Porsche, Bentley, Lamborghini - პრემიუმ ბრენდების მარკეტინგის მიმართულებას საქართველოში თათო ხოსროშვილი უხელმძღვანელებს
ავტოინდუსტრიის სამი გამორჩეული პრემიუმ ბრენდი და სამი რადიკალურად განსხვავებული ხასიათი - საქართველოში Porsche-ს, Lamborghini-სა და Bentley-ს მარკეტინგული კომუნიკაცია თათო ხოსროშვილმა ჩაიბარა. პრემიუმ ბრენდთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, Porsche Centre Tbilisi-ში ხუთი წელი გაატარა, თუმცა ახლა პასუხისმგებლობები გასამმაგდა და ახალი პოზიცია განსხვავებულ უნარებსა და მიდგომებს მოითხოვს, პირველ რიგში კი, გაცილებით დიდი გუნდის მენეჯმენტს, რომელთან ერთადაც სხვადასხვა ხასიათის სამი მსოფლიო ბრენდის იდენტობა ქვეყანაში სათანადოდ უნდა წარმოაჩინოს.
თათო ხოსროშვილი, Porsche Centre Tbilisi-ს, Lamborghini Tbilisi-სა და Bentley Centre Tbilis-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი: „ორი სრულიად განსხვავებული ემოცია ერთდროულად მოდის, როდესაც ასეთ პოზიციას გთავაზობენ, - სიამაყე და სამმაგი პასუხისმგებლობის შეგრძნება. ერთდროულად უნდა იფიქრო ისეთ ბრენდებზე, რომელთა დნმ ერთმანეთს საერთოდ არ ჰგავს, - დახვეწილი და ელეგანტური Bentley, სპორტქარი Porsche და ექსტრავაგანტური Lamborghini. სწორედ Lamborghini-თ იწყება სუპერქარების პირველი ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ „თეგეტა ჰოლდინგის“ მსუბუქი ავტომობილების მიმართულებისთვის, არამედ ქვეყნის ბიზნესგარემოსთვისაც.
სამივე ბრენდს აერთიანებს სწრაფვა სრულყოფილებისაკენ. ჩვენი გუნდის ხედვაც ასეთია - გავაუმჯობესოთ ჩვენივე მიღწევები. ასე ვუყურებ ყველა გამოწვევასა თუ პროექტს“.
ათ წელზე მეტია მარკეტინგის სფეროშია, აქედან ნახევარი Porsche Centre Tbilisi-ში ჯერ მარკეტინგის მენეჯერის სტატუსით გაატარა, შემდეგ კი - ხელმძღვანელის. გამოწვევაც ბევრი იყო, თუმცა წარმატებული პროექტი - კიდევ უფრო მეტი. განსაკუთრებული სიამაყით Destination Porsche-ს კონცეფციით შექმნილ შოურუმს ასახელებს, რომელიც მსოფლიო მასშტაბით გამორჩეულია. Forbes Under 30-ის გამარჯვებული მარკეტერის პორტფელშია ასევე რამდენიმე საერთაშორისო ჯილდო, მათ შორის სახელობითი. კრეატიული ხედვისთვის თათო ხოსროშვილს Porsche Marketing Award საერთაშორისო ღონისძიებაზე გადასცეს. საქმიანობის გაგრძელებასაც ამ კონცეფციით აპირებს - მეტი შემოქმედებითობა და ინოვაციური მიდგომები. საქმე ის არის, რომ ამ ყველაფრის სამზე გამრავლება მოუწევს.

თათო ხოსროშვილი, Porsche Centre Tbilisi-ს, Lamborghini Tbilisi-სა და Bentley Centre Tbilis-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი: „სამივე ბრენდს დიდი ისტორია, მაღალი სტანდარტი და მკაფიოდ ჩამოყალიბებული სტრატეგია აქვს, თუმცა ამის მიუხედავად მუშაობის პროცესში თავისუფლებას გაძლევენ. მათი მხრიდან მოდის ინსპირაცია, თუმცა რას შესძენ და როგორ წარმოაჩენ მათ, ეს უკვე შენზეა დამოკიდებული. შეგიძლია იყო თამამი, მოერგო შენს კულტურულ ღირებულებებს. სრული მხარდაჭერა და მიმღებლობაა ახალი იდეების, ინოვაციური ხედვისა და ორიგინალური გადაწყვეტების მიმართ. პირიქით, ეს ყოველთვის აღიარებას იმსახურებს. ძალიან მეამაყება, რომ მე პირადად მაქვს ამის კარგი მაგალითი, როდესაც ელექტრული Macan-ის თბილისური პრეზენტაცია ყველა სხვა სადილეროს შორის საუკეთესოდ მიიჩნიეს. ეს Porsche-ს გუნდის დიდი გამარჯვება იყო“.
