ქართული ხელნაკეთი სამკაულები ახალი ხედვით - როგორია NISSA-ს საქმიანობა და განვითარების გეგმები
NISSA ქართული ხელნაკეთი სამკაულების ბრენდია, რომელიც ბაზარზე რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა. კომპანიის დამფუძნებელი ნიცა მორჩაძე Business Insider Georgia-სთან NISSA-ს საქმიანობის სპეციფიკის, მიმდინარე ასორტიმენტის, კონკურენტული უპირატესობებისა და სამომავლო გეგმების შესახებ საუბრობს.

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდიდან ოპერირებთ ბაზარზე და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
NISSA არის ქართული ხელნაკეთი სამკაულების ბრენდი, რომელიც 2026 წელს დაარსდა. ჩვენი საქმიანობის მთავარი მიმართულება არის სამკაულების შექმნა მცირე რაოდენობით, ინდივიდუალური მიდგომითა და ხელით დამუშავებით.

NISSA-ს კონცეფცია აერთიანებს თანამედროვე, მინიმალისტურ დიზაინს, ფერებსა და გამორჩეულ ფორმებს. სამკაულების შექმნისას ვიყენებთ სუფთა 980 სინჯის ვერცხლს, მინანქარსა და ბუნებრივ ქვებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არამხოლოდ სამკაულის ვიზუალური მხარე, არამედ მისი ხარისხი, დეტალები და ის, თუ როგორ ერგება ნივთი ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ბრენდის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია მასობრივი წარმოებისგან განსხვავებული, უფრო პერსონალური მიდგომა. ჩვენი სამკაულები მზადდება შეკვეთით, მომხმარებლისთვის სასურველი ზომის მიხედვით, რაც საშუალებას გვაძლევს, თითოეულ ნივთს ინდივიდუალურად მივუდგეთ და მომხმარებელმა მიიღოს მისთვის შექმნილი სამკაული.

ამ ეტაპზე NISSA-ს სამკაულების შეძენა მომხმარებელს შეუძლია როგორც ჩვენი ონლაინ არხის საშუალებით, ისე The Diary Concept House-ში, სადაც ბრენდის სამკაულების ადგილზე ნახვა და შეძენაა შესაძლებელი.
როგორია NISSA-ს მიმდინარე ასორტიმენტი და რა მიმართულებებს აერთიანებს?
ამ ეტაპზე NISSA-ს ასორტიმენტის მთავარი მიმართულება არის ბეჭდები და გულსაკიდები, რომელთა შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ჩვენს პირველ, Bubble Collection-ს.

კოლექციის მთავარი იდეა ორგანული, მოცულობითი ფორმების, ფერებისა და თანამედროვე დიზაინის გაერთიანებაა. Bubble კოლექციის ბეჭდები წარმოდგენილია სხვადასხვა ფერში და შექმნილია მათთვის, ვისაც სურს, ყოველდღიურ სტილში ერთი გამორჩეული დეტალი ჰქონდეს. კოლექციაში გვხვდება როგორც ნეიტრალური, ისე მკვეთრი და ფერადი ვარიანტები.
გულსაკიდების მიმართულებაც იმავე ვიზუალურ სტილს აგრძელებს - მინიმალისტური ფორმები, ფერი, ბუნებრივი ქვები და ვერცხლი. პარალელურად, NISSA-ს ასორტიმენტი ეტაპობრივად ფართოვდება და მომავალში ახალი დიზაინებისა და ცალკეული მცირე კოლექციების დამატებასაც ვგეგმავთ.

რას მიიჩნევთ კონკურენტულ უპირატესობად?
ვფიქრობ, NISSA-ს ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა არის პროდუქტისა და მიდგომის კომბინაცია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სამკაული იყოს არამხოლოდ ვიზუალურად საინტერესო, არამედ ხარისხიანი და დროში აქტუალური.
NISSA-ს თითოეული ნივთი ხელით იქმნება და წარმოება არ არის მასობრივი. ეს საშუალებას გვაძლევს, ყურადღება თითოეულ დეტალს დავუთმოთ და საჭიროების შემთხვევაში კონკრეტულ შეკვეთასაც ინდივიდუალურად მივუდგეთ. ასევე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია გამოყენებული მასალების ხარისხი - 980 სინჯის ვერცხლი, მინანქარი და ბუნებრივი ქვები.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი თავად ბრენდის დიზაინის მიმართულებაა. გვინდა, NISSA-ს სამკაული იყოს მარტივი, მაგრამ გამორჩეული - ისეთი ნივთი, რომელიც ადვილად ერგება ყოველდღიურ სტილს, თუმცა მაინც აქვს საკუთარი ხასიათი. საბოლოოდ, ჩვენი მიზანია მომხმარებელმა შეიძინოს არა უბრალოდ აქსესუარი, არამედ ნივთი, რომელთანაც გარკვეული ემოციური კავშირი ექნება.
როგორია NISSA-ს სამომავლო გეგმები და განვითარების სტრატეგია?
NISSA ჯერ განვითარების საწყის ეტაპზეა, ამიტომ ჩვენი მთავარი მიზანია ბრენდის სტაბილური და ეტაპობრივი ზრდა, ისე, რომ მასობრივი წარმოების პროცესში არ დავკარგოთ ის ინდივიდუალური ხასიათი, რომელიც თავიდანვე მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის.

