ქართული პრაქტიკა, საერთაშორისო გამოცდილება და ახალი ტექნოლოგიები ერთ საგანმანათლებლო სივრცეში - რას სთავაზობს „მართვის აკადემია“ მომხმარებლებს
„მართვის აკადემია“ ლიდერების განვითარების მიმართულებით პროგრამების განახლებას, თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციასა და საერთაშორისო გამოცდილების ქართულ რეალობაზე მორგებას აგრძელებს. მიმდინარე სიახლეების, მოთხოვნადი მიმართულებებისა და სამომავლო გეგმების შესახებ Business Insider Georgia-ს აკადემიის თავმჯდომარეს ქეთი ტყავაძე ესაუბრა.
რა მნიშვნელოვანი სიახლეები აქვს „მართვის აკადემიას“ მიმდინარე პერიოდში?
15 წელზე მეტია, რაც მართვის აკადემია“ საქართველოში ლიდერების განვითარების მიმართულებით მუშაობს. ამ დროის განმავლობაში ჩვენს პროგრამებში მონაწილეობა 17 000-ზე მეტმა პროფესიონალმა მიიღო 500-ზე მეტი ორგანიზაციიდან. ეს საკმაოდ დიდი რიცხვია, როდესაც ასეთი მცირე ქვეყნის მენეჯერულ პოზიციებზე მომუშავე ადამიანებზე ვსაუბრობთ. თუმცა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელი არა მონაწილეების რაოდენობა, არამედ მათი ნდობა და ის შედეგებია, რომელსაც ტრენინგის შემდეგ აღწევენ.
რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე მუდმივი განვითარებაა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ყველაზე მოთხოვნადი პროგრამა „ლიდერობის ხელოვნება“ (ყოფილი „მართვის თანამედროვე მეთოდები“). უკვე 10 წელზე მეტია ტარდება და სექტემბერში ღია ჯგუფის 86-ე ნაკადს ვიწყებთ, გვყავს მონაწილეები, რომლებმაც კურსი ორჯერ და სამჯერაც გაიარეს. 20-ზე მონაწილე რამდენიმე წლის ინტერვალით მეორედ დაგვიბრუნდა, ხოლო ზოგმა პროგრამა უკვე მესამედაც გაიარა. ჩვენი აზრით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ მონაწილეების ძირითადი ნაწილი ჩვენთან სწორედ რეკომენდაციით მოდის. ხშირად ტრენინგს თავად ორგანიზაციის ხელმძღვანელი ესწრება, რის შემდეგაც პროგრამაზე საკუთარი გუნდის მენეჯერებს აგზავნის ან კომპანიისთვის ცალკე კორპორატიულ ტრენინგს გვიკვეთავს. ხშირია შემთხვევებიც, როდესაც ჩვენი კურსდამთავრებულები პროგრამას მეგობრებსა და კოლეგებს ურჩევენ. ვფიქრობ, ასეთი ნდობა ყველაზე ობიექტური შეფასებაა ნებისმიერი საგანმანათლებლო პროგრამისთვის.
ვფიქრობ, ეს ძალიან ბევრს ამბობს თავად პროგრამაზე. ადამიანები ერთსა და იმავე ტრენინგზე მხოლოდ მაშინ ბრუნდებიან, ან ასეთ რეკომენდაციას მხოლოდ მაშინ უწევენ, როდესაც ის რეალურად ეხმარებათ პროფესიულ განვითარებაში. ამ მიმართულებით ჩვენს წარმატებას რამდენიმე მიზეზი აქვს: ერთი მხრივ, პროგრამა მაქსიმალურად პრაქტიკულია და მონაწილეებს ყოველდღიურ საქმიანობაში ეხმარება, მეორე მხრივ, ის მუდმივად იცვლება და ვითარდება - ყოველ ახალ ნაკადში ემატება ახალი, თანამედროვე მიდგომები და პრაქტიკული ინსტრუმენტები, ამასთან ერთად, თითოეულ ჩვენს ტრენერს 15–20-წლიანი პრაქტიკული გამოცდილება აქვს სწორედ იმ სფეროში, რომელსაც ასწავლის, რის გამოც ტრენინგი რეალურ გამოცდილებასა და პრაქტიკულ მაგალითებს ეფუძნება და არა მხოლოდ თეორიას.
