„პლანტველი" წარმოების გაფართოებასა და ახალი მიმართულებების განვითარებაზე მუშაობს
წლევანდელმა სეზონმა ჩვენი მოლოდინები სრულად გაამართლა, - ამის შესახებ, Business Insider Georgia-ს „პლანტველის“ დამფუძნებელმა, მანანა ანჯაფარიძემ განუცხადა.
„წლევანდელმა სეზონმა ჩვენი მოლოდინები სრულად გაამართლა. მიუხედავად იმისა, რომ გაზაფხულზე ამინდი არასტაბილური იყო, ეს ჩვენს წარმოებაზე არ ასახულა, რადგან დახურულ გრუნტში ვმუშაობთ. შესაბამისად, ყველა პროცესი წინასწარ იყო დაგეგმილი და იმ გეგმას, რომელიც სეზონის დასაწყისში გვქონდა, ზუსტად მივყევით. ხელისშემშლელი ფაქტორები პრაქტიკულად არ გვქონია.
ამ ეტაპზე მთავარი გამოწვევა რეალიზაციაა. მსხვილ სავაჭრო ქსელებს საკუთარი მოთხოვნები აქვთ, რაც გარკვეულ სირთულეებს ქმნის. თუმცა იმ ქსელებში, სადაც უკვე წარმოდგენილები ვართ, „წერტსა“ დაWolt-ზე, წარმატებით ვახდენთ პროდუქციის რეალიზაციას და მომხმარებლების მხრიდან საკმაოდ კარგი გამოხმაურება გვაქვს მარწყვის ფანტელთან დაკავშირებით. პარალელურად, აქტიურად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს სხვა მსხვილ ქსელებთანაც და იმედი გვაქვს, თანამშრომლობის არეალსაც გავაფართოებთ“, - აცხადებს მანანა ანჯაფარიძე.
კომპანია სამომავლოდ რამდენიმე მიმართულების განვითარებას გეგმავს.
„სამომავლოდ რამდენიმე მიმართულების განვითარებაზე ვაკეთებთ აქცენტს. ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მარწყვის წარმოების გაფართოებაა. პარალელურად, აქტიურად ვავითარებთ ჩირის მიმართულებას, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვან პოტენციალს წარმოადგენს.
ასევე, დავარეგისტრირეთ კვალიფიცირებული სანერგე მეურნეობა და აქტიურად ვმუშაობთ მარწყვის ხარისხიანი ნერგების წარმოებასა და რეალიზაციაზე. ამ მიმართულებით მოთხოვნა მზარდია და ჩვენი მიზანია, საქმიანობა კიდევ უფრო ფართო მასშტაბზე გავაფართოოთ.
წარმოების პროცესს ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად ვგეგმავთ. ჩირის ხანგრძლივი შენახვის ვადა საშუალებას გვაძლევს, მარაგები წინასწარ შევქმნათ და მომხმარებელთა მოთხოვნა უწყვეტად დავაკმაყოფილოთ. ჩვენი მთავარი უპირატესობა მაღალი ხარისხის პროდუქციაა, რაზეც განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.
ინფორმაციისთვის, „პლანტველის“ მეურნეობა მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მისაქციელში მდებარეობს.
სხვა სიახლეები
საქართველოს საავიაციო ბაზარზე ავიკომპანია Royal Jordanian-მა დაიწყო ოპერირება
22.10.2026.18:55
საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირება კიდევ ერთმა ახალმა, იორდანიის ეროვნულმა ავიაკომპანია Royal Jordanian-მა დაიწყო.
22 ოქტომბერს ავიაკომპანიამ A320 ტიპის ხომალდით ამანიდან თბილისის მიმართულებით, პირველი რეგულარული ავიარეისი შეასრულა.
თბილისი-ამანის მიმართულებით ავიაკომპანია პირველ ეტაპზე რეისებს კვირაში ერთხელ, ხუთშაბათობით შეასრულებს.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება Royal Jordanian Airlines-თან მოლაპარაკებებს 2024 წლიდან აწარმოებდა, შედეგად, ავიაკომპანიამ საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები დაიწყო.