ქართული ბაზარი ჯერ კიდევ ვერ უზრუნველყოფს იმ მოთხოვნის შესაბამის მიწოდებას, რაც საერთაშორისო კომპანიებს აქვთ - თემო მაღრაძე
საქართველოს ტექნოლოგიების ასოციაცია (ICTA) The Tech Association-ად ტრანსფორმირდება. ასოციაციის თავმჯდომარის, თემო მაღრაძის განცხადებით, ცვლილების მთავარი მიზანია ორგანიზაცია IT სექტორის ფარგლებს გასცდეს და ერთ სივრცეში გააერთიანოს ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში მოქმედი სხვადასხვა მიმართულება, მათ შორის E-commerce, Digital Banking და Tech Education. მისი თქმით, ტრანსფორმაცია ასევე პასუხობს კვალიფიციური ტექნოლოგიური კადრების დეფიციტის გამოწვევას, რადგან საერთაშორისო კომპანიების მოთხოვნას ქართული ბაზარი დღეს სრულად ვერ აკმაყოფილებს.
„გამოვყოფდი ორ მთავარ მიმართულებას, რამაც The Tech Association-ის შექმნა გადაგვაწყვეტინა - ორგანიზაციის, რომელიც პრაქტიკულად არა მხოლოდ IT სექტორს გააერთიანებს. როდესაც ინფორმაციული ტექნოლოგიების ასოციაციაში ვმუშაობდით, ჩვენი საქმიანობა კლასიკური გაგებით შემოიფარგლებოდა და მასში მხოლოდ IT მიმართულება იყო გაერთიანებული. თუმცა, მსოფლიოში ტექნოლოგიების დღევანდელმა განვითარებამ აჩვენა, რომ ნებისმიერი თანამედროვე ბიზნესი, რომელსაც წარმატების მიღწევა და საერთაშორისო ბაზარზე გასვლა სურს, უკვე იმ სფეროსა და სისტემის ნაწილი ხდება, რასაც Tech განვითარება ჰქვია და რასაც The Tech Association წარმოადგენს.
Tech-ის გარეშე რეალურად არც ერთი თანამედროვე ბიზნესი უკვე ვერ იმუშავებს.
სწორედ ამიტომ, The Tech Association-ის მიზანია ყველა ამ სივრცის გაერთიანება. ჩვენს პლატფორმაზე უნდა მოვიცვათ არა მხოლოდ ის IT კომპანიები, რომლებიც, მაგალითად, მხოლოდ ქვეყნის გარეთ მუშაობენ, არამედ ისეთი მიმართულებებიც, როგორებიცაა E-commerce, Digital Banking და სხვა.
ამასთანავე, უმნიშვნელოვანესია, რომ ამ გაერთიანების მთავარი ნაწილი Tech-განათლება იყოს. არ მსურს საქართველოში არსებულ განათლების სისტემაზე პოზიტიურ ან ნეგატიურ ჭრილში საუბარი, თუმცა ფაქტია, რომ დღეს ტექნიკური მიმართულებით, როგორც IT, ისე ხელოვნური ინტელექტის (AI) კუთხით ქართული ბაზარი ჯერ კიდევ ვერ უზრუნველყოფს იმ მოთხოვნის შესაბამის მიწოდებას, რაც საერთაშორისო კომპანიებს აქვთ“, - აცხადებს თემო მაღრაძე.
მისივე თქმით, საქართველოში მიღებული ტექნოლოგიური განათლება მაქსიმალურად უნდა პასუხობდეს საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების მოთხოვნებს,
„როდესაც ტექ კომპანიაში მოდის ადამიანი, რომელმაც საქართველოში მიიღო Tech განათლება, ის ზუსტად უნდა პასუხობდეს იმ მოთხოვნებს, რომლებიც საერთაშორისო კომპანიებს აქვთ, თუნდაც იმ ორგანიზაციას, რომელსაც მე წარმოვადგენ, Making Science-ს საქართველოში. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი გაერთიანებით, ერთი მხრივ, ყველა ინდუსტრია მოვიცვათ, მეორე მხრივ საკუთარი კონტრიბუცია შევიტანოთ განათლების მიმართულებით, და მესამე, რაც ასევე უმნიშვნელოვანესია, მიუხედავად იმისა, რომ ასოციაციის ფარგლებში გარკვეულ ნაბიჯებს უკვე ვდგამთ, დიდ კერძო საერთაშორისო კომპანიებს სახელმწიფოსთან კომუნიკაცია დღეს მაინც ძალიან უჭირთ.
რას ვგულისხმობ ამაში? რეგულაციების, საკანონმდებლო ცვლილებებისა თუ ყოველდღიური პროცესების მართვაში უამრავი უწყებაა ჩართული. მათ შორისაა ეკონომიკის, ფინანსთა (შემოსავლების სამსახურის ჩათვლით), იუსტიციის, განათლების, ჯანდაცვის სამინისტროები. ამ უკანასკნელში, მაგალითად, უცხოელი სპეციალისტების რეგისტრაციის პროცესი მიმდინარეობს“, - აღნიშნა ტექნოლოგიების ასოციაციის თავმჯდომარემ.
თემო მაღრაძის განცხადებით, ორგანიზაცია მზად არის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სექტორის ხმა სახელმწიფომ უფრო აქტიურად მოისმინოს და შესაბამისი რეკომენდაციები რეგულარულად წარუდგინოს.
