ქართული გასტრონომიის პოპულარიზაციის ფონზე ესპანეთში „ჩელთის“ ღვინოებზე მოთხოვნა იზრდება
Chelti Winery / მეღვინეობა ჩელთი Madrid Fusión-ის გასტრონომიულ გამოფენაში მონაწილეობს. როგორც Business Insider Georgia-სთან „ჩელთის“ კომერციული დირექტორი, ანა მირიანაშვილი აცხადებს, ესპანეთში ქართული რესტორნების გახსნასთან და ზოგადად ქართული გასტრონომიის პოპულარიზაციასთან ერთად „ჩელთის“ ღვინოებზეც მოთხოვნა იზრდება.
„ამჟამად Madrid Fusión-ის გამოფენაზე ვიმყოფებით. Madrid Fusión არის გასტრონომიული გამოფენა, სადაც ერთ სივრცეში მსოფლიოს ტოპ შეფები - მიშელინის ვარსკვლავის მქონე შეფები - იკრიბებიან. აქ ჩვენ წარვადგენთ ქართულ მეღვინეობას.
გამოფენის ფარგლებში „ჩელთის“ ღვინოებზე საკმაოდ მაღალი ინტერესია, რადგან მადრიდში უკვე ქართული რესტორნები და ქართული გასტრონომია საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. ერთ-ერთი რესტორანი, „ნუნუკა“, უკვე მესამე წელია მიშელინის გიდშია. ასევე გაიხსნა „პერსიმონი“, ახლა უკვე „კერა“, რომელიც თითქმის ყველა მადრიდელისთვის ცნობილია და დიდი პოპულარობით სარგებლობს. ქართული რესტორნების განვითარებამ გამოიწვია ისიც, რომ ჩვენი ღვინის მიმართ ინტერესიც გაიზარდა. ამას გარდა, დიდი ინტერესი მოდის სხვა ესპანური რესტორნებისგან და მიშელინის ვარსკვლავის მქონე რესტორნებისგანაც“, - აცხადებს ანა მირიანაშვილი.
მეღვინეობის დირექტორის განმარტებით, ესპანეთისა და ზოგადად ევროპის ბაზარზე „ჩელთის“ ღვინოებზე ყოველწლიურად მზარდი მოთხოვნაა.
„2025 წელს ესპანეთის ბაზარზე დაახლოებით 20–30%-იანი ზრდა გვქონდა და ახალი ობიექტების დამატებამ და გამოფენებმა, რა თქმა უნდა, შედეგი უნდა გამოიღოს. წელსაც, შემდეგ წელსაც, წინასწარ ვერ ვიტყვით, მაგრამ რა თქმა უნდა, ველოდებით ზრდას. ჩვენ ევროპის ბაზარს აღვიქვამთ როგორც ერთ ბაზარს - არ ვყოფთ ცალკე ესპანეთი, ცალკე საფრანგეთი და ასე შემდეგ, რადგან, როგორც იცით, გერმანიაში გვაქვს ჰაბი, საიდანაც ვამარაგებთ მთელ ევროპას.
ახლო მომავალში დაგეგმილი გვაქვს ხუთ გამოფენაში მონაწილეობა. ორ კვირაში პარიზში მივდივართ, რომელიც უფრო მასშტაბური და დიდი გამოფენაა, ვიდრე მადრიდის გამოფენა. აღნიშნულ გამოფენაზე არა მხოლოდ ფრანგებს, არამედ მთელი მსოფლიოს იმპორტიორებს, დისტრიბუტორებს, რესტორნების წარმომადგენლებს და სხვებს უნდა შევხვდეთ. ზოგადად, ევროპის ბაზარზე გვქონდა ძალიან დადებითი ზრდა“, - აღნიშნავს „ჩელთის“ კომერციული დირექტორი.
აღსანიშნავია, რომ გერმანიაში ჰაბის გარდა, „ჩელთის“ ჰაბი უკვე ჩინეთშიც აქვს, რაც კომპანიას სხვადასხვა ბაზრებზე ღვინის დროულ მიწოდებას უმარტივებს. „ჩელთი“ ჩინეთის ბაზარზე დიდი იმედებს ამყარებს და აქტიურად გეგმავს სხვადასხვა გამოფენებში მონაწილეობას.
