პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
2026 წლის 3 აგვისტოდან პაშა ბანკის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარისა და გენერალური დირექტორის პოზიციას პუნჰან ნარიმანოვი იკავებს.
მისი ხელმძღვანელობით, ბანკი კვლავაც აქტიურად გააგრძელებს საქართველოში ბიზნესის მხარდაჭერას, პარტნიორული ურთიერთობების გაძლიერებასა და სტრატეგიული გეგმების განხორციელებას.
პუნჰან ნარიმანოვმა საბანკო კარიერა 2007 წელს Kapital Bank OJSC-ში დაიწყო, სადაც ხაზინისა და ფულადი სახსრების მართვის მიმართულებით არაერთი წამყვანი პოზიცია ეკავა.
2021–2022 წლებში, როგორც Komtec Ltd. LLC-ის („MilliÖn“) გენერალური დირექტორი, კომპანიის სტრატეგიულ განვითარებას უძღვებოდა.
2022 წლის აპრილიდან მას PashaPay LLC-ის გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიცია ეკავა, სადაც ოპერაციებს, პროდუქტების განვითარებას, ფინანსებსა და სხვა მნიშვნელოვან ბიზნეს მიმართულებებს მართავდა. მოგვიანებით დაინიშნა გენერალურ დირექტორად და პასუხისმგებელი იყო კომპანიის სტრატეგიულ ზრდასა და განვითარებაზე.
პუნჰან ნარიმანოვმა ეკონომიკის ბაკალავრის ხარისხი მიიღო მოსკოვის ტუროს უნივერსიტეტში, შემდეგ კი ფინანსების მაგისტრის ხარისხი - აზერბაიჯანის სახელმწიფო ეკონომიკურ უნივერსიტეტში. მოგვიანებით მან ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი მიიღო IE Business School-ში.
პაშა ბანკის შესახებ
პაშა ბანკი საქართველოში 13 წელია ოპერირებს და ბიზნესებს კორპორატიული საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. იგი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი აზერბაიჯანული ჰოლდინგის - პაშა ჰოლდინგის წევრია. პაშა ბანკი წარმოდგენილია სამ ქვეყანაში - აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი. რეგიონში მოღვაწე ბიზნესებისთვის ბანკი მნიშვნელოვანი და ძლიერი ფინანსური პარტნიორია.
სხვა სიახლეები
მიკრობანკი „კრისტალი“ - 2026 წლის პირველ ნახევარის შედეგები, ზრდა და ახალი საბანკო სერვისები - ინტერვიუ ილია რევიასთან
11.08.2026.11:00
მიკრობანკი „კრისტალი“ 2026 წლის პირველ ნახევარს მნიშვნელოვანი შედეგებით ასრულებს. კომპანიის გენერალური დირექტორი ილია რევია Business Insider Georgia-სთან ინტერვიუში წლის პირველი ექვსი თვის შედეგებზე, „კრისტალის“ საბანკო ტრანსფორმაციის პროცესზე, განხორციელებულ ცვლილებებსა და კომპანიის სამომავლო გეგმებზე საუბრობს.
როგორ შეაფასებდით „კრისტალის“ საქმიანობას 2026 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში და რა იყო კომპანიისთვის ამ პერიოდის მთავარი მიღწევები?
2026 წლის პირველი ნახევარი „კრისტალისთვის“ საბანკო ტრანსფორმაციის შედეგების რეალიზების საწყისი პერიოდი იყო. თუ გასული წელი ისტორიული იყო მიკრობანკის ლიცენზიის მიღების თვალსაზრისით, მიმდინარე წელი უკვე ამ ტრანსფორმაციის პირველი შედეგების მასშტაბირების ეტაპია.
გასულ წელს კომპანიამ არა მხოლოდ სტატუსი შეიცვალა, არამედ სრული შინაარსობრივი და სტრუქტურული ტრანსფორმაცია განიცადა. ლიცენზიის მიღებიდან მხოლოდ ოთხ თვეში „კრისტალმა“ სრულფასოვნად აამოქმედა ძირითადი საბანკო პროდუქტები და სერვისები. მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გახდა საბანკო ანგარიშები, ბარათები, ანაბრები, დეპოზიტები და სხვა პროდუქტები, რამაც ტრანსფორმაციის პრაქტიკული შედეგი ძალიან მოკლე დროში გახადა თვალსაჩინო.
შეიძლება ითქვას, რომ ტრანსფორმაციის შემდგომი პირველი წელი, ბაზარზე შესვლას და დამკვიდრებას დაეთმო. „კრისტალმა“ მოახერხა ის, რაც ბევრი ფინანსური ინსტიტუტისთვის დიდ გამოწვევას წარმოადგენს: ჩვენ განვახორციელეთ მნიშვნელოვანი ორგანიზაციული ცვლილებები, შევინარჩუნეთ ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და გავაფართოვეთ ფინანსურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა. დღეს ჩვენი ყურადღება მიმართულია კომპანიის სტრატეგიის ეფექტიან განხორციელებაზე, ციფრული ტრანსფორმაციის დაჩქარებასა და დაფინანსების სტრუქტურის დივერსიფიცირებაზე, რაც კომპანიის მდგრადი განვითარებას უზრუნველყოფს.