„სწორედ ამიტომ, ჩვენ, როგორც ასოციაციას, გვსურს ვიყოთ მედიატორი საერთაშორისო კომპანიებსა და სახელმწიფოს შორის. ამ შუამავლობაში ვგულისხმობთ იმას, რომ სახელმწიფოს მხრიდან ამ მიმართულებით გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი რომელიც, რა თქმა უნდა, კომპეტენტურია და სექტორის განვითარებისკენაა მიმართული კიდევ უფრო ეფექტური იქნება, თუ გადაწყვეტილების მიმღებ პირებამდე უშუალოდ სექტორის ხმა უფრო დეტალურად მივა.
ჩვენ, როგორც The Tech Association-სა და ICT ასოციაციის წევრები, მზად ვართ საკონსულტაციო საბჭოს ფორმატში იქნება ეს თუ ნებისმიერ სხვა გაერთიანებაში თვეში ერთხელ ან კვარტალში ერთხელ გადაწყვეტილების მიმღებებს გავუზიაროთ ჩვენი მოსაზრებები იმაზე, თუ რა უნდა გამარტივდეს ან გაუმჯობესდეს. ეს, თავის მხრივ, არა მხოლოდ ჩვენი კომპანიების წარმატებას, არამედ, პირველ რიგში, სახელმწიფოს კეთილდღეობასა და განვითარებას შეუწყობს ხელს. აი, ეს მთავარი მიმართულებები გამოვყავი“, - აღნიშნა თემო მაღრაძემ.
სხვა სიახლეები
უცხოელი პროფესიონალები ადგილობრივებს მენტორობას უწევენ, რაც ზრდის ჩვენი ახალგაზრდების შანსებს, უფრო მაღალანაზღაურებად პოზიციებზე დასაქმდნენ - თემო მაღრაძე
29.06.2026.11:50
მაღალკვალიფიციური უცხოელი IT სპეციალისტების საქართველოში შემოსვლა ადგილობრივი ტალანტების განვითარებას მნიშვნელოვნად აჩქარებს, - ამის შესახებ ტექნოლოგიების ასოციაციის თავმჯდომარემ, თემო მაღრაძემ განაცხადა. მისი თქმით, უცხოელი პროფესიონალები ქართულ ბაზარზე ცოდნასა და საერთაშორისო გამოცდილებას აზიარებენ, მენტორობას უწევენ ადგილობრივ კადრებს და მათ უკეთ დასაქმებასა და უფრო მაღალანაზღაურებადი სამუშაოს მიღებაში ეხმარებიან.
„რაც მეტი უცხოელი, მაღალპროფესიონალი და კვალიფიციური კადრი შემოვა საქართველოში, ჩათვალეთ, რომ ეს ერთიორად დააჩქარებს ქართულ ბაზარზე ტალანტების განვითარებას. როდესაც მხოლოდ საკუთარ წრეში ვართ ჩაკეტილნი და ერთმანეთს ვეხმარებით, ეს ერთია, მაგრამ როდესაც ბაზარზე სხვა მაღალკვალიფიციური პროფესიონალები შემოდიან, ისინი ადგილობრივებს მენტორობას უწევენ, ეხმარებიან, სამუშაო ჯგუფებს ქმნიან და უზიარებენ იმ გამოცდილებას, რომელიც სხვადასხვა, უფრო დიდ და მასშტაბურ პროექტებზე მუშაობისას მიიღეს. ეს ერთიორად ზრდის ჩვენი ახალგაზრდების შანსებსა და პოტენციალს, რომ უფრო მაღალანაზღაურებად პოზიციებზე დასაქმდნენ“, - განაცხადა თემო მაღრაძემ.
მისი განცხადებით, ბოლო წლებში ახალგაზრდების მხრიდან სამშენებლო სექტორისა და პროფესიის დაუფლებისადმი ინტერესი გაიზარდა. მისი თქმით, რამდენიმე წლის წინ გავრცელებული მოლოდინი, რომ მოკლე დროში მაღალი შემოსავლის მიღება მარტივად იყო შესაძლებელი, რეალობას არ შეესაბამებოდა, თუმცა დღეს ამ მიმართულებით დამოკიდებულება იცვლება.
„ძალიან ბევრმა ახალგაზრდამ გადაწყვიტა ამ პროფესიის დაუფლება. ბევრი მათგანი წარმატებულია, ბევრმა დასახულ მიზანს მიაღწია, კარგად შრომობს და მუშაობს. თუმცა, თავდაპირველ ბუმთან შედარებით, ყოველწლიურად იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ამ მიმართულებაზე აბარებს, ოდნავ შემცირდა, მაგრამ ტენდენცია ცალსახად შესუსტებული არ არის. ამ სფეროს კვლავ ბევრი ირჩევს; იხსნება მრავალი ტექნიკური უნივერსიტეტი და სასწავლებელი, უმაღლეს სასწავლებლებში კი არსებული მიმართულებები ძლიერდება. გარდა ამისა, კომპანიები, როგორიცაა, მაგალითად, ჩვენი Making Science საქართველო, ყოველწლიურად მინიმუმ 100 ადამიანს იყვანენ სტაჟირებაზე ამ პროგრამას ჩვენ აქსელერაციას ვეძახით. პროგრამის ფარგლებში, 6 თვის განმავლობაში, მათ განვითარებას, ასე ვთქვათ, ხელს ვუწყობთ ანაზღაურებადი, ინდივიდუალური მენტორინგით“, - აღნიშნა მაღრაძემ.
IT სექტორში კადრების დეფიციტის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად პრაქტიკული გამოცდილების ნაკლებობა სახელდება. თემო მაღრაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდების ინტერესი სფეროს მიმართ იზრდება, ტექნიკურ სასწავლებლებში სწავლება რეალურ პროექტებზე მუშაობის პრაქტიკულ კომპონენტს მეტად უნდა მოიცავდეს, რათა ბაზრის მოთხოვნებს უკეთ უპასუხო