ქანდას ბაღები - თანამედროვე აგრო პროექტი, რომელიც მდგრად განვითარებასა და ხარისხიან წარმოებაზეა ორიენტირებული
სოფელ ქანდაში ნუშისა და ხეხილის ბაღების გაშენების იდეა ტერიტორიის პოტენციალის შეფასების შედეგად გაჩნდა. ნოყიერი ნიადაგი, ზომიერი კლიმატი და თბილისთან სიახლოვე ქმნიდა საფუძველს თანამედროვე, ინტენსიური მებაღეობის განვითარებისთვის და გრძელვადიანი, მდგრადი აგრო პროექტის განხორციელებისთვის.
როგორც კომპანია შპს ქანდა აგრიქალჩერის პროექტების ხელმძღვანელი, თამარ ბერულავა აღნიშნავს:
„ქანდას ტერიტორია გამოირჩევა ნოყიერი ნიადაგით, ზომიერი კლიმატითა და წყალმომარაგებით, რაც იდეალურ პირობებს ქმნის სტაბილური და ხარისხიანი მოსავლისთვის. ამას ემატება თბილისთან სიახლოვე, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს ლოგისტიკას და ბაზარზე წვდომას“.
კომპანია 2021 წლიდან აქტიურად ვითარდება და დღეს უკვე 200 ჰექტარზე გაშენებულ აგრო პროექტს წარმოადგენს, საიდანაც 110 ჰექტარი უკვე ათვისებულია. ბაღები სამ ძირითად მიმართულებად არის დაყოფილი: 53 ჰექტარზე გაშენებულია სუპერ ინტენსიური ნუშის ბაღები, 15 ჰექტარზე - იტალიური ჯიშის მსხალი და ვაშლი, ხოლო 42 ჰექტარზე - ესპანური ჯიშის ხეხილი, მათ შორის ატამი, ბრტყელი ატამი, გარგარი, ბალი და ქლიავი.
თამარ ბერულავას თქმით, პროექტის განვითარება ეტაპობრივად და სტრატეგიულად მიმდინარეობდა:
„თავიდანვე ჩვენი მიზანი იყო, შეგვექმნა არა უბრალოდ ბაღები, არამედ გრძელვადიანი, მდგრადი აგრო პროექტი, რომელიც ხარისხსა და ეფექტიანობაზე იქნებოდა ორიენტირებული.“
მისივე თქმით, მოსავლის რეალიზაცია ამ ეტაპზე ადგილობრივ ბაზარზე ხდება, მათ შორის საცალო ქსელებსა და საბითუმო პარტნიორებთან, როგორიცაა „ნიკორა“ და „აგროჰაბი“.
ქანდას ბაღებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პროდუქციის ხარისხსა და ეკოლოგიურ უსაფრთხოებას.
„ჩვენ ვიყენებთ უმაღლესი ხარისხის ევროპული წარმოების პრეპარატებს, რომლებიც ნაკლებად საზიანოა გარემოსთვის. მცენარეებს საჭირო ნივთიერებებს ვაწვდით ზუსტად იმ დროს, როდესაც ეს მათ სჭირდებათ, რაც ამცირებს ქიმიური საშუალებების გამოყენებას და ზრდის ეფექტიანობას.“ - ამბობს ის.
პროექტის მასშტაბიდან გამომდინარე, მისი გავლენა მხოლოდ აგროსექტორით არ შემოიფარგლება. ის ხელს უწყობს ადგილობრივი წარმოების ზრდას, იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებას და ქმნის ექსპორტის განვითარების რეალურ შესაძლებლობას.
„პროექტის გავლენა ეკონომიკურ განვითარებაზე მრავალმხრივია, როგორც რეგიონულ, ასევე ქვეყნის ჭრილში. პირველ რიგში, იგი ხელს უწყობს ადგილობრივი აგროპროდუქციის, მათ შორის ნუშისა და სხვადასხვა ხეხილის წარმოების ზრდას, რაც ამცირებს იმპორტზე დამოკიდებულებას და აძლიერებს ქვეყნის აგროსექტორის მდგრადობას. ამასთანავე, სტანდარტიზებული და მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოება ქმნის ექსპორტის განვითარების რეალურ შესაძლებლობას და უზრუნველყოფს დამატებითი უცხოური ვალუტის შემოდინებას ქვეყანაში“, - აღნიშნავს თამარი.
მისი თქმით, ფინანსური ინსტიტუტების ჩართულობა მსგავსი მასშტაბის აგრო პროექტებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია:
„ასეთი პროექტები მოითხოვს გრძელვადიან ხედვას, სტაბილურ ფინანსურ მხარდაჭერასა და რისკების მინიმიზაციას, რაც საბოლოოდ მის წარმატებას და განვითარებას განსაზღვრავს”.
პროექტის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს საქართველოს ბანკს, რომელიც კომპანიას როგორც ფინანსურად, ისე საკონსულტაციო მიმართულებით უჭერს მხარს.
„საქართველოს ბანკის მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბანკის წარმომადგენლები აქტიურად არიან ჩართულები და მხარს გვიჭერენ როგორც ფინანსური, ისე საკონსულტაციო მიმართულებით. მათი გამოცდილება და რეკომენდაციები გვეხმარება როგორც ფინანსური მართვის გაუმჯობესებაში, ასევე სტრატეგიული გადაწყვეტილებების სწორად მიღებაში, რაც ხელს უწყობს ჩვენი საქმიანობის სტაბილურობასა და სწორ განვითარებას.“ - ამბობს თამარი.
