ქართული კომპანიების მიერ, კუნძულზე ამჟამად $600 მილიონზე მეტი ღირებულების საინვესტიციო პროექტები ხორციელდება - „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალური დირექტორი
ბათუმის ხელოვნურ კუნძულზე უკვე მიმდინარეობს 600 მილიონ დოლარზე მეტი მოცულობის საინვესტიციო პროექტები, რომლებიც ძირითადად ქართული კომპანიების მიერ ხორციელდება. როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას კომპანია „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალურმა დირექტორმა გოჩა კამკიამ განაცხადა, პროექტის განვითარებაში ადგილობრივი ბიზნესის აქტიური ჩართულობა საერთო სინერგიას უსვამს ხაზს.
„ვინაიდან თითოეული პროექტის განვითარების მონაცემები უკვე დათვლილი გვაქვს, შემიძლია ვთქვა, რომ ქართული კომპანიების მიერ, კუნძულზე ამჟამად 600 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების საინვესტიციო პროექტები ხორციელდება.
ამ პროექტებს წმინდა ქართული კომპანიები უძღვებიან, რაც ჩვენთვის ყველაზე დიდი ბედნიერებაა. როდესაც ამ ყველაფერს ვგეგმავდით, ჩვენი უმთავრესი მიზანი იყო, რომ მომავალში ეს წარმატება სხვა ქართული კომპანიებისთვისაც გაგვეზიარებინა. დღეს უკვე გვაქვს სურათი, სადაც ქართული ბიზნესი „ამბასადორ აილენდზეა“ წარმოდგენილი. ეს პროექტი მათი თანაზიარი საკუთრებაა. ისინი ჩვენთან სრულ სინერგიაში არიან და საკუთარ, დამოუკიდებელ ისტორიას ქმნიან, რაც, ვფიქრობ, შესანიშნავი შედეგია“, - აცხადებს გოჩა კამკია.
კომპანია „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალური დირექტორის, განცხადებით, პროექტის ფარგლებში უკვე გაიმართა მულტიფუნქციური კომპლექსის კაფსულის ჩადების ცერემონია და 21 ჰექტარის ექსპლუატაციაში შესვლის აღნიშვნა, ხოლო კომპლექსი მოიცავს სასტუმროს, აპარტამენტებს, აუზს, სპას და ვერტმფრენის ვერტოდრომს.
„ბათუმის კუნძული“ სახელმწიფოსა და „ამბასადორი ჯგუფის“ ერთობლივი პროექტია, რომლის ადმინისტრირება საქართველოს მთავრობასთან ერთად 30-მდე სახელმწიფო უწყებასთან იყო კოორდინირებული.
„პირველ რიგში, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს, ქალბატონ მარიამს (მარიამ ქვრივიშვილი - რედ), მინისტრთა კაბინეტის წევრებსა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს, რომლებიც პირადად ესწრებოდნენ ამ ისტორიული თარიღის აღნიშვნას.
ჩვენ ერთდროულად ორი მნიშვნელოვანი მოვლენა ვიზეიმეთ: პირველი - მულტიფუნქციური კომპლექსის საძირკველში სიმბოლური კაფსულის ჩადების ცერემონია და მეორე - 21-ჰექტარიანი ფართობის ექსპლუატაციაში მიღების დღე.
რაც შეეხება თავად მულტიფუნქციურ კომპლექსს, ის მოიცავს სასტუმროს, აპარტამენტებს, საცურაო აუზს, სპა-ცენტრსა და ვერტმფრენის ასაფრენ-დასაფრენ მოედანს (ე.წ. „პადს“ და ვერტოდრომს).
გარდა ამისა, კომპლექსი მოიცავს უამრავ სხვა გასართობ და გამაჯანსაღებელ სივრცეს. თავად პროექტი იმ თვალსაზრისითაც არის მნიშვნელოვანი, რომ აქ, ცალკე აღებული, 200 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება.
ჩვენთვის მთავარი მაინც ისაა, რომ ეს იყო კომპანიის მხრიდან გაჟღერებული მკაფიო გზავნილი - ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის უშუალო სამშენებლო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. შესაბამისად, აღნიშნული ტერიტორია უსაფრთხო და სრულად მზად არის მშენებლობისთვის,-განაცხადა გოჩა კამკიამ.
რაც შეეხება სხვა საინტერესო ფაქტებსა და მონაცემებს, მარტის თვეში ძალიან საინტერესო მაჩვენებელი დაგვიფიქსირდა - უძრავი ქონების დაახლოებით 70% ევროკავშირის მოქალაქეებმა შეიძინეს. ეს ყველაფერი იმის დასტურია, რომ ჩვენი კომპანიის მიერ საერთაშორისო სისტემების სიღრმისეულმა დანერგვამ გლობალურ ასპარეზზე დიდი ნდობა მოიპოვა.
შესაბამისად, ევროკავშირის მოქალაქეები უკვე იღებენ სათანადო გადაწყვეტილებებს, რასაც ჩვენ ძალიან ვუფრთხილდებით. სამომავლოდ ვგეგმავთ სხვადასხვა პროგრამის განხორციელებას, რათა მათ ამ გადაწყვეტილებების მისაღებად კიდევ უფრო მეტი მოტივაცია მივცეთ“, - აღნიშნა გოჩა კამკიამ.
