მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7157.5
0.0143
flag
AZN 1.5384
-0.0005
flag
CNY 38.806
0.0003
flag
EUR 3.0315
0.0082
flag
GBP 3.5462
0.0067
flag
KZT 56.71
0.003
flag
TRY 0.0546
0
flag
USD 2.6152
-0.001
news banner

ქართული აგროპროდუქციის, განსაკუთრებით კი მოცვის მიმართ, საერთაშორისო მოთხოვნა კვლავ მაღალია l Agritouch-ის დამფუძნებელი

news image
mbc image

Agritouch აგროტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც ფერმერებს თანამედროვე აგრონომიულ მომსახურებასა და ინოვაციურ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს სთავაზობს. მიმდინარე აგროსეზონის შედეგებზე, ექსპორტის ტენდენციებსა და კომპანიის სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia-ს Agritouch-ის დამფუძნებელი, ეკა ვეფხვაძე ესაუბრა.

როგორ აფასებთ წლევანდელ აგროსეზონს, როგორია მოსავლიანობა?

წლევანდელი სეზონი ხარისხის თვალსაზრისით საკმაოდ წარმატებულია, თუმცა კომერციული თვალსაზრისით გარკვეული გამოწვევები გამოიკვეთა. დასავლეთ საქართველოში ამინდის არასტაბილურობამ გარკვეულ რეგიონებში გავლენა მოახდინა მოსავლიანობაზე, თუმცა იმ მეურნეობებში, სადაც თანამედროვე აგროტექნოლოგიები და სწორი აგრონომიული მართვა გამოიყენებოდა, მოსავალი და ხარისხი საკმაოდ კარგია.

მთავარი გამოწვევა წელს მოსავალი კი არა, რეალიზაცია და ბაზრის არასტაბილურობა გახდა. ბოლო დღეებში ბევრი საუბარი იყო ფასების ვარდნასა და ფერმერების პრობლემებზე, თუმცა ეს ერთჯერადი მოვლენა არ არის, მსგავსი სიტუაცია თითქმის ყოველ სეზონზე მეორდება.

როგორია დღეს ქართული აგროპროდუქციის მიმართ მოთხოვნა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე?

ქართული აგროპროდუქციის, განსაკუთრებით კი ქართული მოცვის მიმართ, საერთაშორისო მოთხოვნა კვლავ მაღალია. საქართველო უკვე ჩამოყალიბდა, როგორც მაღალი ხარისხის მოცვის მწარმოებელი ქვეყანა და ჩვენი პროდუქცია წარმატებით უწევს კონკურენციას მსოფლიოს მრავალ ბაზარზე არსებულ პროდუქციას.

თუმცა, პრობლემა მოთხოვნის ნაკლებობა არ არის. პრობლემა ის არის, რომ ჩვენი ექსპორტის დიდი ნაწილი კვლავ ერთ ბაზარზეა დამოკიდებული. როდესაც ექსპორტის დაახლოებით 80% ერთ მიმართულებაზე მოდის, ნებისმიერი ცვლილება ამ ბაზარზე ავტომატურად აისახება ქართველ ფერმერებზე.

როგორ აფასებთ ექსპორტის მიმდინარე მდგომარეობას? რომელ ბაზრებზეა ყველაზე მაღალი მოთხოვნა ქართულ აგროპროდუქციაზე?

ექსპორტის მიმართულებით საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა დღესაც მნიშვნელოვნად ვართ დამოკიდებული რუსეთის ბაზარზე და ხშირ შემთხვევაში არა უშუალოდ რუსულ ქსელებზე, არამედ შუამავლებზე, რომლებიც საქართველოში ყიდულობენ პროდუქტს.

ყოველ წელს ერთი და იგივე სურათი მეორდება - სეზონის დასაწყისში შესყიდვები მიმდინარეობს მაღალი, ხშირად სპეკულაციური ფასებით, ხოლო როდესაც მოსავლის პიკი იწყება, შესყიდვები მნიშვნელოვნად მცირდება. სწორედ ამ დროს იწყება ფასების მკვეთრი ვარდნა.