„ლიდერობის ხელოვნება“ დღეს მაღალი მოთხოვნის მქონე ლიდერობის პროგრამაა საქართველოში. ტრენინგი აგებულია რეალურ ქართულ ბიზნესქეისებზე, პრაქტიკულ სავარჯიშოებზე, გუნდურ მსჯელობაზე და რეალურ დროში შედეგების გაუმჯობესებაზე. თითოეული თემის ბოლოს მონაწილეები საკუთარ სამოქმედო გეგმას ადგენენ და მიღებულ ცოდნას კურსის მიმდინარეობის პარალელურად ნერგავენ სამუშაო გარემოში.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ტრენინგი ლექციების მოსმენა არ იყოს. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ მონაწილემ თითოეულ საკითხზე თქვას “ზუსტად ვიცი რას ვაკეთებ” და არა “საინტერესოა, მაგრამ ჩემს შემთხვევაში არ ვიცი…”. თითოეულ მონაწილეს შეუძლია ტრენინგის განმავლობაში ტრენერთან ინდივიდუალურადაც განიხილოს საკუთარი პროფესიული გამოწვევები და მიიღოს დამატებითი რეკომენდაციები, თუ არ სურს მათი ჯგუფში განხილვა.

განსაკუთრებით გვახარებს ისიც, რომ ჩვენი მონაწილეების გამოკითხვების მიხედვით, აბსოლუტური უმრავლესობა აღნიშნავს, რომ პროგრამა პრაქტიკულია, ქართულ რეალობას არის მორგებული და რეკომენდაციას უწევს კურსს.
როგორ შეიცვალა მოთხოვნა თქვენს სასწავლო პროგრამებზე და რომელი მიმართულებებია დღეს ყველაზე მოთხოვნადი?
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აშკარად შეიცვალა ბიზნესის მოთხოვნები. თუ ადრე კომპანიები ძირითადად ცოდნის მიღებაზე აკეთებდნენ აქცენტს, დღეს მათთვის მთავარი საკითხია, როგორ გადაიქცეს ეს ცოდნა რეალურ შედეგებად.
სწორედ ამიტომ, ყველაზე დიდი მოთხოვნა გვაქვს ლიდერობის, პროექტების მართვის, ეფექტური კომუნიკაციის, მოლაპარაკებების, ცვლილებების მართვისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით.
ჩვენი საქმიანობის ძირითადი ნაწილი კორპორატიული ტრენინგებია, სადაც პროგრამას სრულად ვარგებთ კონკრეტული ორგანიზაციის მიზნებს, კულტურასა და გამოწვევებს. პარალელურად, ღია ჯგუფებში ვატარებთ ისეთ გრძელვადიან პროგრამებს, როგორიცაა „ლიდერობის ხელოვნება“, ასევე სხვადასხვა თემაზე პრაქტიკულ მასტერკლასებს.
პროგრამების განვითარებისას ორ ძირითად პრინციპს ვეყრდნობით.
პირველი არის ქართული რეალობა - მუდმივად ვიკვლევთ, რა გამოწვევები უჩნდებათ ქართულ კომპანიებსა და მათ ლიდერებს. მაგალითად, ბოლო პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა მრავალთაობიანი გუნდების მართვა, განსაკუთრებით კი Gen Z-ის თანამშრომლებთან ეფექტური თანამშრომლობა, მათი მოტივაცია და მართვის თანამედროვე მიდგომები.
მეორე მიმართულება კი საერთაშორისო გამოცდილებაა. მე, როგორც რამდენიმე უნივერსიტეტის ლექტორი, მუდმივად ვეცნობი უახლეს კვლევებს, ვმონაწილეობ საერთაშორისო სასწავლო პროგრამებსა და ტრენინგებში. რამდენიმე თვის წინ დავასრულე ჰარვარდის ლიდერობის სასერტიფიკატო პროგრამა. მიღებული ცოდნა ჯერ პრაქტიკაში გამოვცადე, შემდეგ კი ის საკითხები, რომლებიც ქართული კომპანიებისთვის ყველაზე აქტუალური აღმოჩნდა, უკვე „ლიდერობის ხელოვნების“ პროგრამაში დავაინტეგრირეთ.