სხვა სიახლეები
ArchiveHub - ქართული ციფრული პლატფორმა Ideahub-ისგან დოკუმენტების უსაფრთხო და ეფექტიანი მართვისთვის
07.08.2026.12:00
ბიზნესის განვითარებასთან ერთად იზრდება ინფორმაცია, დოკუმენტების რაოდენობა და მათი სწორად მართვის მნიშვნელობა. თუმცა, საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოების მნიშვნელოვან ნაწილში დოკუმენტების არქივი ჯერ კიდევ ქაღალდზე, სხვადასხვა საქაღალდესა თუ საცავში ინახება. შედეგად, წლების შემდეგ კონკრეტული ხელშეკრულების, ინვოისის, აქტის თუ სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტის მოძიება ხშირად საათებს, ზოგჯერ კი დღეებსაც მოითხოვს.
სწორედ ასეთი რეალური გამოცდილება გახდა Ideahub-ის ახალი ციფრული გადაწყვეტის – ArchiveHub-ის შექმნის საფუძველი.

როგორც Ideahub-ში აღნიშნავენ, ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში რამდენიმე კომპანიის ბიზნესპროცესებისა და ფინანსური ინფორმაციის ისტორიული ანალიზი გახდა საჭირო. ინფორმაციის დასადასტურებლად კომპანიებს წლების განმავლობაში დაგროვებული ქაღალდის არქივის გადახედვა მოუწიათ. ამ პროცესმა ნათლად წარმოაჩინა პრობლემა, რომელიც ბევრ ორგანიზაციას აერთიანებს – მნიშვნელოვანი ინფორმაცია არსებობს, თუმცა მისი სწრაფად მოძიება და ეფექტურად გამოყენება რთულია.
სწორედ ამ გამოცდილებამ გააჩინა კითხვა – რატომ უნდა იყოს კომპანიის ისტორია დამოკიდებული ქაღალდის არქივზე ან კონკრეტული თანამშრომლის მეხსიერებაზე?
ამ კითხვაზე პასუხად შეიქმნა ArchiveHub – პლატფორმა, რომელიც კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას, დოკუმენტები ერთიან, სტრუქტურირებულ და უსაფრთხო ციფრულ სივრცეში მართონ.
ArchiveHub-ის მთავარი მიზანი მხოლოდ დოკუმენტების ელექტრონულად შენახვა არ არის. მისი დანიშნულებაა კომპანიის ცოდნის, ისტორიისა და მნიშვნელოვანი ინფორმაციის დაცვაა, რათა წლების შემდეგაც ნებისმიერი საჭირო დოკუმენტი რამდენიმე წამში იყოს ხელმისაწვდომი, მიუხედავად იმისა, შეიცვალა თუ არა თანამშრომლები ან ორგანიზაციული სტრუქტურა.
პლატფორმა სრულად ითვალისწინებს თანამედროვე ორგანიზაციების მუშაობის სპეციფიკას. სისტემა უზრუნველყოფს როლებისა და განყოფილებების მიხედვით წვდომების მართვას, რაც ნიშნავს, რომ თითოეულ თანამშრომელს მხოლოდ იმ დოკუმენტებზე აქვს წვდომა, რომელიც მისი საქმიანობისთვის არის განსაზღვრული. ეს მნიშვნელოვნად ზრდის როგორც ინფორმაციის უსაფრთხოებას, ისე შიდა პროცესების გამჭვირვალობას.
Ideahub-ის მიზანი მცირე და საშუალო ბიზნესის ციფრული განვითარებაა. სწორედ ამიტომ ArchiveHub შეიქმნა ისეთი კომპანიებისთვის, სადაც დოკუმენტების მოძრაობა ყოველდღიური პროცესია, თუმცა მათი მართვა ხშირად ჯერ კიდევ არასტრუქტურირებული და ქაოტურია. ასეთ პირობებში თანამშრომლები მნიშვნელოვან დროს ხარჯავენ ინფორმაციის მოძიებაზე, იზრდება შეცდომების რისკი და რთულდება ეფექტური მენეჯმენტი.
ArchiveHub ამ პრობლემას მარტივი პრინციპით აგვარებს - ყველა დოკუმენტი ერთ სივრცეშია და მარტივად ხელმისაწვდომია.
პლატფორმა საშუალებას აძლევს კომპანიებს შექმნან არა მხოლოდ ციფრული არქივი, არამედ ორგანიზაციული მეხსიერება, რომელიც წლების განმავლობაში ინარჩუნებს კომპანიის საქმიანობის სრულ ისტორიას და უზრუნველყოფს მის უსაფრთხო შენახვას.
ციფრული ტრანსფორმაცია დღეს აღარ არის მხოლოდ ტექნოლოგიური სიახლე - ის ეფექტური მართვის აუცილებელი ნაწილია. სწორედ ამ ხედვით აგრძელებს Ideahub ისეთი გადაწყვეტილებების შექმნას, რომლებიც ქართულ მცირე და საშუალო ბიზნესს პროცესების გამარტივებაში, დროის დაზოგვასა და ინფორმაციის უსაფრთხოდ მართვაში ეხმარება.