სამომავლოდ, კომპანია როგორც ადგილობრივი ბაზრის პოზიციების გამყარებას, ისე ექსპორტის გაფართოებას და საერთაშორისო ბაზრების ეტაპობრივ ათვისებას გეგმავს.
„ჩვენი მიზანია ჩამოვყალიბდეთ როგორც ხარისხიანი პროდუქციის საიმედო და კონკურენტუნარიანი მწარმოებელი და ეტაპობრივად გავაფართოოთ ჩვენი საქმიანობა საერთაშორისო მიმართულებით. ადგილობრივ ბაზარზე დაგროვილი გამოცდილება და სტაბილური მოსავლიანობა გვაძლევს საშუალებას, გავაფართოოთ რეალიზაციის არეალი და შევიდეთ საერთაშორისო ბაზრებზე“ - აღნიშნავს თამარ ბერულავა.
სხვა სიახლეები
„თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
21.07.2026.17:05
„თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში სპეციალური ტექნიკის მწარმოებელი ბრიტანული ბრენდის JCB-ს სააკრედიტაციო პროგრამის ტრენინგი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდა ახლო აღმოსავლეთის, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (CIS) ქვეყნებისა და ჩრდილოეთ აფრიკის 10 სხვადასხვა სადილეროს ტექნიკური პერსონალი. პროექტის მიზანი იყო ადგილობრივი და რეგიონული კადრების ლიცენზირება, რაც მათ სამომავლოდ ტექნიკური სწავლებების მშობლიურ ენაზე წარმართვის უფლებას აძლევს. სპეცტექნიკის მწარმოებლების მხრიდან გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით მსგავსი მასშტაბის რეგიონული ტრენინგი საქართველოში პირველად ჩატარდა.
ზვიად ახლოური, „გაყიდვების შემდგომი მომსახურების დირექტორი“: „სპეციალური ტექნიკის წამყვანი ბრიტანული ბრენდისJCB-სმიზანი ადგილობრივი კადრების მომზადება იყო, რომლებიც მომავალში ლოკალურად შეძლებენ ტრენინგების გამართვას. გარდა აკრედიტაციისა, ამ ღონისძიების უმნიშვნელოვანესი ღირებულება გამოცდილების გაზიარებაა. სხვადასხვა ქვეყნის წამყვან სპეციალისტებთან ერთად შევქმენით ერთიანი საკომუნიკაციო სივრცე, სადაც მუდმივად ვცვლით ინფორმაციას სპეციფიკური ტექნიკური შემთხვევების შესახებ. გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით ეს ტრენინგი უპრეცედენტო იყო და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ „თეგეტა მოტორსი“ რეგიონულ საგანმანათლებლო ცენტრად იქცა“.

ოთხდღიან ინტენსიურ სწავლებას JCB-ს პროფესიონალი ტრენერი ანდრე ბოზონი ხელმძღვანელობდა. პროგრამა მოიცავდა საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, ასევე პრეზენტაციისა და ინფორმაციის გადაცემის უნარების ტესტირებას. კურსისა და ფინალური გამოცდის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებმა, მათ შორის „თეგეტა მოტორსის“ ორმა წარმომადგენელმა - ალექსანდრე გიუნტერმა და დავით მეგრელიშვილმა, შესაბამისი გლობალური ლიცენზია მიიღეს, რაც მათ JCB-ს ტრენინგების დამოუკიდებლად ჩატარების უფლებას ანიჭებს. სამომავლოდ, აღნიშნული ტრენერები კონკრეტული სპეცტექნიკის მიმართულებით სპეციალიზებულ, ორკვირიან ტექნიკურ გადამზადებას დიდ ბრიტანეთში გაივლიან, რის შემდეგაც მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას უკვე კომპანიის მექანიკოსებს გაუზიარებენ.
„ეს არ არის მხოლოდ ადგილობრივი წარმატება - ეს რეგიონული მნიშვნელობის სტრატეგიული ნაბიჯია. მსოფლიო დონის ბრენდების ნდობის მოპოვება და ამ მასშტაბის ღონისძიების გამართვა ცხადყოფს, რომ ჩვენი ინფრასტრუქტურა და აკადემიური პოტენციალი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. უშუალოდ კომპანიისთვის კი კრიტიკულად მნიშვნელოვანია საკუთარი, ლიცენზირებული სპეციალისტების ყოლა, რომლებიც ტექნოლოგიურ სიახლეებსა და მუშაობის პრინციპებს მშობლიურ ენაზე გაუზიარებენ ჩვენს მექანიკოსებს. ეს მნიშვნელოვნად გაზრდის მომსახურების სისწრაფეს, ხარისხსა და მოქნილობას, რაც, საბოლოო ჯამში, მომხმარებლის კმაყოფილებაზე აისახება“, - აღნიშნავს ზვიად ახლოური.

სააკრედიტაციო პროგრამა „თეგეტა აკადემიის“, „თეგეტა მოტორსისა“ და Tegeta Construction Equipment-ის გუნდების ჩართულობით შესრულდა. წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, უკვე იგეგმება შემდეგი მასშტაბური პროექტი. მიმდინარე წლის სექტემბერში კომპანია, JCB-სთან ერთად, PSSR-ების (კორპორაციული გაყიდვების მენეჯერისა და სერვისის მრჩევლის კომბინირებული პოზიცია) საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლებს, რომელშიც 15-მდე ქვეყნის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.