წლევანდელ სეზონზე ამას რამდენიმე დამატებითი ფაქტორიც დაემატა: რუსეთში შემცირდა სეზონური მოხმარება, მათ შორის საკურორტო რეგიონებში; უსაფრთხოების მდგომარეობამ გავლენა მოახდინა მომხმარებელთა აქტივობაზე; კონკურენცია გაიზარდა სერბული მოცვის დიდი მოცულობით შესვლის გამო; ხოლო იმპორტთან დაკავშირებული სხვადასხვა არაპირდაპირი ხარჯებიც საბოლოო ფასზე ახდენს გავლენას.

ამავე დროს, საქართველოს აქვს რეალური შესაძლებლობა მნიშვნელოვნად გაზარდოს ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში, ახლო აღმოსავლეთში მათ შორის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთში, ყატარში, ომანსა და ისრაელში, სადაც ქართული მაღალი ხარისხის პროდუქციის მიმართ ინტერესი ყოველწლიურად იზრდება.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები? გეგმავთ თუ არა ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, სერვისების გაფართოებას ან საერთაშორისო პარტნიორობების განვითარებას?

AgriTouch-ის მთავარი მიზანია ქართული სოფლის მეურნეობის კონკურენტუნარიანობის გაზრდა საერთაშორისო ბაზარზე.

აქტიურად ვმუშაობთ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ტექნოლოგიების დანერგვაზე, ციფრულ მონიტორინგზე, ზუსტი სოფლის მეურნეობის განვითარებასა და თანამედროვე აგრონომიული გადაწყვეტილებების გამოყენებაზე, რაც ფერმერებს ეხმარება ხარისხისა და ეფექტიანობის გაზრდაში.

პარალელურად ვაფართოებთ საერთაშორისო პარტნიორობებს ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აზიაში, რადგან მიგვაჩნია, რომ ქართული სოფლის მეურნეობის მომავალი პირდაპირ უკავშირდება საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციას. ჩვენი მიზანია, ქართველ ფერმერებს ჰქონდეთ მეტი ბაზარი, მეტი სტაბილურობა და ნაკლები დამოკიდებულება ერთ კონკრეტულ ქვეყანაზე. სწორედ ეს შექმნის გრძელვადიან და მდგრად განვითარებას როგორც ფერმერებისთვის, ისე მთლიანად ქართული აგროსექტორისთვის.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image როგორია „აგრითაჩის“ 2026 წლის პირველი ნახევრის შედეგები - ინტერვიუ კომპანიის დამფუძნებელთან

18.08.2026.14:00

2026 წლის პირველი ნახევარი „აგრითაჩისთვის“ კვლევისა და განვითარების, ახალი გენეტიკისა და საერთაშორისო ბაზრების მიმართულებით აქტიური მუშაობით გამოირჩევა. კომპანიამ Planasa-სთან თანამშრომლობით საქართველოში ახალი მოცვის გენეტიკის საცდელი პროგრამა დაიწყო. პარალელურად, „აგრითაჩმა“ საექსპორტო მიმართულებები გააფართოვა და ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ბაზარზე შევიდა. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა ეკა ვეფხვაძემ Business Insider Georgia-ს განუცხადა, წლის დარჩენილ პერიოდში კომპანიის მთავარი პრიორიტეტი R&D-ის გაძლიერება და საერთაშორისო ბაზრების შემდგომი დივერსიფიკაცია იქნება.

როგორ შეაფასებდით „აგრითაჩისთვის“ პირველ 6 თვეს - რა არის ის მთავარი შედეგები და მიღწევები, რომლითაც ამ პერიოდს გამოარჩევდით?

2026 წელი „აგრითაჩისთვის“ საკმაოდ მნიშვნელოვანი და განსხვავებული წელია. წელს გაცილებით მეტი რესურსი და ძალისხმევა მივმართეთ კვლევა / განვითარება R&D-ის, ახალი გენეტიკისა და აგროტექნოლოგიების მიმართულებით.

