პროფესია აღარ არის ფიქსირებული მოცემულობა, ყველაფერი უფრო მიკროუნარების დონეზე დავიდა - ალექსანდრე ჯეჯელავა
ხელოვნური ინტელექტისგან ყველაზე მეტად ემპათიაზე დაფუძნებული პროფესიებია დაცული, სადაც ადამიანებთან უშუალო კონტაქტსა და ემოციების ამოცნობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, გადაცემაში Business Insider Georgia, სტუმრობისას კომპანია „ფლომასტერის“ დამფუძნებელმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა.
მისი თქმით, 21-ე საუკუნეში წარმატების მთავარი ფაქტორი ხდება მიკროუნარები, როგორიცაა ცნობისმოყვარეობა, ტექნოლოგიებთან ადაპტაციის უნარი და ემოციური ინტელექტი.
„2025 წელს გამოქვეყნდა ძალიან საინტერესო კვლევა, სახელწოდებით Skills for the 21st Century (უნარები 21-ე საუკუნისთვის). იქ მოყვანილი იყო ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტი, რომ თანამედროვე ადამიანი პროფესიას საშუალოდ 6-ჯერ შეიცვლის. და როდესაც ვამბობ საშუალოდ 6-ჯერ, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაზე აქტიური ადამიანები პროფესიას, ალბათ, 12-ჯერაც კი შეიცვლიან.
ამას რომ ვამბობ, აუდიტორია ხშირად აღელვდება ხოლმე და მიპროტესტებს: ნუთი შესაძლებელია ფეხბურთელი ხელოვანი გახდება და მასწავლებელი ექიმიო?
რა თქმა უნდა, ხანდახან ასეთი რადიკალური ცვლილებებიც მოხდება, თუმცა, რეალურად, ეს თითოეული ჩვენგანის ამბავია. ხშირად ჩვენ უბრალოდ სამეზობლო, მონათესავე სფეროებში გადავდივართ: ტელევიზიიდან YouTube-ზე, ერთი მიმართულებიდან მეორეზე... მაგრამ ეს ცვლილებაა, ჩვეულებრივი პროფესიული ცვლილებაა, რომელთან შეგუებაც თანამედროვე სამყაროში ყველას მოგვიწევს.
ამიტომ, ჩვენ ვამბობთ, რომ პროფესია აღარ არის რაღაც ფიქსირებული მოცემულობა. ყველაფერი უფრო მიკროუნარების დონეზე დავიდა: ხარ თუ არა ცნობისმოყვარე, რამდენად ხარ ტექნოლოგიებთან გაშინაურებული, გაქვს თუ არა ემოციური გონიერება და შეგიძლია თუ არა საკუთარი სხეული და გონება ენერგიის მაღალ დონეზე შეინარჩუნო. ეს არის ზუსტად ის უნარები, რომელთა წყალობითაც ადამიანი ნებისმიერ პროფესიას მარტივად აითვისებს, ნებისმიერ სფეროში შევა და უმაღლეს პროფესიონალიზმს მიაღწევს. რა თქმა უნდა, უფროს თაობებში მაინც რჩება შეგრძნება, რომ პროფესია არმაზის კერპივითაა, რომ 16 წლისამ უნდა აირჩიო და მერე მთელი ცხოვრება მას შეეწირო მსხვერპლად. მაგრამ წავიდა ეს დრო. საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, ეს რეალობა წარსულს ჩაბარდა და დადგა ეპოქა, სადაც პროფესიულ გზაზე მოსახვევები ძალიან ხშირია.
რაც შეეხება ტრადიციულ პროფესიებს ამბობენ, რომ ემპათიაზე დაფუძნებული საქმე, სადაც ადამიანისთვის თვალებში ჩახედვაა მნიშვნელოვანი (როგორიც არის ექთანი, ექიმი, მასწავლებელი და ა.შ.), ყველაზე მეტადაა დაცული. ხელოვნური ინტელექტი კიდევ დიდხანს ვერ მიხვდება თვალებში ჩახედვით, შენ კარგ ხასიათზე ხარ თუ ცუდზე. უფრო ანალიტიკური პროფესიები კი - ფინანსური ანალიტიკოსი, ანდერრაითერი და მსგავსი სფეროები გაცილებით მარტივად ჩანაცვლებადია.
აქვე თარჯიმნის პროფესიაზეც მინდა ვთქვა. აი, მაგალითად, მაღალი დონის ოფიციალურ ვიზიტებს რომ ვაშუქებთ, იმ შეხვედრების თარჯიმანი ხელოვნური ინტელექტი არასოდეს იქნება. რატომ? იმიტომ, რომ იქ კონტექსტს, ემპათიასა და დიდ სურათში აზრის გაგებას უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს. კარგ თარჯიმანს შეუძლია ქვეყანა ააშენოს, ცუდს კი დააქციოს, ხომ ასეა?
ამიტომაა ემპათიაზე დაფუძნებული პროფესიები გაცილებით დაცული. მათ შორის ჟურნალისტიკაც ცალსახად ასეთია - ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ გახსნი რესპონდენტს, როგორ დახვდები მას და როგორ შეძლებ, რომ ადამიანური ამბავი მაყურებლამდე თუ მკითხველამდე ზუსტად მიიტანო. და მენეჯერიც ზუსტად ასეთია - მენეჯერის საქმეც, თავისი არსით, პირველ რიგში ემპათიაზე დაფუძნებული პროფესიაა“, - მიიჩნევს ალექსანდრე ჯეჯელავა.
სხვა სიახლეები
„თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
06.07.2026.18:48
„თეგეტა მოტორსის“ მასპინძლობით Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მსოფლიოში საბურავების წამყვანმა მწარმოებელმა პრემიუმ კლასის ორი ახალი მოდელი - Turanza 6 α ENLITEN და Alenza LX200 ENLITEN - ოფიციალურად წარადგინა.