„ჩინეთში ჰაბი უკვე გავაკეთეთ. პროექტი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. პირველი პარტია, რაც გავაგზავნეთ, მთლიანად გაიყიდა, და ახლა მეორე პარტიაზე ვმუშაობთ. სექტემბრიდან მოყოლებული ჩინეთის სხვადასხვა პროვინციაში უკვე სამ გამოფენას დავესწარით. მარტში კიდევ ჩენგდუში მივდივართ ორ ძალიან დიდ გამოფენაზე და, რა თქმა უნდა, ჩინეთის ბაზარზეც კიდევ უფრო მეტ ზრდას ველოდებით. ასევე ამერიკაში ვაპირებთ გამოფენაზე წასვლას - წლის აპრილში გვაქვს დაგეგმილი. გერმანიაში კიდევ მარტის თვეში გვაქვს დაგეგმილი, და უკვე დაიწყო აქტიური საგამოფენო სეზონი, რომელიც გაზაფხულამდე გაგრძელდება“, - ამბობს ანა მირიანაშვილი.
მეღვინეობა „ჩელთი“ ამ დროისთვის 20-მდე დასახელების ღვინოს აწარმოებს.
„ასორტიმენტის გაზრდას, რა თქმა უნდა, ახლო მომავალში ვაპირებთ. რეალურად, ასორტიმენტს ყოველწლიურად ვზრდით, მაგრამ ძირითადად არ ახალი პროდუქტი, არამედ ძველი რეზერვებიდან გამოაქვს. შუშხუნა ღვინის დამატებას ჯერჯერობით არ ვგეგმავთ. ჩვენი მთავარი მიმართულება კვლავ ღვინო და ჭაჭაა“, - აღნიშნავს „ჩელთის“ კომერციული დირექტორი.
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
31.07.2026.19:31
საქართველოს ბანკი, როგორც განათლებისა და ახალგაზრდების განვითარების მთავარი მხარდამჭერი, ფოთის საჭადრაკო კლუბის პარტნიორია.
ფოთის საჭადრაკო კლუბის ორგანიზებით, საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალის ფინალური ეტაპი გაიმართა, რომელშიც 530-მდე მოჭადრაკემ მიიღო მონაწილეობა, მათ შორის 300-ზე მეტი ქართველი იყო. ტურნირის ფარგლებში 22-მა ქართველმა მოჭადრაკემ 25 გამარჯვება მოიპოვა.
ფოთის საჭადრაკო კლუბისა და ბანკის პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოს ბანკი ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერია.
ინფორმაციისთვის, ფოთის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი ქალაქის ყოველწლიური საერთაშორისო საჭადრაკო ღონისძიებაა, რომელიც ფოთის საჭადრაკო კლუბის და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით იმართება. წელს ფოთი ფესტივალს უკვე მეცხრამეტედ მასპინძლობს.
ფესტივალის პროგრამის ფარგლებში 25-მდე სხვადასხვა ტურნირი ჩატარდა. მონაწილეებმა სხვადასხვა სარეიტინგო და ასაკობრივ კატეგორიაში: A, B, C, D და E Open-ებსა და ბავშვთა ტურნირებში იასპარეზეს. ძირითადი შეჯიბრებები 9 ტურად, შვეიცარიული სისტემით გაიმართა, მიღებული შედეგები კი საერთაშორისო რეიტინგში აისახა. თითოეულ ტურნირში პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ.
ფესტივალი შესაძლებლობას აძლევს როგორც გამოცდილ მოთამაშეებს, ისე ახალგაზრდა მოჭადრაკეებს, საერთაშორისო გარემოში გამოცადონ საკუთარი შესაძლებლობები, დააგროვონ გამოცდილება და გადადგან შემდეგი ნაბიჯები პროფესიული განვითარების გზაზე.
შეგახსენებთ, რომ ფოთის საჭადრაკო კლუბი 1948 წელს გაიხსნა, სადაც ახალგაზრდებს ჭადრაკის სიღრმისეულად შესწავლის შესაძლებლობა მიეცათ.
დღეს საქართველოს ბანკი კლუბის მთავარი მხარდამჭერია და პარტნიორობის ფარგლებში ხელს უწყობს ახალი თაობის მოჭადრაკეების განვითარებას. ფოთის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოთამაშეების მხარდაჭერა კი ამ პარტნიორობის კიდევ ერთი გაგრძელებაა.
აღსანიშნავია, რომ ფოთის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი ფოთში დაბადებული ქართველი მოჭადრაკის, ქალთა მსოფლიო ჩემპიონობის ორგზის პრეტენდენტის და ქართული ჭადრაკის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენლის - ნანა ალექსანდრიას სახელს ატარებს. ყოველწლიურად კი ფესტივალი ასობით მონაწილეს მასპინძლობს.