სამომავლოდ ვგეგმავთ ასორტიმენტის გაფართოებას, ახალი კოლექციებისა და დიზაინების შექმნას და NISSA-ს როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო ბაზარზე უფრო ფართო აუდიტორიისთვის გაცნობას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის ონლაინ მიმართულების განვითარება და ისეთი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდა, რომელიც NISSA-ს ფიზიკურად ნახვას ვერ ახერხებს.

გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენი მიზანია NISSA გაიზარდოს, მაგრამ შეინარჩუნოს მთავარი პრინციპები - ხელნაკეთი წარმოება, გამორჩეული დიზაინი, ხარისხიანი მასალები და თითოეული ნივთისადმი ინდივიდუალური დამოკიდებულება.
სხვა სიახლეები
გვჭირდება პოლიტიკის ჩარჩო, რომელიც აჩვენებს სადაზღვევო კომპანიებს თუ რა სიკეთის მოტანა შეუძლიათ ეკონომიკისთვის - მიხეილ ჯაფარიძე
24.09.2026.10:40
გვჭირდება პოლიტიკის ჩარჩო, რომელიც აჩვენებს სადაზღვევო კომპანიებს თუ რა სიკეთის მოტანა შეუძლიათ ეკონომიკისთვის - ამის შესახებ სადაზღვევო კომპანია „არდის" გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ჯაფარიძემ, ტელეკომპანია „მაესტროს" ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„Policy-ის რასაც ეძახიან, ჩარჩო გვჭირდება, რა საზოგადოებრივი სიკეთე იქმნება მაგ ნაწილში და ძალიან კარგი იქნება, იმიტომ რომ ჩვენც გვაქვს ბევრი მოსაზრება. შეიძლება, იქითა მხარესაც, კანონმდებლობის მხრიდანაც, დაიბადოს ძალიან ბევრი იდეა, რომელიც ამ კუთხით დაეხმარება სექტორს.
იმიტომ, რომ ფაქტია, საბოლოო ჯამში, ეს არ უნდა განვიხილოთ არც ერთ შემთხვევაში და არ იქნება სწორი. ჩემი მხრიდან ნამდვილად ამას არც ვიზამდი, რომ კერძო სექტორს უნდა, რომ გაიზარდოს - პრინციპია. აქ საუბარია იმაზე, სადაზღვევო კომპანიებს რა სიკეთის მოტანა შეუძლიათ ეკონომიკაში.
თუ ამას ასე შევხედავთ, და რეალურად ასეც უნდა შეხედოს სახელმწიფომ, მერე უკვე ამის შემდეგ შეიძლება ითქვას, მაგალითად, რა როლი შეიძლება შეასრულოს სექტორმა რისკის მართვაში, რა როლი შეიძლება შეასრულონ დაგროვებითი სისტემების განვითარებაში.
მაგალითად, სიცოცხლის დაზღვევა უცხოეთში დაგროვების ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა, რომელიც საქართველოში არ არის განვითარებული. ახლაც ვცდილობთ, რაღაცები ვაკეთოთ, მაგრამ ძირითადად სიცოცხლის დაზღვევა, რაც საქართველოში არის, ეს არის ბანკის კრედიტი, როცა თქვენ სავალდებულო წესით უნდა დააზღვიოთ, იმიტომ რომ ბანკი თავის საკრედიტო რისკს აზღვევს.
აი, ასეთი ნიუანსებია, სადაც განვითარდა ახლაც რაც გვაქვს - ესეც კერძო სექტორიდან დავალდებულებული, სავალდებულო ტიპის პროდუქტებია“, - აცხადებს მიხეილ ჯაფარიძე.