ამბობს, რომ წარმატება არასოდეს არის ერთი ადამიანის მონაპოვარი. ახალი ხელმძღვანელის პოსტზეც გუნდთან ერთად აპირებს ამბიციური გეგმების შესრულებას. მიიჩნევს, რომ მოტივაცია, დროული და სწორი მოქმედება, რაც მთავარია, ბრენდის ხასიათზე კონცენტრირება და სიყვარული გადამწყვეტია, როდესაც პრემიუმ მწარმოებლების პოზიციონირება საქართველოში ახლა მათზეა დამოკიდებული.
„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გუნდის წევრებისთვის ჯანსაღი სამუშაო გარემო შევქმნა. პასუხისმგებლობით სავსე გუნდისთვის, ვფიქრობ, შეუძლებელი არაფერია. ჩვენ ყველანი კარგად ვაცნობიერებთ, რომ გლობალურ ბრენდებს წარმოვადგენთ, რომელთა დამკვიდრებასა და განვითარებაზე უნდა ვიზრუნოთ. განსაკუთრებით Bentley-სა და Lamborghini-ს ვგულისხმობ, რომლებიც სულ რამდენიმე თვეა „თეგეტა ჰოლდინგის“ პორტფელსა და ქართულ ბაზარს შემოემატნენ“, - ამბობს თათო ხოსროშვილი.

თათო ხოსროშვილი ახალ თანამდებობაზე მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა, მიმდინარე წლის საკომუნიკაციო გეგმა მზად აქვს, რომლის მიზანიც მკაფიოა: „მომხმარებლისთვის ავტომობილის შეძენა უნდა იქცეს გამოცდილებად, რომელიც მას ამ ლეგენდარული ბრენდების კულტურის, ღირებულებებისა და ცხოვრების სტილის ნაწილად აქცევს“.
სხვა სიახლეები
მზის ენერგეტიკის ბაზარი სწრაფად იზრდება და, ამასთანავე, უფრო კომპლექსური ხდება - დავით ტყეშელაშვილი
04.09.2026.19:00
2026 წლის პირველი ნახევარი Photomate Caucasus-ისთვის საქმიანობის გაფართოებითა და ახალი პროექტებით გამოირჩეოდა. კომპანიის რეგიონული მენეჯერი დავით ტყეშელაშვილი Business Insider Georgia-სთან კომპანიის შედეგებზე, ბაზრის ტენდენციებსა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.
როგორ შეაფასებდით Photomate-ის 2026 წლის პირველ 6 თვეს - რა არის ის მთავარი შედეგები და მიღწევები, რომლებითაც ამ პერიოდს გამოარჩევდით?
2026 წლის პირველი ნახევარი Photomate Caucasus-ისთვის საქმიანობის გაფართოებისა და ახალი შესაძლებლობების კონსოლიდაციის პერიოდი იყო. ამ ეტაპზე განსაკუთრებით გავაძლიერეთ ჩვენი სრული მომსახურების მოდელი, რომელიც ტექნოლოგიური მოწყობილობების მიწოდებასთან ერთად მოიცავს პროექტირებას, EPC მომსახურებას პარტნიორებთან ერთად, მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველობას, ტექნიკურ მომსახურებასა და მონიტორინგს.
ჩვენი მიზანია, პროექტის ყველა ძირითადი ეტაპი - ტექნოლოგიის შერჩევიდან და პროექტირებიდან სადგურის გრძელვადიან ოპერირებამდე - ერთიან, კოორდინირებულ პროცესად ვაქციოთ. ამ მიდგომით მომხმარებელს უმარტივდება პროექტის მართვა, მცირდება ტექნიკური რისკები და იზრდება ინვესტიციის გრძელვადიანი ეფექტიანობა.
ამავე პერიოდში, ჩვენს პარტნიორ Helios Energy-სთან ერთად, აქტიურად ჩავერთეთ 78-მეგავატიანი მზის ელექტროსადგურის პროექტში, სადაც პასუხისმგებლები ვართ როგორც სამშენებლო სამუშაოების ნაწილზე, ისე პროექტის ტექნიკურ ზედამხედველობაზე. წლის პირველი ნახევარი მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების გაძლიერებისა და კავკასიის ბაზარზე თანამედროვე ტექნოლოგიებისა და გამოცდილების გადმოტანის მიმართულებითაც.
როგორია მიმდინარე ძირითადი ტენდენციები განახლებადი ენერგიისა და მზის ენერგიის ბაზარზე? როგორ აისახება ეს ტენდენციები Photomate-ის საქმიანობასა და მოთხოვნაზე?