რაც შეეხება მიმდინარე წელს, 2026 წლის პირველ ნახევარში ჩვენი ჯამური პორტფელი 607 მილიონი ლარს შეადგენდა, ხოლო კაპიტალზე უკუგება (ROE) კი 15,78% იყო. ტრანსფორმაციასთან ერთად, გაიზარდა მომხმარებელთა ნდობაც, რაც გამოიხატებოდა დეპოზიტების და საინვესტიციო პროდუქტების პორტფელის ზრდით. 2025 წლის ივნისში დეპოზიტების და საინვესტიციო პროდუქტის პორტფელი 30 მილიონი, ხოლო 2026 წლის ივნისში - 98 მილიონი ლარი იყო. ეს ჩვენდამი ნდობის ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.
ამას გარდა, წლის პირველ ნახევარშიც აქტიურად ვთანამშრომლობდით საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, რაც „კრისტალს“ საშუალებას აძლევს, უზრუნველყოს გრძელვადიანი და დივერსიფიცირებული დაფინანსება. ჯამში კრისტალმა საერთაშორისო პარტნიორებისგან წლის პირველ ნახევარში 120 მილიონი ლარის დაფინანსებია მოიზიდა.
2026 წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა იყო ევროპული სარეიტინგო სააგენტო, Scope Ratings GmbH-ის, მიერ ბანკის ყოველწლიური საკრედიტო შეფასება, რომლის მიხედვით, „კრისტალს“ B+/სტაბილური საკრედიტო რეიტინგი დადასტურდა. სააგენტომ დადებითად შეაფასა „კრისტალის“ კორპორაციული მმართველობის სისტემის გაუმჯობესება, კაპიტალის მყარი პოზიცია და მაღალი ლიკვიდობა, მდგრადი ფინანსური მაჩვენებლები, დეპოზიტების პორტფელის ზრდა და დივერსიფიცირებული დაფინანსების მოდელი, რაც ბანკის გრძელვადიან მდგრადობას კიდევ ერთხელ ადასტურებს. ეს შეფასება ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორც საერთაშორისო აღიარება იმისა, რომ „კრისტალის“ განვითარება სწორი მიმართულებით მიდის.
რა ძირითადი ტენდენციები და ცვლილებები გამოიკვეთა ფინანსურ ბაზარზე წლის პირველ ნახევარში და როგორ პასუხობს „კრისტალი“ მომხმარებელთა ახალ საჭიროებებს?
მოგეხსენებათ, დღეს საფინანსო სექტორში მაღალი კონკურენცია, მხოლოდ საპროცენტო განაკვეთებით აღარ განისაზღვრება. მომხმარებელი გადაწყვეტილებას სულ უფრო ხშირად იღებს მომსახურების სიმარტივის, დროისა და ციფრული გამოცდილების მიხედვით.
„კრისტალი“ ამ ცვლილებებს პასუხობს ტექნოლოგიურ განვითარებაში უწყვეტი ინვესტირებით, პროდუქტების დახვეწითა და მომსახურების პროცესების გამარტივებით.
რა გეგმები აქვს „კრისტალს“ 2026 წლის დარჩენილი პერიოდისთვის და რომელ სტრატეგიულ მიმართულებებს მიენიჭება მთავარი პრიორიტეტი?
წლის მეორე ნახევარში ჩვენი ფოკუსი რამდენიმე სტრატეგიულ მიმართულებაზე იქნება კონცენტრირებული. პირველ რიგში, გავაგრძელებთ ციფრული არხების განვითარებას და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებას, რაც ჩვენი გრძელვადიანი სტრატეგიის ქვაკუთხედია.
პარალელურად, გავაძლიერებთ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას და ფინანსებზე ხელმისაწვდომობას, რადგან მიგვაჩნია, რომ სწორედ ეს სექტორი წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვან მამოძრავებელ ძალას.
მესამე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავება და დამატებითი საინვესტიციო რესურსების მოზიდვა იქნება.
ჩვენი მიზანია, „კრისტალმა“ შეინარჩუნოს სტაბილური ზრდის ტემპი, განაგრძოს განვითარება და მომხმარებლებს შესთავაზოს თანამედროვე, მოქნილი და სანდო ფინანსური მომსახურება, რომელიც პასუხობს როგორც დღევანდელ, ისე მომავალ საჭიროებებს. ასევე „კრისტალმა“ განვითარების ახალ ეტაპზე უნდა დაიმკვიდროს ადგილი, როგორც თანამედროვე ქართულმა ფინანსურმა ინსტიტუტმა, რომელიც გააერთიანებს ინოვაციას, პასუხისმგებლიან დაფინანსებას და მომხმარებელთან გრძელვადიან პარტნიორობას.
მიგვაჩნია, რომ მიკრობანკების მოდელი საქართველოს ფინანსური სექტორის განვითარების ახალი ეტაპია. ის ზრდის კონკურენციას, აფართოებს ფინანსურ სერვისებზე ხელმისაწვდომობას და მომხმარებელს მეტ არჩევანს სთავაზობს. გვჯერა, რომ „კრისტალი“ ყოველთვის იქნება ამ ცვლილებების ერთ-ერთი მამოძრავებელი და სწორედ ამ იდეით ვაგრძელებთ განვითარებას.