and Herzegovina