მზის ენერგეტიკის ბაზარი სწრაფად იზრდება და, ამასთანავე, უფრო კომპლექსური ხდება. პროექტების მასშტაბის ზრდასთან ერთად, დეველოპერებსა და ინვესტორებს სულ უფრო მეტად სჭირდებათ მხარდაჭერა პროექტირების, სამშენებლო ხარისხის კონტროლისა და სადგურის გრძელვადიანი ეფექტიანობის მიმართულებით.
მეორე მნიშვნელოვანი ტენდენციაა მზის გენერაციის ინტეგრაცია ენერგიის შემნახველ და ენერგომენეჯმენტის სისტემებთან. მომხმარებლისთვის უკვე აღარ არის საკმარისი მხოლოდ მაღალი ხარისხის პანელისა თუ ინვერტორის შეძენა. მისთვის მნიშვნელოვანია, რამდენად უსაფრთხოდ და ეფექტიანად იმუშავებს სისტემა მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში, როგორ მოხდება მისი მონიტორინგი და რამდენად სწრაფად მიიღებს ტექნიკურ მხარდაჭერას.
ეს ტენდენციები პირდაპირ აისახება Photomate-ის საქმიანობაზე. მოთხოვნა იზრდება არა მხოლოდ მოწყობილობებზე, არამედ სრულ ტექნიკურ მომსახურებაზე - პროექტირებაზე, ზედამხედველობაზე, EPC მომსახურებაზე, მონიტორინგსა და გაყიდვის შემდგომ მხარდაჭერაზე. განსაკუთრებით მაღალი ინტერესი შეინიშნება კომერციულ, ინდუსტრიულ და დიდი სიმძლავრის პროექტებში, სადაც ენერგიის ხარჯის შემცირებასთან ერთად გადამწყვეტია ენერგომომარაგების სტაბილურობა და ინვესტიციის პროგნოზირებადი შედეგი.
რა იქნება კომპანიის მთავარი ფოკუსი წლის დარჩენილ პერიოდში და რომელ მიმართულებებში ელოდებით ყველაზე მნიშვნელოვან პროგრესს?
წლის დარჩენილ პერიოდში ჩვენი მთავარი ფოკუსი იქნება სრული მომსახურების მოდელის კიდევ უფრო გაძლიერება და მისი მასშტაბირება კავკასიის ბაზარზე.
პრიორიტეტულია მიმდინარე მსხვილ პროექტებში სამუშაოების მაღალი ხარისხითა და განსაზღვრულ ვადებში შესრულება. პარალელურად, გავაგრძელებთ პროექტირების, EPC მომსახურების, ტექნიკური ზედამხედველობის და მონიტორინგისა მიმართულებების განვითარებას.
მნიშვნელოვან პროგრესს ველოდებით ენერგიის შემნახველი და ენერგომენეჯმენტის სისტემების მიმართულებითაც. ბაზარი თანდათან გადადის ინტეგრირებულ გადაწყვეტილებებზე, სადაც მზის გენერაცია, ენერგიის დაგროვება და მოხმარების მართვა ერთ სისტემად მუშაობს.
ასევე ვმუშაობთ ახალი ოფისისა და თანამედროვე შოურუმის შექმნაზე. ეს იქნება სივრცე, სადაც მომხმარებლებსა და პარტნიორებს შესაძლებლობა ექნებათ, რეალურ გარემოში გაეცნონ თანამედროვე ენერგეტიკულ ტექნოლოგიებსა და მათ ინტეგრირებულ მუშაობას.
საბოლოოდ, როგორი მოლოდინი გაქვთ 2026 წლის შედეგებთან დაკავშირებით და რა იქნება, თქვენი ხედვით, წლის მთავარი მიღწევა კომპანიისთვის?
2026 წლის შედეგებთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინი გვაქვს. ველოდებით ზრდას როგორც მოწყობილობების მიწოდებისა და მიმდინარე პროექტების, ისე ტექნიკური და საინჟინრო მომსახურებების მიმართულებით.
ჩვენთვის წლის შედეგი მხოლოდ გაყიდვების მაჩვენებლებით არ განისაზღვრება. მთავარი მიღწევა იქნება Photomate Caucasus-ის პოზიციის კიდევ უფრო განმტკიცება, როგორც განახლებადი ენერგიის სრული ციკლის პარტნიორისა - კომპანიის, რომელიც საერთაშორისო ტექნოლოგიებს ადგილობრივ საინჟინრო გამოცდილებასა და გრძელვადიან ტექნიკურ მხარდაჭერას აერთიანებს.
თუ წლის ბოლოს წარმატებით განხორციელებული მსხვილი პროექტები, გაზრდილი მომსახურების პორტფელი და ენერგიის დაგროვებისა და მართვის მიმართულებით გაძლიერებული შეთავაზება გვექნება, ეს ჩვენი სტრატეგიის წარმატების ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელი იქნება.