Bridgestone ახალი პროდუქტების პრეზენტაციებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მართავს, წელს კი საერთაშორისო ღონისძიებას საქართველომ და Bridgestone-ის ექსკლუზიურმა პარტნიორმა „თეგეტა მოტორსმა“ უმასპინძლა, რაც კომპანიებს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობისა და ძლიერი პარტნიორობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დასტურია.
თორნიკე ჩახვაშვილი, „თეგეტა რითეილი“, მთავარი ოფიცერი: „Bridgestone-თან მრავალწლიანი თანამშრომლობა „თეგეტასთვის“ მხოლოდ პარტნიორობა არ არის - ეს საერთო ღირებულებებსა და ხარისხის ერთიან ხედვაზე დაფუძნებული ურთიერთობაა. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ სწორედ საქართველომ უმასპინძლა ამ მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებას. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს „თეგეტასა“ და Bridgestone-ს შორის არსებულ ნდობასა და წარმატებულ თანამშრომლობას, რომელიც უკვე 28 წელია, გრძელდება. დარწმუნებულები ვართ, რომ ახალი თაობის პროდუქტები ქართველ მომხმარებლებს პრემიუმ ხარისხისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სრულიად ახალ გამოცდილებას შესთავაზებს“.

პრეზენტაციას „თეგეტა ჰოლდინგისა“ და Bridgestone-ის წარმომადგენლები და ინდუსტრიით დაინტერესებული პირები დაესწრნენ. ღონისძიების ფარგლებში სტუმრებმა არა მხოლოდ ახალი საბურავების შესახებ მიიღეს დეტალური ინფორმაცია, არამედ მათი შესაძლებლობების რეალურ საგზაო პირობებში, სპეციალურად ორგანიზებული ტესტდრაივის დროს შეფასებაც შეძლეს.

გურჰან ჯევიქელი, Bridgestone-ის მარკეტინგის სამსახურის უფროსი: „საბურავის ორივე ახალი მოდელი ENLITEN ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული, რომლის შექმნის მთავარი მიზანი მომხმარებლისთვის მართვის საუკეთესო გამოცდილების შეთავაზება და, ამავდროულად, მდგრადი განვითარების მიმართულებით წინ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა იყო. Turanza 6 α ENLITEN და Alenza LX200 ENLITEN წინამორბედი მოდელების, TURANZA T005A-სა და ALENZA 001-ის, გაუმჯობესებული ვერსიებია. ისინი კიდევ უფრო კომფორტულ, მშვიდ და უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. ახალი მოდელების გაუმჯობესებული მახასიათებლები თანამედროვე ავტომობილების, მათ შორის ელექტრომობილების, მოთხოვნებს სრულად პასუხობს. სწორედ ამიტომ, ENLITEN-ის ხაზი Bridgestone-ის მომავლის ხედვის მნიშვნელოვანი ნაწილია“.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი Bridgestone Turanza 6 α ENLITEN ახალი თაობის პრემიუმ საბურავია, რომელიც მაქსიმალური კომფორტის, დაბალი ხმაურის, უსაფრთხოებისა და საწვავის ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად არის შექმნილი. ENLITEN ტექნოლოგიის გამოყენებით საბურავი უფრო მშვიდ და კომფორტულ მგზავრობას, სველ საფარზე გაუმჯობესებულ მოჭიდებას, გაზრდილ ცვეთამედეგობასა და ელექტრომობილებთან სრულ თავსებადობას უზრუნველყოფს.
მეორე ახალი პროდუქტი - Bridgestone Alenza LX200 ENLITEN - SUV-ებისთვის შექმნილი პრემიუმ საბურავია, რომელიც ავტომობილის მფლობელებს გადაადგილებისას მაღალი დონის კომფორტს, მართვის დროს სიზუსტესა და ექსპლუატაციის ხანგრძლივ პერიოდს სთავაზობს. ეს მოდელიც ENLITEN ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული, რაც ხმაურის შემცირებას, საწვავის ეკონომიურ მოხმარებასა და უსაფრთხოების გაუმჯობესებულ მაჩვენებელს უზრუნველყოფს. Alenza LX200-ის ვიზუალურ იდენტობას დამატებით გამორჩეულს ხდის LuxBlack Technology, რომელიც საბურავს მუქ შავ ფერსა და პრემიუმ ვიზუალის ეფექტს ანიჭებს.

Bridgestone-ის ორივე ახალი მოდელი თანამედროვე ავტომობილების, მათ შორის ელექტრომობილების, მოთხოვნებს პასუხობს და შექმნილია იმისთვის, რომ მძღოლებს მოკლე თუ შორ მანძილზე მგზავრობისას კომფორტული, უსაფრთხო და ეფექტიანი მართვის გამოცდილება შესთავაზოს.
„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსისა“ და Bridgestone-ის პარტნიორობა უკვე 28 წელს ითვლის. თანამშრომლობა 1998 წელს დაიწყო, როდესაც „თეგეტა მოტორსი“ იაპონური ბრენდის ოფიციალური დილერი გახდა, მოგვიანებით კი - ოფიციალური დისტრიბუტორი. დღეს კომპანია მომხმარებელს Bridgestone-ის მსუბუქი, SUV-ის ტიპისა და სატვირთო ავტომობილებისთვის განკუთვნილ საბურავებს სთავაზობს, რომლებიც ინოვაციური ტექნოლოგიებით, მაღალი გამძლეობით, უსაფრთხოებითა და მართვის სტაბილურობით გამოირჩევა.
„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ არაერთი პრემიუმ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Ate და სხვა.