პირველ კვარტალში, თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციები 1%-ით შემცირდა
2023 წლის I კვარტალში, თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 9,633 ერთეული შეადგინა და წინა წლის I კვარტალთან შედარებით, უმნიშვნელოდ, 1%-ით შემცირდა. ბაზრის ზომა კი 12%-ით, 532 მილიონ აშშ დოლარამდეა გაზრდილი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას recov ავრცელებს.
recov-ის მონაცემებითვე, 2023 წლის I კვარტალში, ახალ პროექტებში ტრანზაქციების 1%-იანი ზრდა ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2022 წლის I კვარტალთან შედარებით მაჩვენებელი 5%-ით შემცირდა.
2023 წლის I კვარტალში, თბილისში ახალაშენებულ პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 77%-ით გაიზარდა, მედიუმ სეგმენტში კი მაჩვენებლის 37%-იანი ზრდა დაფიქსირდა. რაც შეეხება ეკონომ სეგმენტს, ტრანზაქციების რაოდენობა 17%-ით შემცირდა, 3,800 ერთეულამდე.
I კვარტალში, თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 13%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრში - 14%-ით, ქალაქის ცენტრში კი 10%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
საანგარიშო პერიოდში, თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 8%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი 4% და 7%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.