ქართული მოდის ბრენდი Hamo განვითარებას საერთაშორისო ბაზრებზე გეგმავს
2020 წელს შექმნილი ქართული მოდის ბრენდი Hamo Concept ready-to-wear და custom-made კოლექციებს ქმნის და გამორჩეული დიზაინისა და ხელით შესრულებული დეტალების მიმართულებით ვითარდება. ამასთან, ბრენდი საერთაშორისო ბაზრებზე, განსაკუთრებით ევროპასა და აზიაში, გაფართოებას გეგმავს.

როგორ ვითარდება Hamo და რა გეგმები აქვს ბრენდს - ამ საკითხებზე Business Insider Georgia-ს დამფუძნებელი მარიამ თავბერიძე ესაუბრა.
მოგვიყევით Hamo-ს შესახებ - როგორ შეიქმნა ბრენდი, როდიდან ოპერირებთ ბაზარზე და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
Hamo Concept ქართული მოდის ბრენდია, რომელიც 2020 წელს შეიქმნა. ბრენდის შექმნის იდეა თავიდანვე ეფუძნებოდა სურვილს, შეგვექმნა სამოსი მკაფიო ხასიათით - ნივთები, რომლებიც არ მიჰყვება მხოლოდ მიმდინარე ტენდენციებს და მომხმარებელს საკუთარი ინდივიდუალობის გამოხატვის შესაძლებლობას აძლევს.

დღეს Hamo მომხმარებელს სთავაზობს როგორც მზა ready to wear კოლექციებს, ასევე ინდივიდუალურ, custom-made მიმართულებას. ვქმნით ყოველდღიურ და განსაკუთრებული შემთხვევებისთვის განკუთვნილ სამოსს, შეზღუდული რაოდენობის მოდელებსა და უნიკალურ ერთეულებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ ნივთს ჰქონდეს არა მხოლოდ ფუნქცია, არამედ საკუთარი იდენტობა და ისტორია.
რა კონცეფციით იქმნება Hamo -ს კოლექციები და რა გამოარჩევს ბრენდს?
Hamo -ს კოლექციების საფუძველია სიმარტივე, კულტურული გავლენები, ხელით შესრულებული დეტალები და ტრანსფორმაციის იდეა. განსაკუთრებით დიდი ადგილი უჭირავს აზიური კულტურის ესთეტიკას, თუმცა ჩვენს ვიზუალურ ენაში სხვადასხვა კულტურის ელემენტები თანამედროვე და ინდივიდუალური ინტერპრეტაციით ერთიანდება.

ვმუშაობთ ნატურალურ ქსოვილებთან. ხშირად თავად ვქმნით ტექსტურისა და ზედაპირის დამუშავების უნიკალურ ტექნიკებს, ვიყენებთ ხელით შესრულებულ ნაქარგებსა და დეტალებს.
ბრენდისთვის ასევე მნიშვნელოვანია პასუხისმგებლიანი წარმოება. ვმუშაობთ მცირე რაოდენობებით, ვიყენებთ ქსოვილის ნარჩენებს უნიკალური ერთეულების შესაქმნელად და მაქსიმალურად ვცდილობთ მასალის რაციონალურად გამოყენებას. Hamo არ ცდილობს სეზონურ ტრენდებს გაჰყვეს - ჩვენი მიზანია შევქმნათ საკუთარი, ამოსაცნობი დიზაინის ენა.

როგორია დღეს პროდუქციის ასორტიმენტი და როგორ იცვლება მომხმარებლის მოთხოვნა?
Hamo -ს ასორტიმენტი დღეს მრავალფეროვანია. ვქმნით სამოსსა და აქსესუარებს, ასევე უფრო ექსპერიმენტულ და ხელით დამუშავებულ დიზაინერულ ნივთებს.
პარალელურად იზრდება ინდივიდუალური შეკვეთების მიმართულებაც. მომხმარებლები სულ უფრო ხშირად ეძებენ არა უბრალოდ მზა ნივთს, არამედ ისეთ სამოსს, რომელიც კონკრეტულად მათთვის იქმნება - მათი ზომების, ცხოვრების სტილისა და პირადი ესთეტიკის გათვალისწინებით. სწორედ ამიტომ Hamo აქტიურად ავითარებს custom-made და განსაკუთრებული შემთხვევებისთვის განკუთვნილი სამოსის მიმართულებასაც.

