ქართული მოცვის ინდუსტრიის საერთაშორისო აღიარება - IBO-ს პრეზიდენტმა საქართველოში სექტორის განვითარების პოტენციალი შეაფასა
საქართველოს მოცვის ინდუსტრია საერთაშორისო ყურადღების ცენტრშია - საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის (International Blueberry Organization - IBO) პრეზიდენტმა, მარიო სტეტამ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ადგილობრივი წარმოება, სექტორის განვითარების ტემპი და გლობალურ ბაზრებზე ინტეგრაციის შესაძლებლობები შეაფასა.
ვიზიტი საქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციას შორის გაფორმებული თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა და მის მიზანს საქართველოს, როგორც მოცვის ინდუსტრიის სწრაფად განვითარებადი ქვეყნის, საერთაშორისო პოზიციონირების გაძლიერება და გლობალურ ქსელებში ინტეგრაციის ხელშეწყობა წარმოადგენდა.
მარიო სტეტამ შეხვედრები გამართა ასოციაციის წევრ კომპანიებთან, სექტორის წარმომადგენლებთან, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან და მოინახულა მოცვის ფერმები, სანერგეები და საწარმოო ინფრასტრუქტურა.
მისი შეფასებით, საქართველო თანამედროვე აგროინდუსტრიის მიმართულებით მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას გადის და ქვეყანას შესაძლებლობა აქვს, საერთაშორისო მოცვის ბაზარზე მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს.
„ჩვენი მიზანი იყო დაგვენახა და მხარი დაგვეჭირა იმ სამუშაოსთვის, რომელსაც ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაცია 2023 წლიდან ახორციელებს, განსაკუთრებით იმ მოდელისთვის, რომელიც დაფუძნებულია წარმოების გაუმჯობესებაზე, ცოდნის გაზიარებასა და ბაზარზე პოზიციონირებაზე. საქართველო უკვე იმკვიდრებს ადგილს საერთაშორისო მოცვის ინდუსტრიაში და აქვს პოტენციალი, გახდეს მნიშვნელოვანი ქვეყანა გლობალურ ბაზარზე”, - განაცხადა მარიო სტეტამ.
ქართული მოცვის უპირატესობა - ტექნოლოგიები, ცოდნა და ახალი მიდგომები
IBO-ს პრეზიდენტმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ სისწრაფესა და მოქნილობაზე, რომლითაც ქართული მწარმოებლები თანამედროვე ტექნოლოგიებსა და საერთაშორისო გამოცდილებას ნერგავენ.
მისი თქმით, ადგილობრივი ინდუსტრია აქტიურად იყენებს ახალი თაობის ჯიშებს, რომლებიც გამოირჩევა მაღალი ხარისხით, გამძლეობით, უკეთესი შენახვის შესაძლებლობითა და პროდუქტიულობით. ამ პროცესს თან ახლავს თანამედროვე სარწყავი სისტემების, კლიმატის მართვის ტექნოლოგიებისა და წარმოების გაუმჯობესებული პრაქტიკების დანერგვა.
„საქართველოს მწარმოებლებს აქვთ განსაკუთრებული სურვილი, მიიღონ საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება. ისინი აქტიურად ეძებენ სიახლეებს, იღებენ ცოდნას და თანამშრომლობენ მსოფლიოს წამყვან აგრო ექსპერტებთან“, - აღნიშნა მარიო სტეტამ.
მისივე შეფასებით, საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა, კლიმატური მრავალფეროვნება და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ქვეყანას მნიშვნელოვან შესაძლებლობას აძლევს, გააფართოოს საექსპორტო მიმართულებები და კონკურენტუნარიანი პოზიცია დაიკავოს საერთაშორისო ბაზრებზე.
თანამშრომლობის კულტურა - ქართული მოდელის მთავარი უპირატესობა
ვიზიტის ფარგლებში IBO-ს პრეზიდენტისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა არა მხოლოდ ტექნოლოგიური განვითარება, არამედ მწარმოებლებს შორის თანამშრომლობის კულტურა აღმოჩნდა.
მარიო სტეტამ განსაკუთრებულად შეაფასა ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის მიდგომა, რომელიც ეფუძნება ცოდნის გაზიარებას, გამოცდილების გაცვლასა და საერთო განვითარებაზე ორიენტირებულ თანამშრომლობას.
„მათ მიერ შექმნილი თანამშრომლობის მოდელი ნამდვილად გამორჩეულია. აქ მიზანი მხოლოდ ინდივიდუალური წარმატება არ არის - საუკეთესო მწარმოებლები საკუთარ ცოდნას სხვებსაც უზიარებენ, რათა მთლიანად ინდუსტრია განვითარდეს. ეს მიდგომა ბევრ საერთაშორისო ბაზარზე იშვიათია“, - განაცხადა IBO-ს პრეზიდენტმა.
მისი შეფასებით, სწორედ ასეთი თანამშრომლობა არის საქართველოს მოცვის სექტორის მდგრადი ზრდის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი.
ზრდის პოტენციალი და სამომავლო შესაძლებლობები
დღეს საქართველოში მოცვის წარმოება სწრაფად ვითარდება. სექტორის მიზანია, მომდევნო წლებში გაიზარდოს წარმოების მოცულობა და გაძლიერდეს ქვეყნის პოზიცია საერთაშორისო ბაზრებზე.
IBO-ს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა საქართველოს შესაძლებლობა, გააფართოოს წარმოების სეზონურობა განსხვავებული კლიმატური პირობებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.
მისი შეფასებით, საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვანი პოზიცია დაიკავოს ისეთ ბაზრებზე, სადაც მნიშვნელოვანია პროდუქტის სიახლე, ხარისხი და სწრაფი მიწოდება.
