პირველი ბიო ნუშის მწარმოებელი კომპანია „ნუში“ ზრდის სტრატეგიასა და სამომავლო გეგმებზე
Nushi • ნუში საქართველოში წარმოებული პირველი ბიო ნუშის კომპანიაა, რომელიც 2020 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. კომპანიის საქმიანობისა და სამომავლო განვითარების შესახებ Business Insider Georgia-ს დამფუძნებელი თორნიკე მჭედლიშვილი ესაუბრა.
„ჩვენი კომპანია ბიო მეურნეობითაა დაკავებული - გვაქვს ბიო ნუშის ბაღი, რომელიც 2020 წლიდან გაშენდა. ბაღი უკვე მეექვსე წელშია და მეორე წელია მოსავლიანობა დაიწყო.
წარმოდგენილები ვართ როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო ბაზარზე, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში - გერმანიაში, ჰოლანდიაში და შვეიცარიაში.
ადგილობრივ ბაზარზე ნუშზე მოთხოვნა და მისი ცნობადობა ეტაპობრივად იზრდება. ბიო სექტორზე საქართველოში ჯერ კიდევ შედარებით დაბალი მოთხოვნაა, თუმცა ბაზრის განვითარების ფონზე მისი ზრდა მოსალოდნელია. ამავდროულად, ევროპულ ქვეყნებში ბიო პროდუქტებზე მოთხოვნა სტაბილურად და აქტიურად იზრდება “, - ამბობს თორნიკე მჭედლიშვილი.
კომპანია პირველია ადგილობრივ ბაზარზე, რომელიც ბიო ნუშის მიმართულებით ოპერირებს.
„საქართველოში ბიო მიმართულებით ამ ეტაპზე მხოლოდ ჩვენი კომპანია ოპერირებს, შესაბამისად პირდაპირ კონკურენციაში არავისთან არ ვიმყოფებით. თუმცა, ზოგადად ქვეყანაში ნუშის ბაღები დიდი რაოდენობითაა გაშენებულია და დარგი განვითარების ეტაპზეა.
მნიშვნელოვანია, რომ სამომავლოდ მოსალოდნელია ნუშის მოცულობის ზრდა, რის შედეგადაც ადგილობრივი ბაზარი სრულად ვეღარ აითვისებს წარმოებულ პროდუქციას და ექსპორტის მიმართულება გახდება აქტუალური. ამ შემთხვევაში, სავარაუდოდ, კონკურენცია ჩამოყალიბდება ისეთ მახასიათებლებზე, როგორიცაა ხარისხი, ფასი, პროდუქციის წონა, მიწოდების ვადები და ა.შ. “, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.
„ნუში“ სამომავლოდ ასორტიმენტის გაფართოებასა და პროდუქციის ხაზის განვითარებას გეგმავს.
„წელს მიზნად გვაქვს ასორტიმენტის კიდევ უფრო გაფართოება და ნუშის ფქვილის დამატება. მომდევნო წელს კი, სავარაუდოდ, პროდუქციის ხაზს ნუშის ცივად დაწურულ ზეთსაც დავამატებთ “, - აცხადებს თორნიკე მჭედლიშვილი.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.