პირველი ქართული ეკომეგობრული კომპანია „ტენე“ ნარჩენების სანაცვლოდ ქულებს არიგებს
სოციალური საწარმო ,,ტენე" ნარჩენების მართვისა და გარემოზე მავნე ზემოქმედების რისკის შემცირების მიზნით მოსახლეობას ნარჩენების სანაცვლოდ ქულებს სთავაზობს.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი სანდრო ლილუაშვილი გვიხსნის, პროცედურა მარტივია: მოქალაქეები აგროვებენ პლასტმასის ბოთლებს, თავსახურებს და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენს, რასაც ქულებში ცვლიან.
ამ ქულებით მათ „ტენეს“ მაღაზიაში სასურველი ნივთის შეძენა ან ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ. თითო ქულა 1 ლარს უდრის.
,,საქართველოში ნარჩენების მართვის კუთხით ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება ჯეროვნად ვერ ხდება. ვერც მუნიციპალიტეტები იჩენენ დიდ აქტიურობას, რის ფონზეც ქვეყნის ეკოსისტემა ზიანდება. ასეთ დროს დიდი როლი აკისრია ბიზნესსა და მოქალაქეებს, რომელთა ერთობლივი ჩართულობით რისკების მინიმიზაცია შესაძლებელია.
ამიტომ მაქსიმალურად ვცადეთ, ნარჩენების მართვას მიეღო წამახალისებელი აქციის სახე, რამაც გაამართლა. მოსახლეობას ვთავაზობთ, რომ არ გადაყარონ საყოფაცხოვრებო მყარი ნარჩენი, არამედ მოგვიტანონ და ჩვენ ჩაგვაბარონ, რის სანაცვლოდაც ვურიცხავთ ქულებს. აქვთ ვირტუალური პირადი ოთახი, სადაც შეიძლება შევიდნენ, ნახოთ რამდენი ქულა აქვთ დარიცხული და ონლაინ დაათვალიერონ, რა პროდუქტების შეძენას შეძლებენ დაგროვილი ქულებით. შეიძლება, სრულად ვერ ახერხებენ პროდუქტების ყიდვას, მაგრამ მნიშვნელოვან ფასდაკლებას იღებენ.
ჯერჯერობით პროდუქციის ყიდვა ჩვენსავე მაღაზიაშია შესაძლებელი თუმცა სამომავლოდ პარტნიორ კომპანიებსაც დავამატებთ", - ამბობს სანდრო ლილუაშვილი Business Insider Georgia-თან.
„ტენეს“ საწარმოში მოხვედრით ნარჩენები ახალ სიცოცხლეს იძენენ და USB კაბელები იწარმოება.
მალე ჩაეშვება ახალი პროექტი- წყლის დისპენსერის ჭიქების კოლექტორი, რის საშუალებითაც მილიონობით პლასტმასის ჭიქა აღარ მოხვდება გარემოში.
ცნობისთვის, „ტენე“ წლის სოციალური საწარმო 2022-ის ფინალისტია. „ტენეს“ ქარხანა წეროვანის დევნილთა დასახლებაში მდებარეობს და იძულებით გადაადგილებული პირების დასაქმება კომპანიის დამატებითი სოციალური პასუხისმგებლობაა.
საწარმოში 20 ადამიანია დასაქმებული. ,,ტენე" 2021 წელს დაფუძნდა. განხორციელებული ინვესტიცია 150 ათასი დოლარს შეადგენს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.