ჩვენ ვხედავთ, რომ მომხმარებლისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ხარისხი, უნიკალურობა და ის ისტორია, რომელიც სამოსის უკან დგას. ჰამო არასდროს ყოფილა მას წარმოების ბრენდი და შესაბამისად, მოთხოვნაც ნელ-ნელა მასობრივი მოხმარებიდან უფრო გააზრებული და ინდივიდუალური არჩევანისკენ იცვლება.
რა გეგმები აქვს კომპანიას სამომავლოდ - იგეგმება თუ არა ახალი კოლექციების, მიმართულებებისა და საერთაშორისო ბაზრების განვითარება?
Hamo-ს ერთ-ერთი მთავარი სამომავლო მიზანი საერთაშორისო ბაზარზე უფრო აქტიური განვითარებაა. ბრენდი უკვე მუშაობს საქართველოს ფარგლებს გარეთ ცნობადობის გაზრდაზე და მონაწილეობს საერთაშორისო მოდის პროექტებსა და პროფესიულ პლატფორმებში.
ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა ევროპისა და აზიის ბაზრები, სადაც Hamo-ს ვიზუალური ენა და კულტურული გავლენები ბუნებრივად პოულობს საკუთარ აუდიტორიას.

სამომავლოდ ვგეგმავთ, როგორც runway კოლექციების განვითარებას, ასევე custom-made და atelier მიმართულების გაძლიერებას. გვინდა კიდევ უფრო მეტი ყურადღება დავუთმოთ ხელით შექმნილ დეტალებს, მცირე რაოდენობით წარმოებულ უნიკალურ ნივთებსა და ისეთ დიზაინს, რომელიც ფუნქციურობას, ხელობასა და თანამედროვე მოდას აერთიანებს.
ჩვენი მიზანია, Hamo ეტაპობრივად ჩამოყალიბდეს საერთაშორისო მასშტაბის ქართულ ბრენდად, რომელსაც საკუთარი მკაფიო იდენტობა აქვს და რომლის ამოცნობაც ერთი შეხედვით არის შესაძლებელი.

სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკმა, ბიზნესის მხარდასაჭერად, IFC-სგან 118 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა
08.10.2026.13:32
საქართველოს ბანკმა მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისგან (IFC) 118 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია მოიზიდა. მოზიდული სახსრები საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების (MSME) დაფინანსებას, განვითარებასა და მათ მიერ სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობას, მათ შორის - რეგიონებსა და სოფლებში არსებული მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას მოხმარდება.
შეთანხმების ფარგლებში, ორი სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. პირველი 58 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის მულტისავალუტო საკრედიტო ხაზის ათვისებას ითვალისწინებს (ხელმისაწვდომია როგორც აშშ დოლარში, ისე ქართულ ლარში), ხოლო მეორე - 60 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზს თითოეული სესხის ვადა ათვისების წერტილიდან არაუგვიანეს ხუთი წელია.
აღსანიშნავია, რომ მოზიდული დაფინანსების არანაკლებ 30% დედაქალაქისა და მსხვილი რეგიონული ცენტრების მიღმა მოქმედი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერებას მოხმარდება; ეს ნაბიჯი ასახავს ბანკის მუდმივ სწრაფვას, ხელი შეუწყოს ინკლუზიური ეკონომიკის განვითარებას. ასევე, საქართველოს მასშტაბით, ყველა რეგიონში გაზარდოს ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა.
„ჩვენ განსაკუთრებულად ვაფასებთ IFC-ის მუდმივ მხარდაჭერას საქართველოს ბანკისა და ქართული ბიზნესების მიმართ. ეს ინვესტიცია შესაძლებლობას მოგვცემს, კიდევ უფრო გავაფართოოთ ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით. რეგიონებში მოქმედი ბიზნესებისთვის განკუთვნილი დაფინანსება ხაზს უსვამს ჩვენს პასუხისმგებლობას, შევქმნათ მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკა. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო პროცესში ჩართულ გუნდებს თანამშრომლობისა და მუდმივი მხარდაჭერისთვის”, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ და ფინანსურმა დირექტორმა გიორგი შაგიძემ.
„საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოები გადამწყვეტ როლს ასრულებენ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და დასაქმებაში. ამასთან, მათ აქვთ პოტენციალი, რეგიონებსა და სოფლებში პოზიტიური სოციალური გავლენა გაზარდონ. IFC ელის, რომ საქართველოს ბანკთან პარტნიორობა დაეხმარება მცირე და საშუალო საწარმოებს ზრდაში, ათასობით სამუშაო ადგილის შექმნასა და შენარჩუნებაში ასევე, ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოებაში მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს ინვესტიცია საქართველოში კერძო სექტორის ზრდის ხელშეწყობისადმი ჩვენი ფართო ვალდებულების ნაწილია და ველით, რომ ის მთელი ქვეყნის მასშტაბით მდგრად ეკონომიკურ ზრდაში აისახება“, - განაცხადა შაბანა ხავარმა, IFC-ის მენეჯერმა საქართველოში.
აღნიშნული ტრანზაქცია საქართველოს ბანკისა და IFC-ს შორის არსებული ხანგრძლივი თანამშრომლობის ნაწილია.