ერთ-ერთი მთავარი პროექტია Planasa-სთან თანამშრომლობა და საქართველოში და ახალი მოცვის გენეტიკის საცდელი პროგრამის დაწყება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ახალი ჯიშების შემოტანა, არამედ მათი რეალურ ქართულ პირობებში გამოცდა, მონაცემების დაგროვება და შეფასება - რომელი გენეტიკა იქნება ყველაზე პროდუქტიული, ხარისხიანი და საინტერესო საექსპორტო ბაზრებისთვის.

მეორე მნიშვნელოვანი მიმართულებაა EdenCore-ის Viewer ტექნოლოგიასთან მუშაობა, რომელიც ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემთა ანალიზის გამოყენებით მცენარის მდგომარეობის, ზრდის დინამიკისა და მოსავლის პოტენციალის უფრო ზუსტად შეფასების შესაძლებლობას გვაძლევს.

2026 წელი მნიშვნელოვანია საერთაშორისო წარმომადგენლობის კუთხითაც. სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, „აგრითაჩი“ შეირჩა საქართველოს პავილიონში ქვეყნის წარმოსადგენად რამდენიმე მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმაზე - Fruit Logistica-ზე, Fruit Attraction-ზე და India Select Expo-ზე.

ჩვენთვის ეს მხოლოდ საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა არ არის. ეს არის შესაძლებლობა, ერთდროულად წარმოვადგინოთ ქართული პროდუქტი, ქართული აგროსექტორის შესაძლებლობები და თავად საქართველო.

როგორია თქვენი სტრატეგია საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის ნაწილში?

ჩვენი საექსპორტო სტრატეგიის მთავარი პრინციპია დივერსიფიკაცია - ქართული მოცვის ექსპორტი არ უნდა იყოს დამოკიდებული ერთ კონკრეტულ ბაზარზე.

2026 წელს ამ მიმართულებით განსაკუთრებით აქტიურად ვიმუშავეთ. გავაფართოვეთ ჩვენი საქმიანობა ახლო აღმოსავლეთის ბაზრებზე და გვქონდა ექსპორტები კატარის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, საუდის არაბეთის, ბაჰრეინისა და ომანის მიმართულებით. პარალელურად ვმუშაობთ ისრაელის, თურქეთისა და ინდოეთის მიმართულებებზე.

სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ჩვენი მონაწილეობაც საერთაშორისო გამოფენებში - Fruit Logistica, Fruit Attraction და India Select Expo. ეს ჩვენთვის მხოლოდ კომპანიის წარდგენის ადგილი კი არა, ახალი ბაზრების, იმპორტიორებისა და გრძელვადიანი პარტნიორების მოძიების ინსტრუმენტია.

ჩვენი მიზანია, ქართულ მწარმოებელს ჰქონდეს რამდენიმე ძლიერი საექსპორტო მიმართულება და მეტი არჩევანი პროდუქტის რეალიზაციისას.

რა რჩება 2026 წლის ძირითად პრიორიტეტად?

2026 წლის დარჩენილი პერიოდისთვის ორი ძირითადი პრიორიტეტი გვაქვს - R&D-ის გაძლიერება და საერთაშორისო ბაზრების შემდგომი დივერსიფიკაცია.

გავაგრძელებთ Planasa-ს ახალი გენეტიკის გამოცდას, Viewer-ის საშუალებით მონაცემების შეგროვებასა და ანალიზს და თანამედროვე წარმოების ტექნოლოგიებზე მუშაობას.

ამავდროულად, ჩვენი ამოცანაა უკვე დაწყებული საექსპორტო მიმართულებების გაძლიერება და ახალი ბაზრების გახსნა.

ჩვენი ხედვაა, რომ „აგრითაჩი“ ეტაპობრივად გახდეს ერთგვარი დამაკავშირებელი პლატფორმა საქართველოსა და გლობალურ აგროინდუსტრიას შორის - ახალი გენეტიკის, ტექნოლოგიების, ცოდნისა და საერთაშორისო ბაზრების მიმართულებით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა