„ქართული ორნამენტი“ ინტერიერის დიზაინის მიმართულებას ავითარებს
დავიწყეთ ახალი პროექტი - დიზაინ სტუდიო, რომელიც კედლის დეკორებს მოიცავს , - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს „ქართული ორნამენტის“ წარმომადგენელმა ინა სოხაძემ განუცხადა.
„დავიწყეთ ახალი პროექტი - დიზაინ სტუდიო, რომელიც კედლის დეკორებს მოიცავს. ეს არის შპალერის ალტერნატივა, თუმცა რეალურად არა შპალერი, არამედ დეკორატიული კედელი. ამ მიმართულებით ნაწილობრივ გადავინაცვლეთ ინტერიერის დიზაინშიც.
დავიწყეთ საერთაშორისო გაყიდვები ჩვენი საიტის გამოყენებით დაახლოებით ნახევარი წელია. საიტის კონცეფციას ეტაპობრივად ვცვლით - გვინდა, ის მხოლოდ გაყიდვების პლატფორმა არ იყოს და უფრო მეტად არტ პლატფორმას დაემსგავსოს.
საიტზე უკვე ქვეყნდება სხვადასხვა საინტერესო ინფორმაცია ორნამენტისა და ხელოვნების შესახებ. უახლოეს მომავალში დაემატება მცირე ონლაინ კურსები და ასევე ხელმისაწვდომი იქნება შემეცნებითი ტესტები. საერთო ჯამში, ვცდილობთ ჩვენი მუშაობა უფრო არტ-პლატფორმის მიმართულებით განვავითაროთ “, - აცხადებს ინა სოხაძე.
ბოლო პერიოდის განმავლობაში პროდუქციაზე მოთხოვნა მზარდი აღარ არის და სტაბილურ ნიშნულზეა შენარჩუნებული.
„მოთხოვნა საქართველოში ამ ეტაპზე მზარდი აღარ არის - ბოლო პერიოდში გაყიდვები და მოთხოვნა სტაბილურ ნიშნულზეა. პირველი ორი წლის განმავლობაში ზრდის ტენდენცია ფიქსირდებოდა, თუმცა ახლა უკვე იგივე დონეზეა შენარჩუნებული. ვფიქრობთ, ეს შესაძლოა განპირობებული იყოს იმით, რომ პატარა ბაზარი ვართ შესაბამისად, ჩვენი მომხმარებლის სეგმენტი უკვე კარგად არის ათვისებული.
სამომავლოდ, ასორტიმენტის გაფართოება კვლავ გეგმაში გვაქვს, განსაკუთრებით ინტერიერის მიმართულებით. გარდა ამისა, საგანმანათლებლო კუთხითაც ვმუშაობთ. ამჟამად, ვამზადებთ გამოფენას Ambavi Creators -თან ერთად, რომელიც ციფრული მიმართულებით მუშაობს. მათთან თანამშრომლობით ვქმნით გამოფენას სახელწოდებით „ორნამენტი“ “, - აღნიშნავს კომპანიის წარმომადგენელი.
ინფორმაციისთვის, პროდუქცია ადგილობრივი ნედლეულით იქმნება. „ქართული ორნამენტი“ 100%-ით ქართულია.
სხვა სიახლეები
Fredo Handmade საერთაშორისო ბაზარზე პოზიციების გაძლიერებას გეგმავს
12.06.2026.18:00
Fredo Handmade არის ხელნაკეთი ჩანთების, აქსესუარებისა და სამკაულების მწარმოებელი ბრენდი, რომელიც ბაზარზე ცხრა წელია ოპერირებს. კომპანიაში არსებულ სიახლეებსა და განვითარების მიმართულებებზე Business Insider Georgia ბრენდის დამფუძნებელს, სოფი უზნაძეს ესაუბრა.
რა სიახლეები აქვს დღეს Fredo Handmade-ს და როგორია მომხმარებლების გამოხმაურება ახალ კოლექციაზე?
Fredo Handmade უკვე 9 წელია ქმნის უნიკალურ, ხელნაკეთ ხის ჩანთებს, რომლებიც აერთიანებს ქართულ ხელოვნებასა და თანამედროვე დიზაინს. მუდმივად ვმუშაობთ ახალი მოდელების, ფერებისა და პერსონალიზაციის შესაძლებლობების დამატებაზე, რათა თითოეული ჩანთა მომხმარებლისთვის განსაკუთრებული იყოს. ახალი კოლექცია ძალიან დადებითად მიიღეს როგორც ქართველმა, ისე უცხოელმა მომხმარებლებმა. განსაკუთრებით მოსწონთ პროდუქტის ორიგინალურობა, ხარისხი და ის ფაქტი, რომ თითოეული ჩანთა ინდივიდუალური ხელწერით იქმნება.
როგორ შეიცვალა მოთხოვნა და რომელი პროდუქტებია ამ ეტაპზე ყველაზე პოპულარული?
ბოლო წლებში მომხმარებლები უფრო მეტად ეძებენ განსხვავებულ და გამორჩეულ აქსესუარებს, რაც ხელნაკეთი პროდუქციის მიმართ ინტერესის ზრდაშიც აისახა. დღეს ყველაზე მოთხოვნადია ჩვენი ხის ჩანთები, განსაკუთრებით პერსონალიზებული მოდელები, რომლებზეც მომხმარებლებს შეუძლიათ საკუთარი სურვილის მიხედვით დაამატონ წარწერები ან დიზაინის ელემენტები. დიდი პოპულარობით სარგებლობს ასევე სასაჩუქრე შეფუთვა, ბრენდირებული ხის ყუთები, რომლებიც პროდუქტის ღირებულებას კიდევ უფრო უსვამს ხაზს.
რა ტენდენციებს ხედავთ ბაზარზე და როგორ პასუხობს Fredo Handmade მომხმარებლის მოთხოვნებს?
დღევანდელ ბაზარზე განსაკუთრებით აქტუალურია ეკომეგობრული, ხელნაკეთი და პერსონალიზებული პროდუქცია. მომხმარებლებს სურთ ნივთები, რომლებიც მასობრივ წარმოებაში არ გვხვდება და მათ ინდივიდუალობას გამოხატავს. Fredo Handmade სწორედ ამ მიმართულებით ვითარდება. ვიყენებთ ბუნებრივ მასალებს, ვქმნით მცირე რაოდენობის უნიკალურ კოლექციებს და მომხმარებელს ვაძლევთ შესაძლებლობას, თავად მიიღოს მონაწილეობა საკუთარი პროდუქტის დიზაინის შექმნაში.
რა არის კომპანიის სამომავლო გეგმები და განვითარების ხედვა?
ჩვენი მიზანია Fredo Handmade კიდევ უფრო ფართოდ გავაცნოთ საერთაშორისო ბაზარს და გავაძლიეროთ ქართული ხელნაკეთი პროდუქციის პოზიციები უცხოეთში. პარალელურად, ვმუშაობთ ახალი კოლექციების შექმნაზე, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებაზე. გვინდა, რომ Fredo Handmade ასოცირდებოდეს ხარისხთან, ორიგინალურობასთან და ქართულ ხელოვნებასთან, ხოლო ჩვენი თითოეული პროდუქტი მომხმარებლისთვის განსაკუთრებულ ემოციას ქმნიდეს.
ინფორმაციისთვის, ბრენდი მომხმარებლებს სთავაზობს როგორც მზა დიზაინებს, ასევე ინდივიდუალურ შეკვეთებს, რაც თითოეულ ჩანთას უნიკალურობას ანიჭებს. პროდუქციის შეძენა ონლაინ არის შესაძლებელი.