სწორედ ეს ორი მიმართულება - ქართული პრაქტიკა და საერთაშორისო საუკეთესო გამოცდილება - გვაძლევს საშუალებას, პროგრამები მუდმივად თანამედროვე და აქტუალური იყოს.

მზარდი მოთხოვნაა ასევე PMP® (Project Management Professional) სასერტიფიკატო გამოცდისთვის მოსამზადებელ პროგრამაზე, სადაც ჩვენი მენტორობით უკვე 300-ზე მეტმა ადამიანმა მოახერხა ურთულესი გამოცდის წარმატებით ჩაბარება და საერთაშორისო პროექტის მართვის პროფესიონალის ტიტულის მოპოვება.
მაღალია მოთხოვნა ჰიბრიდულ პროგრამებზეც (ვიდეო ტრენინგების და ფიზიკური შეხვედრების კომბინაცია) და LMS (Learning Management Systems) პროგრამაზე / აპლიკაციაზე, რომელიც მოიცავს სხვადასხვა თემატიკის ქართულ ვიდეო კურსებს. ამ ტიპის ტექნოლოგიურ პროდუქტებს ჩვენი მეორე კომპანიით Flowmaster-ით ვავითარებთ.
რა როლი აქვს თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ხელოვნურ ინტელექტს სასწავლო პროცესში?
დღეს ხელოვნური ინტელექტის უგულებელყოფა უკვე ტექნოლოგიური ჩამორჩენა კი არა, პროფესიული უკუსვლაა.
ამიტომ AI ჩვენთვის ცალკე თემა აღარ არის - ის სრულად ინტეგრირებულია სწავლების პროცესში.
ერთი მიმართულებაა სპეციალური პრაქტიკული პროგრამები, სადაც ხელმძღვანელებსა და პროფესიონალებს ვასწავლით, როგორ გამოიყენონ AI ყოველდღიური პროდუქტიულობის გასაზრდელად, უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად და გუნდის ეფექტურად სამართავად. ამ პროგრამას პერიოდულად მოკლე მასტერკლასის ფორმატითაც ვატარებთ, თუმცა ძირითადი მაინც კონკრეტულ დამკვეთ კომპანიაზე მორგებული პროგამის შედგენა და ჩატარებაა.
მეორე მიმართულება კი არის AI-ის ინტეგრირება არსებულ პროგრამებში.
მაგალითად, „ლიდერობის ხელოვნების“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოდულია ეფექტური უკუკავშირი. ტრადიციული მეთოდების პარალელურად მონაწილეები სწავლობენ, როგორ გამოიყენონ თანამედროვე AI ინსტრუმენტები უკუკავშირის მოსამზადებლად, რთული საუბრების გასავარჯიშებლად, საკუთარი კომუნიკაციის გასაანალიზებლად და სხვადასხვა რთული სიტუაციის წინასწარ დასამუშავებლად.
ჩვენ გვჯერა, რომ თანამედროვე ლიდერმა უნდა იცოდეს არა მხოლოდ მართვის პრინციპები, არამედ ისიც, როგორ გამოიყენოს თანამედროვე ტექნოლოგიები საკუთარი გუნდის შედეგების გასაუმჯობესებლად.

მუშაობთ თუ არა ახალ პარტნიორობებზე ან საერთაშორისო თანამშრომლობებზე?
საერთაშორისო მიმართულებით ორი მთავარი პრიორიტეტი გვაქვს.
პირველი არის მსოფლიოში არსებული საუკეთესო პრაქტიკების მუდმივი შესწავლა და იმ ცოდნის საქართველოში შემოტანა, რომელიც რეალურად შეესაბამება ადგილობრივი ორგანიზაციების საჭიროებებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა უცხოური მოდელების პირდაპირ გადმოტანა, არამედ მათი ქართულ რეალობასთან ადაპტირება, რადგან სწორედ ეს ქმნის პრაქტიკულ ღირებულებას ჩვენი მონაწილეებისთვის.