საქართველოს ბანკის მხარდაჭერა აგრო სექტორის განვითარებაში
საქართველოს ბანკისთვის აგრო სექტორის მხარდაჭერა ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა. ბანკი აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ მწარმოებლებთან, ხელს უწყობს თანამედროვე აგრო პრაქტიკების დანერგვას და ქმნის შესაძლებლობებს სექტორის საერთაშორისო ინტეგრაციისთვის.
„მოხარულები ვართ, რომ ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოში საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის პრეზიდენტს ვუმასპინძლეთ. მსგავსი ვიზიტები ხელს უწყობს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას, ქართული მოცვის ცნობადობის ზრდასა და ახალი შესაძლებლობების შექმნას ჩვენი პარტნიორი აგრო ბიზნესებისთვის“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ნინო აფციაურმა.
მარიო სტეტას ვიზიტმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ქართული მოცვის ინდუსტრიას აქვს პოტენციალი საერთაშორისო ბაზარზე პოზიციები კიდევ უფრო გააძლიეროს.
სხვა სიახლეები
თბილისის ანძის მოდერნიზაცია 2028 წელს დასრულდება - პროექტის ღირებულება 15 მლნ ლარია | KASS Group
06.10.2026.16:00
მრავალპროფილური საინვესტიციო კომპანია KASS Group, რომელიც საქართველოში 2016 წლიდან საქმიანობს, თბილისის ანძის მოდერნიზაციის პროექტს ახორციელებს. პროექტის მიმდინარეობის, ახალი ტურისტული სივრცის კონცეფციისა და სამომავლო გეგმების შესახებ Business Insider Georgia-ს KASS Group-ის გენერალური დირექტორი ეკატერინე თორდია ესაუბრა.
რა ეტაპზეა დღეს თბილისის ანძის მოდერნიზაციის პროექტი და რა სამუშაოები მიმდინარეობს?
დღეს პროექტი უკვე აქტიურ სამშენებლო ფაზაშია. მიღებულია მშენებლობის ნებართვა, მოწყობილია სამშენებლო მოედანი და დასრულებულია მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ძველი ნაგებობების დემონტაჟი. მოეწყო ადმინისტრაციისთვის გადასაცემი დამხმარე ფართი.
ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს ანძის ძირითადი შენობის საძირკვლის მოწყობის სამუშაოები. პარალელურად, მეტალის კონსტრუქციების დამამზადებელ ქარხანა-საამქროში შესაბამისი მეტალის დეტალების დამზადება.
რა იქნება პროექტის საბოლოო კონცეფცია და კონკრეტულად რა ინფრასტრუქტურა განთავსდება ანძაზე?
ჩვენი მიზანია, შეიქმნას სრული ტურისტული გამოცდილება, რომელიც სტუმარს რამდენიმე განსხვავებულ ფუნქციას ერთ სივრცეში შესთავაზებს.
პროექტი მოიცავს:
• ვიზიტორთა ცენტრი;
• პანორამული გადასახედები;
• პანორამული რესტორანი.
კონცეფციის მთავარი იდეაა, რომ ვიზიტორმა მიიღოს ერთიანი გამოცდილება - თბილისის ხედები, თანამედროვე არქიტექტურა, გასტრონომია და თავად ანძის ისტორიისა და მნიშვნელობის გაცნობა.
რა საინვესტიციო მოცულობას მოითხოვს პროექტი და როგორია მისი განხორციელების ვადები?
პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 15 მილიონი ლარია, რომელიც დასუზტდება მოგვიანებით.
პროექტის დასრულება 2028 წელს არის დაგეგმილი. მშენებლობის ნებართვის მიღების შემდეგ პროექტი აქტიურ ფაზაში გადავიდა და ჩვენი მიზანია, სამუშაოები დაგეგმილი გრაფიკის შესაბამისად განხორციელდეს.
რა ტიპის ვიზიტორებზეა გათვლილი ახალი ტურისტული სივრცე და რა დატვირთვას ელოდებით?
პროექტი გათვლილია როგორც საერთაშორისო ტურისტებზე, ისე ადგილობრივ ვიზიტორებზე. წარმოადგენს დედაქალაქის სახეს და მთავარ მიზიდულობის ცენტრს.
ჩვენი მიზანია, საქართველოში ჩამოსული ყველა ვიზიტორი ესტუმროს ანძას, როგორც დედაქალაქის სიმბოლოს და მიიღოს უნიკალური გამოცდილება.
რა გავლენას მოახდენს პროექტი თბილისის ტურისტულ მიმზიდველობაზე და რა გეგმები აქვს KASS Group-ს ანძის პროექტის დასრულების შემდეგ?
ჩვენი ხედვით, თბილისის ანძას გახდება თბილისის სიმბოლო და ქალაქის ერთ-ერთი მთავარი მიზიდულობის ცენტრი.
ჩვენი ხედვით, თბილისის ანძა ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ტურისტული მიზიდულობის ცენტრი გახდება. ანძიდან გადაშლილი ხედები სტუმრებს თბილისის უნიკალური ლანდშაფტის სრულიად განსხვავებული კუთხით დანახვის შესაძლებლობას მისცემს. გვჯერა, რომ ეს გამოცდილება კიდევ უფრო გაზრდის თბილისის ტურისტულ მიმზიდველობას.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, Kass Group გააგრძელებს საქართველოში ტურიზმის, სტუმარმასპინძლობისა და ინოვაციური ტურისტული ინფრასტრუქტურის მიმართულებით ახალი შესაძლებლობების განვითარებას.