ამ მიდგომიდან გამომდინარე, წლების განმავლობაში არაერთი შეთავაზება მიგვიღია საერთაშორისო, მათ შორის, ძალიან მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციებისგან, მათი სასწავლო პროგრამების საქართველოში მათი სახელით განხორციელების შესახებ. თუმცა, ხშირ შემთხვევაში ასეთი თანამშრომლობა გულისხმობს სტანდარტიზებული პროგრამის უცვლელად ჩატარებას, მაშინ როცა ჩვენი მთავარი პრინციპია, რომ სწავლება პასუხობდეს იმ რეალურ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც ქართული კომპანიები და ლიდერები ყოველდღიურად დგანან.
მეორე მნიშვნელოვანი მიმართულებაა პროექტების მართვის საერთაშორისო სტანდარტების განვითარება საქართველოში. ამ მიმართულებით უკვე წლებია წარმატებით ვახორციელებთ PMP® სასერტიფიკატო გამოცდისთვის მოსამზადებელ პროგრამას და მუდმივად ვანახლებთ მას საერთაშორისო PMI-ის მეთოდოლოგიისა და თანამედროვე პრაქტიკის შესაბამისად.

რაც შეეხება ჩვენი პროდუქტების გატანას საერთაშორისო ბაზარზე, აქტიურად ვთანამშრომლობთ უცხოურ კომპანიებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ინგლისურენოვანი ტრენინგების მიმართულებით. ამასთანავე, ჩვენი ტექნოლოგიური კომპანია Flowmaster მუშაობს თანამედროვე ციფრულ საერთაშორისო საგანმანათლებლო პროდუქტებზე.
გვჯერა, რომ საუკეთესო საერთაშორისო ცოდნა მხოლოდ მაშინ ქმნის რეალურ შედეგს, როდესაც ის ადგილობრივ რეალობას, კულტურასა და ბიზნესგარემოს არის მორგებული. სწორედ ეს არის „მართვის აკადემიის“ განვითარების ერთ-ერთი მთავარი პრინციპი.
რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?
ჩვენი მიზანი მხოლოდ ტრენინგების ჩატარება არასოდეს ყოფილა. ჩვენი მიზანია, საქართველოში თანამედროვე ლიდერობის და მართვის კულტურის განვითარებაში შევიტანოთ რეალური წვლილი.
ჩვენ არასოდეს ვსვამთ კითხვას - „რომელი ტრენინგი შევქმნათ?“ ჩვენ ვსვამთ კითხვებს - „რა ახალი გამოწვევების წინაშე დგანან დღეს ორგანიზაციები? რა ახალი მიდგომები, ინსტრუმენტები და ტექნოლოგიები შეიძლება დაეხმაროს მათ წარმატებაში? და როგორ შეგვიძლია ეს ყველაფერი ქართულ რეალობას მოვარგოთ?“
სწორედ ეს არის ჩვენი განვითარების მთავარი მიმართულებაც - ბიზნესის მუდმივად ცვალებად გამოწვევებზე დროული და პრაქტიკული პასუხების შექმნა.

სხვა სიახლეები
Global Finance-მა საქართველოს ბანკი ყველაზე ინოვაციურ ციფრულ ბანკად დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
26.08.2026.15:22
საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემა Global Finance-მა საქართველოს ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე ინოვაციურ ციფრულ ბანკად დაასახელა. ჯილდოები ბანკს „მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების“ (World’s Best Digital Banks) 2026 წლის დაჯილდოების ფარგლებში გადაეცა. გარდა ამისა, ბანკმა მიიღო ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკის ჯილდო ბიზნესის მიმართულებით, ქვეყნის მასშტაბით. ჯამში კი ბანკმა პირველ რაუნდში 33 ნომინაციაში გაიმარჯვა როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით სამომხმარებლო და ბიზნეს მიმართულებებით.
ბანკის ინოვაციური მიდგომა გულისხმობს მომხმარებლისთვის იმ სერვისებზე წვდომის გამარტივებას, რომელთა მიღებაც მანამდე სპეციალისტის ჩართულობას ან ფილიალში ვიზიტს მოითხოვდა. ამის მაგალითია საინვესტიციო ანგარიშის ერთ წუთზე ნაკლებ დროში გახსნის ან ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე აქციის 1 დოლარიდან შეძენის შესაძლებლობა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკმა მომხმარებლებს კრიპტოთი ვაჭრობაც შესთავაზა მობილბანკში, სადაც დღეს 100-მდე სხვადასხვა კრიპტო აქტივია ხელმისაწვდომი.
ბანკის მიერ შემუშავებული ხელოვნური ინტელექტის ასისტენტი მომხმარებელთა მომართვების 72%-ს ოპერატორის ჩარევის გარეშე, 91%-იანი კმაყოფილების მაჩვენებლით აგვარებს. ამასთან, „შემდეგი საუკეთესო შეთავაზების“ (Next-Best-Offer) სისტემა 150-ზე მეტ ქცევით ცვლადს აანალიზებს და მომხმარებლებს საკუთარ ინტერესებზე მორეგებულ პროდუქტებს სთავაზობს. საქართველოს ბანკის Ads მენეჯერი ბიზნესებს 1.9 მილიონ მომხმარებელთან აკავშირებს. ღია API პლატფორმა (api.bog.ge) კი ფინტექ კომპანიებსა და ERP პლატფორმებს ბანკის სერვისების პირდაპირი ინტეგრაციის საშუალებას აძლევს.
„ჩვენი მიზანია, მომხმარებლებისთვის ფინანსური სერვისები კიდევ უფრო მარტივი, ხელმისაწვდომი და მათ საჭიროებებზე მორგებული გავხადოთ. Global Finance-ის მიერ ყველაზე ინოვაციურ ციფრულ ბანკად აღიარება სწორედ ამ მიდგომის წარმატებას ადასტურებს. ჩვენ მუდმივად ვქმნით და ვავითარებთ პროდუქტებსა და სერვისებს, რომლებიც მომხმარებლებს ყოველდღიური ფინანსების უფრო მარტივად მართვაში ეხმარება, აძლევს ახალ შესაძლებლობებს და ციფრულ გამოცდილებას უფრო პერსონალიზებულს ხდის. ეს აღიარება ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ინოვაცია მხოლოდ ახალი ტექნოლოგიის დანერგვა არ არის - ის მომხმარებლის რეალური საჭიროებების უკეთ გაგებასა და მათთვის პრაქტიკული ღირებულების შექმნას ნიშნავს“, - განაცხადა გიორგი ვახტანგიშვილმა, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.
Global Finance-ი მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებს უკვე 27-ე წელია ავლენს. გამარჯვებულები ვლინდებიან ისეთი კრიტერიუმებით, როგორებიცაა: ციფრული მომხმარებლების მოზიდვისა და მომსახურების სტრატეგიის სიძლიერე, მომხმარებლების მიერ ციფრული სერვისების გამოყენების მაჩვენებელი, ციფრული მომხმარებლების ზრდა, პროდუქტების მრავალფეროვნება, ვებ/მობილური პლატფორმების დიზაინი და ფუნქციონალი და სხვა. გამარჯვებულებს ტექნოლოგიური და საკონსულტაციო გლობალური ლიდერი კომპანიის, Infosys-ის ექსპერტებისგან შემდგარი ჟიური აფასებს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი Global Finance-ის რედაქტორები იღებენ. გამოცემა 1987 წელს დაარსდა და 193 ქვეყანაში 50,000-ზე მეტ მკითხველს აერთიანებს. იგი რეგულარულად აჯილდოებს საუკეთესო ბანკებსა და ფინანსური სერვისების სხვა პროვაიდერებს. მისი ჯილდოები გლობალური ფინანსური საზოგადოებისთვის სანდოობისა და მაღალი სტანდარტის ნიშნად ითვლება.